“თბილისი ენერჯიმ” კომერციული გაზი 24 თეთრით გააძვირა. ახლა ბუნებრივი აირი 1 ლარი და 10 თეთრი ღირს. გაძვირებული ტარიფი არ შეეხება პურის საცხობებს.
„თბილისი ენერჯის“ განმარტებით, ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდის მიზეზი ლარის კურსის გაუფასურებაა, რის გამოც თავადაც გაეზარდა გაზის შესყიდვის გადასახადი.
კომერციული სექტორის აზრით, „თბილისი ენერჯის“ მონოპოლისტური მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ ეს ახსნა საკმარისი არაა და გაძვირების ფაქტი უფრო მეტ კონკრეტიკას საჭიროებს.
კომერციული სექტორის გარდა, გაზის ტარიფის გაძვირება მოულოდნელი აღმოჩნდა ეკონომიკის მინისტრისთვისაც. ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა აუცილებლად მოიკვლევს, რატომ მოხდა ტარიფის გაზრდა. მისივე თქმით, მოსახლეობას ბუნებრივ აირზე დაწესებული გადასახადი არ გაუძვირდება:
“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გაზის ნაწილში მოსახლეობის მიმართულებით არ ველოდებით გაძვირებას და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციულ ფასებს, როგორ გაყიდის კომერციულ სექტორზე თბილისი ენერჯი გაზს, ეს არ არის რეგულირებადი და ეს მათი ბიზნესის ნაწილია, თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით. მართლაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ, ეს არის თბილისის უწყვეტი მომარაგება უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით. აუცილებლად შევხვდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი გეგმები და რამდენად ეყრდნობა ეს რეალურ გარემოებებს და რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და რამდენად აუცილებელი არის ახლა, საკმაოდ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა. ჩვენ ამაზე მათთან გვექნება კომუნიკაცია,”
“ალია” შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი აირის ტარიფს სემეკი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ადგენს, შესაბამისად, უცნობია, რის საფუძველზე აცხადებს მინისტრი ასე დარწმუნებით, რომ გაზის გადასახადი მოსახლეობისთვის არ გაიზრდება.
კომენტარები