ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავსტრიაში. ქ. ინსბრუკში მომუშავე ქართველ ექიმს, ირმა კვიცარიძეს პასუხობს ღია წერილით, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ:
„ქალბატონო ირმა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ. სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია აგრეთვე, რომ „პროფესიულ ჩარჩოებში ჩემთან დებატები“ გადაიფიქრეთ. ვფიქრობ, ისედაც კარგად იციან საქართველოშიც და მსოფლიოშიც, ვინ ვარ მე და ვინ ბრძანდებით თქვენ და ვის რა დამსახურება გვაქვს.
მინდა მხოლოდ ერთი განცხადება გავაკეთო. ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერ დამისახელებს ვერცერთ შემთხვევას, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე მე პირველმა გამოვაქვეყნე პოსტი ან სხვა რაიმე ფორმით გამოვხატე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება რომელიმე ჩემი კოლეგის ან ვინმე სხვის მიმართ. ასეთი პრეცედენტი ბუნებაში არ ყოფილა. ყველა ჩემი კრიტიკული პოსტი, თუ შეფასება ყოველთვის იყო პასუხი, მხოლოდ და მხოლოდ პასუხი რომელიმე ჩემი კოლეგის ან არაკოლეგის მიერ ჩვენს საექიმო საქმიანობაზე აუგის თქმაზე. არა აქვს მნიშვნელობა პირადად ჩემი სახელი და გვარი იყო დასახელებული, თუ როგორც ამბობენ „კოლმეურნეობის თავმჯდომარის“.
ამასთან, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყველა ჩემი პასუხი და განმარტება ყოფილიყო ობიექტური და მაქსიმალურად არგუმენტირებული (ვფიქრობ, სწორედ ეს აღიზიანებს ჩემს ოპონენტებს) და ამასთან არასოდეს მიმიმართავს პიროვნული შეურაცხყოფისთვის და არაკორექტული, მით უმეტეს, ვინმეს ღირსების შემლახავი გამოთქმებისთვის“
კომენტარები