სამართალდამცავებმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი მოტყუებით იყენებდნენ ცნობილი ადამიანების სახელებს, თითქოს და ისინი ვიზების დამზადებაში ეხმარებოდნენ. ფარულ ჩანაწერში ისინი ახსენებენ პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და ტელეწამყვან გიორგი ჯაჯანიძის სახელებს.
დაკავებული მამაკაცი მომღერალ ღონისძიებების ორგანიზატორი და მომღერალი ჯიმი მაქაცარიაა
მაქაცარიას ადვოკატის განცხადებით, მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, რის გამო დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი. როგორც ნანა ფილაური აცხადებს, მაქაცარია საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით გუშინ დაიბარეს, თუმცა იქ მისვლის შემდეგ უკან აღარ გამოუშვეს.
რაც შეეხება ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს, მისი განცხადებით აღნიშნული ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბოლო პერიოდში უამრავი ზარი შედიოდა მასთან, რომლის ავტორებიც ეუბნებოდნენ, რომ აღნიშნული თანხა ძალიან დიდი იყო და მის დაწევას სთხოვდნენ. გია ჯაჯანიძე “AMBEBI.GE”-თან საუბრობს:
გია ჯაჯანიძე: “ეს ამბავი დიდი ხანია ვიცოდი, თავიდან შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო. ხშირად თანხის დაკლებაზეც კი დაურეკავთ, იმდენად გავრცელებული იყო ეს თემა. დავიწყე გამოძიება, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ რას მივაკვლევდი. დღეს რომ დამირეკეს ჟურნალისტებმა, მითხრეს, რომ დაკავებულები არიან.
თავიდან მართლა შოკში ჩავვარდი, რა ვიზა, ერთხელ ქალმა რომ დამირეკა, ვკითხე, რა გითხრეს, რამდენს ვიღებ-თქო და 20 ათას დოლარს და იქნებ დამიკლოო. ბოლო დროს ამერიკის ელჩთან ჩავწერე ინტერვიუ ხარაგაულში და რომ ნახეს ტელევიზიით, უფრო დაიჯერეს. ვუხსნიდი ამ ხალხს, ასეთი რამე როგორ შეიძლება, ჩვენც რომ მივდივართ, „იმედი“ ამოწმებს-თქო საბუთებს. ბოლოს აღარც ვნერვიულობდი, ველოდებოდი, რომ ვინმეს დაიჭერდნენ და გაირკვეოდა ეს ადამიანი. აქვე ვიცი, რომ მარტო ჩემზე არა, ბევრ სხვა პოპულარულ ადამიანზეც ამბობდნენ, რომ ეხმარებოდნენ ვიზის გაკეთებაში.
ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია სამართალდამცავი ორგანოებიდან, სიამოვნებით დამკითხონ. კი არ უნდა ვამბობდე, რომ ადამიანის დაჭერა გამიხარდა, მაგრამ რაც მე სტრესი გადავიტანე…
ნოე სულაბერიძე: “მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ პირველად გავიგე ამ თემაზე, ჩემამდე არავინ მოსულა და არვის დაურეკავს. მიხარია, რომ ჩემ სახელსა და რეპუტაციას ზიანი არ მიადგა და ყველაფერი გამოაშკარავდა. არ ვიცნობ მაგ დაკავებულ ადამიანს, მითხრეს, რომ გია სურამელაშვილის ყოფილი პროდიუსერიაო. სურათზე რომ მაჩვენეს, ვერ ვიცანი”.
კომენტარები