პარლამენტი პირველ სხდომას 8 დეკემბერს გამართავს (ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობის დეპუტატებს სწორედ ეს თარიღი მიუვიდათ შიდა ჩატში), როგორც გვეუბნებიან, პირველ სხდომაზე პარლამენტში მხოლოდ უმრავლესობა მივა და ოპოზიცია ქუჩაში გააპროტესტებს, თუმცა შემდეგ, როცა ბიუჯეტის განხილვა დაიწყება, სწორედ ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის საბაბით, „ოცნებას“ რამდენიმე პარტია შეუერთდება და პარლამენტიც შედგება. ანუ, ვადამდელი არჩევნები ჩანასახშივე გამორიცხულია და ამის შესახებ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად იციან.
„რეალურად, ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, როგორ შევიდეს პარლამენტში ისე, რომ ეს ყველაფერი ლამაზად წარმოაჩინოს. საამისოდ, ბიუჯეტის განხილვა ძალიან კარგი საბაბია და პირველი, რასაც ახალი პარლამენტი დაიწყებს, სწორედ ბიუჯეტის განხილვაა. დებატები ერთი შეხედვით მწვავე იქნება, თუმცა მთავარი ეს არ გახლავთ, მთავარია, პარლამენტი მრავალპარტიული იყოს და ამას მიაღწევენ. ამერიკის ელჩმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრა იმიტომ გამართა, რომ მას უთხრეს, ყველა ერთ აზრზე არაა და რამდენიმეს შესვლა სურსო. შესაბამისად, კელი დეგნანმა მათ პარლამენტში შესვლაზე „კურთხევა“ მისცა და თუ დანარჩენები გააპროტესტებენ, კონკრეტული პარტიის ლიდერი იტყვის, რომ ამერიკის ელჩი საქმის კურსშია“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
როგორც გვითხრეს, მოლაპარაკებები მხოლოდ იმ პირებთან არ მიდის, ვინც სიით პარლამენტში მოხვდა, არამედ მათთანაც, ვინც სიის ქვედა ნაწილშია. ანუ, თუ მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ 36 დეპუტატი იტყვის, რომ პარლამენტში არ შედის, სიის მომდევნო წევრები უნდა მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ჰოდა, სწორედ ეს ნაწილი „დაკერა“ ხელისუფლებამ და მათი უმრავლესობა მზად არის, პარლამენტში შევიდეს და 4 წლის განმავლობაში უზრუნველად იცხოვროს. ერთადერთი გამოსავალი ნაციონალურ მოძრაობას პარტიული სიის განულება რჩება, რასაც წესით ვერ იზამს, რადგან ასეთ შემთხვევაში, დაფინანსებასაც დაკარგავს და მხარდამჭერების დიდ ნაწილსაც.
მოკლედ რომ ვთქვათ, ახალ წლამდე მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლება, უბრალოდ ის უნდა ვიფიქროთ, ჩვენ, რიგით ადამიანებს რა გვეშველება, თორემ დეპუტატებს დიდი ხანია ნაშველი აქვთ.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები