„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის ბოლო დროს მონაწილეობდა სამთავრობო გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში, სადაც შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ.
– მძიმე პრობლემაა უფულობა, გაჭირვება, ადამიანთა ფინანსური მდგომარეობა, კიდევ უფრო დამძიმდა და მათ უბრალოდ არ იციან, რითი იკვებონ!
– ეს არის კატასტროფა. უამრავი ადამიანი კითხულობს რა ქნას და ამბობს, რომ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის, უფულობა მოკლავს, თუ ვირუსი. მე ვარ ჯანდაცვის ექსპერტი და ვიცი, რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით, არ ვარ ეკონომისტი და იმედია, გვყავს ეკონომიკური ბლოკიც, რომელიც ამაზე იმსჯელებს და იტყვის, რა არის გასაკეთებელი. თუმცა, აქვე ვიტყვი, მარტივ მაგალითს, მიჰყავს დედას შვილი ექიმთან. ექიმი ეუბნება, რომ სასწრაფოდ გასაკეთებელია ოპერაცია და საჭიროა, ესა და ეს თანხა. კითხულობს დედა, რა მოხდება თუ ამ ფულს ვერ ნახავს და ექიმი პასუხობს, რომ თუ თანხას ვერ იპოვნიან და ოპერაცია არ გაკეთდება, პაციენტი დაიღუპება. რას აკეთებს დედა? მიდის და ყიდის თავის ოქროს ბეჭედს! ჰოდა, ბევრი ოქროს ბეჭედი აქვს სახელმწიფოს, ყოველთვის არსებობს გამოსავალი, თუ სურვილი გაქვს… მე ჯერჯერობით ამ „დედას“ ვერ ვხედავ სახელმწიფოს სახით, ვერ ვხედავ, მზრუნველ დედას, რომელიც ყველაფერს გაყიდის, ვერ ვხედავ, რომ ყველა რესურს იყენებდნენ…. ყველა ვიქნებით დაზარალებულნი, მესმის, მეც დავზარალდი, ძალიან დამაზარალა მეც პანდემიამ. ათჯერ მეტი შემოსავალი მქონდა მანამდე. ორი გზაა სულ პანდემიის შესუსტების, ან ინფიცირდება მოსახლეობის 60-70 პროცენტი, ვირუსი ვეღარ პოულობს გამრავლების გზას და სუსტდება, ან კეტავ ქვეყანას. ჯოგური იმუნიტეტი უნდა დაგეგმო ვაქცინების მიხედვით, სხვა შემთხვევაში, ეს კრიმინალია. ვაქცინის გარეშე ჯოგური იმუნიტეტის დაგეგმვა არის მოსახლეობის გენოციდი!
– რა უნდა ვქნათ? სად არის გამოსავალი?
– ჩვენ გვაქვს სულ 17 000 საწოლი, ჩვენ, 3 მილიონიან ქვეყანას, აქედან რეანიმაციული საწოლი არის – 5 000, ახლა მკითხეთ, რამდენი რეანიმაციული საწოლი აქვს 8,5 მილიონიან შვეიცარიას? – 876! ჩვენ გვაქვს საკმარისი საწოლები, მაგრამ კერძო კლინიკები ასხედან კრუხებივით, არ გვინდა კოვიდიანი პაციენტიო… იმას ვეღარ ხვდებიან, რომ ნებისმიერი დაავადების დროს არ ხარ დაზღვეული კოვიდთან მიმართებაში. ცხელების ცენტრები ამბობენ, არ გვეხება კოვიდიანი პაციენტიო…. გვაქვს რესურსი, გვაქვს, სწორად გამოყენებაა საჭირო მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ 10 დღეში ეს რესურსი აღარ გვექნება…
– მოკლედ შეჯამება რომ გავაკეთო, სახელმწიფომ უნდა დაყიდოს ოქროს ბეჭდები, ანუ, გამოიყენოს ყველა რესურსი, კერძო კლინიკები ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს, 24 დღემდე უნდა გაიზარდოს იზოლაცია… მოსახლეობისთვისაც ხომ არ გაქვთ, რამე ახალი რეკომენდაცია?
– რეკომენდაციები რჩება იგივე – პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა. მცირე გაციების შემთხვევაშიც კი, დავრჩეთ სახლში, იზოლაციაში 24 დღემდე, რათა არავის გადავდოთ. მალე მილიონს მიაღწევს საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი, ძალიან ბევრია ინფიცირებული, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები