აზერბაიჯანულ ტელეარხ LiderTv-ზე, აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აფერ ჰაჯიევმა ქართველებზე ისაუბრა.
მაღალჩინოსანმა ჩამოთვალა აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები – ავარები, ლეზგები (ლეკები), თალიშები და ქართველები და აღნიშნა, რომ ყარაბახის ომის დროს ისინი გაერთიანდნენ.
აფერ ჰაჯიევი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებზე. მინისტრის მოადგილე იხსენებს, რომ ახლახან, ყარაბახის ომში გამარჯვების დღეს იყო კახის რაიონში:
„იქ, თქვენ იცით, ქართველები ცხოვრობენ და ასევე, ზაქათალაში. კახის რაიონის ქართულ სოფელში – ქოთოქლოში შევედი და ვნახე, რომ მთელი სოფელი ზეიმობსო, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები არიან. ასე მითხრეს: ჩვენ გავიმარჯვეთო და გამარჯვებული ქვეყნის ხალხნი ვართო და ა.შ.“
აღსანიშნავია, რომ ზაქათალის რაიონის ქართველებს ისიც გაეხარდათ, რომ ამ რაიონში მცხოვრები ინგილოები აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ტელევიზიით „ქართველებად“ მოიხსენია და ეთნიკურ უმცირესობად დააფიქსირა (საზოგადოდ, როგორც წესი, კახის რაიონისგან განსხვავებით, ზაქათალა-ბელაქნის ეთნიკურ ქართველებს აზერბაიჯანულ მედიაში პრაქტიკულად არ ახსენებენ. მოსახლეობისას აღწერის დროსაც ეთნიკურ ქართველებად ძირითადად მხოლოდ კახის რაიონის მცხოვრებელები ფიქსირდება ხოლმე).
ერთ-ერთ აზერბაიჯანულ ტელეარხზე ცოტა ხნის წინ ასევე, გავიდა სიუჟეტი ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდან ყარაბახის ომში გარდაცვლილ 18 წლის ინგილო ქართველი ჯარისკაცის – ისმაილ ირაპოვისა და მისი ოჯახის შესახებ.
ვიდეო სოციალურ ქსელში, ბექა ბაბალაშვილმა ატვირთა.
კომენტარები