პიანისტი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი, ელისო ბოლქვაძე „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერს, ზვიად ძიძიგურს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მედიაში გავეცანი თქვენს პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც განვლილი 30 წლის ერთგვარ შეჯამებად წარმოგვიდგინეთ, ოპოზიციის რვაწლიანი კრიტიკის მესიჯბოქსი და სტერეოტიპები გაიზიარეთ და ცხადია, მთავარ დამნაშავედ ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანეთ. პრინციპში, ამგვარ ბრალდებებს “ქართული ოცნება” მიჩვეულია – როგორც კი ოპონენტს არგუმენტი უმთავრდება, იწყებს განზოგადებულ საუბარს ივანიშვილის მართვის სტილზე ანუ ხელწერაზე, აგრძელებს არაფორმალური მმართველობით და ასრულებს მისი რუს ოლიგარქად გამოცხადებით.
წერილის მოწერა თქვენდამი პატივისცემამ გადამაწყვეტინა – იშვიათი ბიოგრაფიისა და წარსულის მქონე ადამიანის, რომელიც ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, გახდა ხალხის რჩეული უზენაეს საბჭოში, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, იცავდა პირველ პრეზიდენტს, პრინციპების გამო იჯდა ციხეში და არ შეუწყვეტია ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობა, სადაც ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრობა მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში წახვედით, შეიძლება ითქვას რომ ალბათ იყავით ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კიცხვასა და გმობას იმ სახით, რასაც დიდი ხანია მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან.
დღეს კი, სწორედ ამ განვლილი 30 წლის შესახებ გამოთქვამთ წუხილს, დანანებით კითხულობთ, რაში გაატარა ქვეყანამ ეს დროო. ამ ოცდაათი წლის ბოლო რვა წელიწადი პარლამენტში გაატარეთ, “ქართული ოცნების” ალმის ქვეშ და ვიცე-სპიკერის სავარძელში, ვიდრე შარშან ამ დროს პოსტს დატოვებდით. იმედია, ჯერ კიდევ ვთანხმდებით იმაზე, რომ ის რაც მოხდა 2012 წელს, რამაც შესაძლებელი გახადა ავტორიტარიზმისა და ძალადობის დასრულება, ქართველ ხალხთან ერთად თავისი გამორჩეული წვლილი ბიძინა ივანიშვილსაც მიუძღვის. მისმა გამჭრიახობამ, ალღომ, ორგანიზაციულმა უნარებმა და უდიდესმა სოციალურმა კაპიტალმა და ხალხის ნდობამ შესაძლებელი გახადა ამ ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზისო თავისუფლებების პრაქტიკის დამკვიდრება – დავარქვათ ამას მისი ხელწერა, როგორც თავად ხშირად იმეორებს ხოლმე ამ სიტყვას.
თქვენ, როგორც მახსოვს, არც მასთან და არც მის ხელწერასთან პრობლემა არ გქონდათ, ამიტომაც თავისუფლად გრძნობდით თავს ოცნების შიგნითაც და როცა წასვლა გადაწყვიტეთ, არც ამაში შეუშლია ვინმეს ხელი.
დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვლილს, მე, კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა “ქართულ ოცნებაში” და მაქვს პატივი სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში. ეს ხელწერა იყო, რაც ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ ერთეულებმა ვიცოდით და რაც დღეს საყოველთაოდ ცნობილია – როდესაც ჩემს და თქვენს სამშობლოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც ჩვენივე ხელით დავანგრიეთ სახელმწიფო და არ დავუტოვეთ რესურსი, ეზრუნა ქვეყანაზე და ხალხზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს; ყველგან, სადაც უჭირდა სახელმწიფოს, სადაც აკლდებოდა რესურსი და ყურადღება, ეს ადამიანი უწვდიდა მას ხელს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო კულტურის სფეროში მის მიერ უჩუმრად, პრაქტიკულად, ანონიმურობის ზღვარზე დახარჯული დრო, ენერგია და რესურსია საკმარისი ჩემთვის, რათა მისი ხედვა და ხელწერა გამეგო და გამეთავისებინა. ცხადია, აქ აღარ ჩამოვთვლი კულტურული მემკვიდრეობისა და ცოცხალი კულტურის გადარჩენის მიმართულებით გაკეთებულ საქმეებს, ეს თქვენ ჩემზე არანაკლებ კარგად იცით.
ამიტომ, სიამოვნებით მოვისმენდი კონკრეტულ არგუმენტებს, მკაფიოდ და წერილობითი სახით, სად იყო პრობლემა, რა არ გაკეთდა, რამ არ დაგაკმაყოფილათ, რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა, რისი მიღწევის საშუალებას გვაძლევდა რეალური ვითარება და ვერ გაკეთდა? ზოგადი შეფასებების ნაცვლად, შესაძლებელია კონკრეტული არგუმენტები ჩამოიწეროს და მსჯელობა შესაბამისად განვითარდეს?
სწორედ თქვენგან მაინტერესებს ეს პასუხი, რადგანაც როგორც აღვნიშნე, იმ ერთადერთ ადამიანად იყავით დარჩენილი, რომელმაც ნამუსი შეინარჩუნა და არ შეუერთდა დანარჩენ ოპოზიციას უარგუმენტო ბრალდებებით სავსე და სინდისისგან დაცლილ კრიტიკაში. ნუთუ, ეს გამონაკლისიც აღარ არსებობს? ნუთუ, ოპოზიციაში გადასვლა ამ მანკიერი მეთოდოლოგიის ყველა პოსტულატის უპირობო გაზიარებას მოითხოვს?
ჯერ ისევ 2020 წელია. ალბათ ერთ-ერთი ურთულესი წელიწადი საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოს უახლეს ისტორიაში. ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, რომლის პოლიტიზებასაც პირველი დღიდან ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ორმა მილიონმა ამომრჩეველმა თავისი ნება გამოხატა. ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი ქართულ ოცნებას დაუჭირა, რომელმაც დამოუკიდებლობის 30 წლიან ისტორიაში ერთადერთმა შეძლო მესამე ვადით ძალაუფლების შენარჩუნება. სიძულვილისა და სიმწრისგან დაბრმავებულმა ოპოზიციამ საარჩევნო უბნებს წესიერად დახურვაც არ აცადა და გაყალბებაზე ლაპარაკი დაიწყო. მთელი ოპოზიცია მართლაც გაერთიანებული ბრალდებებითა და შემართებით უტევს “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს.
მოდი, არ გავიხსენოთ გასული რვა წლის განმავლობაში ქართული ოცნების დროშის ქვეშ გაკეთებული თქვენი განცხადებები. გავიხსენოთ ამავე 2020 წლის დასაწყისში, უკვე ოპოზიციიდან ნათქვამი თქვენი მოსაზრებები:
“ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის,” – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ის თვითონ პარტიამ აირჩია და იმ პარტიამ შემდეგ, არჩევნებში გაიმარჯვა. არაფორმალური მმართველი შეიძლება, მაშინ გეწოდებინა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის საკუთარ პარტიაში არ იყო თავმჯდომარე. ახლა კი, როდესაც თავისი პარტიის თავმჯდომარეა, მას ეს ბერკეტი აქვს ხელში“.
თქვენივე თქმით, ქვეყანაში ორი პოლუსია – ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მეორე მხარეს მიხეილ სააკაშვილი.
„არის ასეთი პარტია „ევროპული საქართველო“, რომელშიც ბოკერია, უგულავა და სხვები არიან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საკმარისია, ამ ორპოლუსიანი არჩევნების შედეგად ბერკეტი მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდოს ხელში და მის სწრაფვას ვერავითარი ბოკერია-ბაქრაძე ვერ გააჩერებს. მე ვიცი, როგორი ტიპის ვამპირული დამოკიდებულება აქვს მას ძალაუფლებასთან“.
თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ იქ, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, დიდ უმრავლესობას ოპოზიცია მოიგებს:
„იქ, სადაც მეორე ტური იქნება, ღრმად ვარ დარწმუნებული, დიდ უმრავლესობას ოპოზიცია მოიგებს. იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდაც ასეა. უმრავლესობას და ხელისუფლებას მხარდამჭერი ვინც ჰყავს, პირველივე ტურში მიდის და აძლევს ხმას. შეკრების უფრო მეტი რესურსი ოპოზიციურ კანდიდატებს გააჩნიათ“.
აი აქ იყავით 2020 წლის იანვარში, მოვიდა დეკემბერი და ხართ იქ, სადაც დანარჩენი ოპოზიცია, თავისი ბრალდებებით და ივანიშვილის ხელწერის კრიტიკით.
ქართულ პოლიტიკაში ანტიგმირის სტატუსზე გასული 30 წლის განმავლობაში კონკურსი არ შემწყდარა, ხან ვინ ფლობდა ამ წოდებას, ხან ვინ. ანტიგმირის წლევანდელი ტიტულის ფლობაში პირველობას არავის უთმობს გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ყველაფერი იკადრა, ყველაფერი მანკიერი მოირგო და შეისისხლხორცა. “მრისხანე” ოპოზიციონერის როლში შეჭრილს ასეთი ფრაზაც კი ათქმევინა სინდისისგან თავისუფალმა გონებამ: “ოპოზიციამ რვა წლის განმავლობაში ყველა არჩევნები წავაგეთო”…
როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც იმავე 1990 წლიდანაა ქართულ პოლიტიკაში, ეროვნული მოძრაობიდან მოდის, დამოუკიდებლობის აქტზეც ხელი მოაწერა და პარლამენტის წევრიც გახდა 1999 წელს, მთლიანად ამოშალა თავისი მეხსიერებიდან ოცნებაში გატარებული წარსული. პოლიტიკური გახრწნილებისა და უტიფრობის მსგავსი მაგალითი, როგორიც გუბაზია, ალბათ არათუ ქართულ, მსოფლიო პოლიტიკაშიც ძნელი საპოვნელია. დაუჯერებელია, მაგრამ ნუთუ შეძელით და ნაბიჯი გადადგით იმ მიმართულებით, შედექით იმ გზაზე, რომლის დასასრულიც ცალსახად და გარდაუვლად გუბაზ სანიკიძეობაა?
31 ოქტომბერს გარდა არჩევნებისა, თქვენი დაბადების დღეც იყო. 56 წლის ასაკში მიაღწიეთ ალბათ ისტორიულ მინიმუმს და ქვეყნის მასშტაბით ხმების 0,16% აიღეთ. ნუთუ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ნაცვლად მიზეზებისა და შედეგების ადეკვატური გაანალიზებისა, სხვათა მსგავსად კვლავ ბიძინა ივანიშვილს მიადექით დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად და იგივე სახის კრიტიკა გაიზიარეთ, რასაც ამდენი წელი თავადვე პასუხობდით? ოპოზიციის მთავარი ხელწერა ამ წლების განმავლობაში ხომ უარგუმენტო და სინდისისგან თავისუფალი რიტორიკა იყო, ნუთუ იგივეს შეუერთდით? ოპოზიციის ტრაგიზმი ხომ სწორედ უარგუმენტო, ცრუ და უტიფარ თავდასხმებშია, რაც მართლაც რომ ტრაგიკულად დაგისრულდათ 31 ოქტომბერს.
დამოუკიდებლობის 30-მა წელმა ჩვენი ქვეყანა ნამდვილად შეცვალა, მისი დემოკრატიის და მიღწევების გამყარებაში მთავარ პერიოდად სწორედ ბოლო რვა წელი იქცა. სტაბილურობის, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების 8 წელი. 30 წლის წინ ქართულ პოლიტიკას თავი სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვითა და რუსეთისთვის ბლოკადის გამოცხადებით დაამახსოვრეთ, რაც დღემდე იუმორის და ღიმილის საგნად იქცა და ეროვნული მოძრაობის საყმაწვილო სენის გამოვლინება უფრო იყო, ვიდრე პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის პროდუქტი. თუნდაც მაშინდელი ფაქტის დღეს ღიმილით გახსენება მეტყველებს იმ ცვლილებაზე, რაც ქვეყანამ ამ წლებში განიცადა. თქვენც შეიცვალეთ, ამხელა გამოცდილება დააგროვეთ. სწორედ ამიტომაა საინტერესო, საით მიდის ზვიადის გზა, ქართული პოლიტიკისა და გამოწვევების რეალისტურ ხედვასა და შეფასებებზე თუ გუბაზობისკენ, ცალსახა დეგრადაციისა და ფსკერისკენ.
მოხარული ვიქნები პასუხის წერილობით მიღებისათვის.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი,
ელისო ბოლქვაძე“.
კომენტარები