„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:
„რაც შეეხება დღევანდელ მოლაპარაკებებს, დღესაც ფასილიტატორების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მინიმალური ინფორმაცია გაიცეს, ამიტომ პატივს ვცემ ამ თხოვნას და „ქართული ოცნების“ პოზიციებს არ გავახმოვანებ. „ქართულმა ოცნებამ“ თავად ილაპარაკოს საკუთარ პოზიციებზე. შემიძლია გავახმოვანო ის, რაც არის ჩვენი პოზიცია და რაც ეხება მოლაპარაკების ძირითად მიმდინარეობას.
მოლაპარაკებაზე არის ოთხი ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის და რაზეც მიმდინარეობს საუბარი.
პირველი საკითხი უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას,
მეორე საკითხი არის პოლიტპატიმრების საკითხი,
მესამე არის საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები,
მეოთხე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც საარჩევნო გარემოს შეცვლას განაპირობებს.
პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით, ანუ რიგგარეშე არჩევბნებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციების მხარეებს შორის და აქ შეთანხმების რესურსი არ ჩანს. შემიძლია გითხრათ ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ ამის გარეშე ჩვენ რა თქმა უნდა, კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ.
მესამე საკითხზე, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას, გარკვეული კომპრომისული წინადადებები იყო, შეთანხმებული არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც გარკვეული რესურსი არსებობს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, ოღონდ ვიმეორებ, ჩვენთვის ეს რიგგარეშე არჩევნების საკითხს ვერანაირად ვერ ცვლის.
რაც შეეხება მეოთხე საკითხს, საარჩევნო გარემოს, არსებობს გარეკვეული სკაითხები, უფრო მეტად ტექნიკური ხასიათის, სადაც შეთანხმება შესაძლებელია, მაგალითად, როგორ გაუმჯობესდეს უბნებზე ვითარება და როგორ იქნას ხმები უფრო დაცული, არსებობს საკითხები, სადაც შეთანხმებისგან შორს ვართ, იგივე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმართებით. თუ ყველაფერს შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცისთვის მთავარ საკითხებში- რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის და შედეგი, დაახლოება არ გვაქვს, ხოლო საარჩევნონ გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგეს“
კომენტარები