ხელოვნების სასახლე, “ART PALACE“-ს თანამშრომელი, თამთა გრძელიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთი დღე იყო, ილიკო ბაღში მიმყავდა, არ ვიცი, ზუსტად არ მახსოვს, რაზე ვლაპარაკობდით, მაგრამ ალბათ, ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, ვყვებოდით ამბებს რომელიმე ნიანგზე, ან დიზონავრზე, და ვიცინოდით როგორც ვიცინით ხოლმე, როცა ერთად ვართ, ასე ხდებოდა ყოველდღე სახლიდან ბაღამდე, მერე დამშვიდობება, კოცნა ჩახუტება, საღამოს შეხვედრა, კოცნა ჩახუტება და გზა სახლისკენ, მაგრამ ის ერთი დილა განსაკუთრებულად მახსოვს..
სადღაც, მარჯანიშვილის თეატრთან ვიყავით, უცებ ილიკო მეუბნება: დედა, მეო, მალე ანგელოზი უნდა გავხდეო, ჯერ გამეცინა, რად გინდა-მეთქი ანგელოზობა, შენ ეგენი მართლა ანგელოზები ხო არ გგონიათქო, დაივიწყე ეგ ამბავი-მეთქი..
არაო, ვერ დავივიწყებო, ანგელოზი გავხდები მალეო, მაღლა ვიქნები, ჩამოვალ ხოლმეო ზემოდანო და გაკოცებო, მეთქი შვილო რას მეუბნები, სად ზემოდან ჩამოხვალ, ხოო, შენთან მოვალო, ვერ დამინახავო, შენ ვერ დამინახავო, მაგრამ შენთან მოვალ ხოლმეო, ეს რომ მითხრა, მეთქი რას იძახის ეს ბავშვი, მუხლები ამიკანკალდა, ვეღარც გზაზე გადავდიოდი, ვერაფერს ვეღარ ვხედავდი.
პირდაპირ ბორდიულზე დავჯექი, ილია ჩემსკენ მოვატრიალე, დედიკო გეხვეწები-მეთქი ასეთი რამეები აღარ მითხრა, ჩემს თავს გაფიცებ თუ გიყვარვარ, ესე მეორედ ნუღარ მეტყვი-მეთქი, რატო დაიჩემე ეს ანგელოზობა, გახდი ბეტმენი, ჰალკი გახდი, ჯადოქარი ან ვინმე სხვა, ნერვებს რატო მიშლი-მეთქი შვილო, რა ყველაფერი უცნაური უნდა მითხრათქო, იმან კიდე მითხრა, დედა, ანგელოზი არ ჯობია ჯადოქარსო, არ ჯობია-მეთქი შვილო, თუ დედა გიყვარს ეგრე აღარ მელაპარაკო, გიკრძალავ მეთქი ანგელოზობას, დამპირდი რომ დაივიწყებ რაც მითხარი წეღანთქო, კარგი ჰოო, ბოლოს მითხრა, კარგი დედა ნუ ტირიხარო.
მე კიდე ვტიროდი ვერ ვჩერდებოდი, ახლა შეიძლება აღარ მეტირა, მაგრამ მაშინ არ ვიცი რა მომივიდა, ბაღის მასწავლებელსაც ატირებული ვუყვებოდი ასე მითხრა გზაში იაკო-მეთქი, შენთვისაც რამე ხომ არ უთქვამს, ან იქნებ ზღაპარი მოყევით რამე აბა, არ ვიცი საიდან ჩარჩა, რა დაიჩემა-მეთქი, მამამისსაც დავურეკე ასე და ასე ლაპარაკობდა დილით და ძალიან მეშინია, ასე რატო მითხრა მეთქი და ვტიროდი ვეღარ ვწყნარდებოდი, ყველას ვთხოვდი ანგელოზებზე არ მოუყვეთ ჩემს შვილს არაფერითქო, ვერ ვივიწყებდი როგორ მითხრა, წავალო და მეშინოდა ძალიან და მაგაზე სულ მეფიქრება ხოლმე, მეთქი არაფერი არ მინდა და ნურავინ ნუ გახდება, ოღონდაც სულ იყოს და ბედნიერი იყოს და ილიკო იყოს”
კომენტარები