„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, იურისტი, ვალერი გელბახიანი.
– ხელისუფლებამ უკვე მეორედ შემოიღო ლოკდაუნი პანდემიის შესაკავებლად. ლამის მთელი ბიზნესი გააჩერს და ხალხი საშიმშილოდ გაწირეს. ჯანდაცვის სამინისტრო ახლა ანხორციელებს იმ ღონისძიებებს, რაც ზაფხულში უნდა გაეკეთებინა, ახლა ყიდულობს პანდემიასთან საბრძოლველ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უკვე ნაყიდი უნდა ჰქონდეთ. ამ უთავბოლობაზე, ამ დანაშულებრივ ქმდებებებზე ვინმემ არ უნდა აგოს პასუხი ხელისუფლებიდან?
– სამწუხაროდ, ეს უკვე არის რიტორიკა. ვინ უნდა აგოს პასუხი? ქვეყანაში სრული განუკითხაობა, ანარქიაა. ამ ქვეყანაში კანონსა და სამართალზე ლაპარაკი დიდი ფუფუნებაა. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს იმისთვის, რომ მოემსახურონ ივანიშვილს და მის კლანს.
სახელმწიფო როდესაც ლოკდაუნს აცხადებს, მას გათვლილი უნდა ჰქონდეს თითოეული მოქალაქის საჭიროება და შესაბამისი თანხა უნდა მისცეს ყველა მოქალაქეს. ასეა ევროპის ქვეყნებში, 1000 დოლარის ეკვივალენტზე ნაკლები ყოველთვიური დახმარება არსად არ ყოფილა. მინიმალურ საარსებო კალათაზე მაინც უნდა იყოს გათვილი ეს დახმარება. აქ, ერთ კატეგორიას 200 ლარს უხდიან თვეში, როდესაც საარსებო მინიმუმი გაცილებით მეტია, მეორეს საერთოდ არ აძლევენ არაფერს – მოკვდი შიმშილითო. რაღას აცხადებენ ლოკდაუნს, თუ ხალხის დახმარების თავი არ გააჩნიათ? ეს ხომ საერთაშორისო შრომითი სამართალია. ამას ჰქვია დასაქმებულის იძულებითი მოცდენა. როდესაც იძულებით მოცდენაზე გაგყავს ადამიანი, მაშინ შენ უნდა გადაუხადო ის თანხა, რასაც იღებდა ყოველთვიურად ხელფასის სახით, იმ თანხის სოლიდური ნაწილი მაინც. აქაც თაღლითობენ. რეალურად, ლოკდაუნი კი არის, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები დაარქვეს. ლოკდაუნი რომ გამოაცხადო, ლოკდაუნი რომ დაარქვან, მაშინ ხალხს ფული უნდა დაურიგონ. ცხადია, იმაზე მეტი, ვიდრე დღეს აძლევენ კაპიკებს. მარტო დასაქმებულებს არა, დამსაქმებლებსაც უნდა მისცენ ფული, გაჩერებულ ბიზნესს უნდა დაეხმარონ. ჩვენ რას ვხედავთ? ბიზნესები კოტრდებიან, ხელისუფლება მარტო საკუთარი კლანის წევრების ბიზნესებს ეხმარება. დაიდო უკვე რამდენიმე ფაქტი ამის დამადასტურებელი. ის კოვიდ–სასტუმროებიც ამათია, სადაც ათეულობით მილიონები გადარიცხეს, ვითომ ტურიზმის გადარჩენის მოტივით. მარტო სასტუმროა ტურიზმი? მარტო ამათი სასტუმროებია ტურიზმი? სხვებმა რა დააშავეს? კი, საკუთარ სასტუმროებს ამ ეტაპზე კი გადაარჩენენ, მაგრამ მთელი ტურისტული ინფრაქსტრუქტურა ჩაკლეს. ხალხს ლამის შიმშილით ამოხადონ სული და თავად გაძარცვეს ბიუჯეტი.
– პროგნოზების გაკეთებას ერიდებით, მაგრამ მაინც გკითხავთ. სადამდე გაძლებს ეს ხელისუფლება, იმ ნაკლული პარლამენტითა და ამდენი პრობლემებით? ერთი წელი გაძლებენ?
– არა, რა ერთი წელი… ხალხს ცოტა საკვები აქვს საზამთროდ მომარაგებული, სოფლად მიწები დაამუშავეს, მოსავალი მოიყვანეს და აქვთ ცოტა მარაგი. თუმცა, ისევ ხელისუფლების უთავობის, გაზაფხულზე გაუმართლებელი რეგულაციების, რეგიონების, ქალაქების თუ წერტილოვანი ჩაკეტვის გამო, ყველამ ვერ მოახერხა ეს, სავარგულების დიდი ნაწილი დასამუშავებელი დარჩა. გაძვირდა ყველაფერი. აგერ, პური ძვირდება, გაზი და ელექტროენეგია ძვირდება და ამ ზამთარს კი გადაიტანს ხალხი, ასე ვფიქრობ და გაზაფხულზე გამოენთება. მარტი და აპრილი იქნება ჯოჯოხეთი ხელისუფლებისთვის. მშიერი ხალხი რასაც დამართებს ამათ, ნახავენ. ამათ არ უნახავთ მშიერი ხალხის ბუნტი.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები