„ფაქტია, რომ დედაქალაქის მერობის ახალ არჩევნებში, კახა კალაძეს პრეტენზია და სურვილი აღარ ექნება, კვლავ ძველ ადგილზე დარჩეს. ხელისუფლებას მოუწევს ვინმე წონიანი მონახოს, კალაძე კი პრემიერის პოსტს შეეჭიდება, მას არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი სწორედ პრემიერად გახდომაა და რეალურად, ეს მისი პოლიტიკური კარიერის პიკი იქნება. დედაქალაქის მერობა თითქოს პატარა თანამდებობა არ არის, მაგრამ იყო დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და რა მერე? კახას სხვა ამბიცია აქვს, მას საქართველოს ისტორიაში როგორც მხოლოდ კარგი ფეხბურთელის სახელით დარჩენა არ სურს“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.
სხვა საქმეა, რამდენად სურს თავად ივანიშვილს კალაძის ასე დაწინაურება. ვისაც თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობა ნაადრევი ეჩვენება, ვეტყვით, რომ ამ თემას არამარტო მმართველ გუნდში, არამედ ოპოზიციაშიც აქტიურად განიხილავენ. თქვა კიდეც დავით ბერძენიშვილმა, ჩვენი პროტესტი თვითმმართველობის არჩევნების წინ რეპეტიციაა, თორემ ზუსტად ვიცით, ვადამდელს რომ არავინ დანიშნავსო. თანაც, მმართველ გუნდში, პარლამენტში ვერმოხვედრილი ადამიანები, ისინი, ვის მხრებზეც გადაიარა საპარლამენტო ქარიშხალმა, ჯიუტად ითხოვენ გარანტიებს, რომ მომდევნო წლის ოქტომბერში სწორედ ისინი იქნებიან თვითმმართველობებში რჩეულთა შორის და არა სხვა. თუ დააკვირდებით, იმასაც ნახავთ, რომ წინა პარლამენტში მყოფი არაერთი დეპუტატი, რომელიც ამ პარლამენტში ვერ მოხვდა, ჰორიზონტიდან უბრალოდ გამქრალია. ისინი თოთქოს არც არსებობდნენ, არც იყვნენ, მაგრამ…
„ეს დეპუტატები ახლა კარდაკარ დადიან და ადასტურებენ, რომ მათ აქვთ სოლიდური ფინანსები საიმისოდ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკმარისად დახარჯონ. დეპუტატებს არ სურთ მერობა ან საკრებულოს თავმჯდომარეობა, მაგრამ ეს ადგილები საკუთარი გარემოცვისთვის სურთ, რადგან შემდეგ პრაქტიკულად თავად იყვნენ მუნიციპალიტეტების მმართველნი. თუ ახალი ბიუჯეტით ყველა მუნიციპალიტეტი აქცენტს სოციალურ სფეროზე აკეთებს, რადგან წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს თავი მოუქონოს, მომავალი წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი, ძალიან დიდი ფული დაიხარჯება და ამ ფულიდან „ქართულად, ჯიგრულად“ ვიღაცებს მსუყე ნაჭერი სურთ“,- გვეუბნება ჩვენი წყარო.
ასეა თუ ისე, ახალი პარლამენტი შეკრებილია, გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არავინ აპირებს და არც დაინიშნება, ოპოზიცია კი… აუცილებლად შევა მინიმუმ ორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში და ეს ნაახალწლევს მოხდება. რატომ ნაახალწლევს? ალბათ ახალი წლის ბახუსს რომ დააბრალონ.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები