ორი დღის წინ, სოციალური ქსელი აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მამა-შვილის ფოტოებმა მოიცვა.
პატარა ომიკო ალუაშვილი აფრიკის დასახლებაში იმ მომენტში გადაიღეს, როდესაც მძიმე ტექნიკა ადგილზე უკანონოდ აშენებულ სახლებს ანგრევდა.
ერთმა კადრმა პატარა ომიკოს და მისი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ქალაქის მერმა კახა კალაძემ ფოტოს გავრცელების შემდეგ მას ოთხოთახიანი ბინა აჩუქა.
ომიკო მრავალშვილიანი ოჯახის შვილია. თუმცა ობოლია, მას დედა არ ჰყავს. “დედაჩემი რომ ცოცხალი იყოს, ჩვენი სიხარული შეერთდებოდაო” – თვალცრემლიანმა თქვა პატარა ბიჭუნამ საკუთარი ისტორიის მოყოლისას “პრაიმტაიმთან”.
– ჩემი ოთხი დედმამიშვილის დედა იყო ნინა. როცა დაიღუპა ომიკო 2-3 წლის გახლდათ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, უყვარდა თავისი შვილებიც და ჩვენც. უცბად დაიღუპა… დილით სამსახურში გამაცილა, მალე დამირეკა ჩემმა დამ, მითხრა: ცუდად არის და მობრუნდიო. როცა მოვედი უკვე გარდაცვლილი იყო. 43 წლის ჯანმრთელი ადამიანი გვეგონა, არაფერი აწუხებდა და როგორც ექიმებმა გვითხრეს, გული გაუსკდა.
– ომიკო ამ დროს სახლში იყო?
– დედის გარდაცვალების დროს სახლში იყო იყო ომიკო. მისი განცდები მძიმე იყო. მაცივარში გვყავდა ჩასვენებული, ომიკო ოთახში როცა შემოდიოდა, ეძახდა, ვერ აგონებდა და ამბობდა გადააფარეთ დედას სცივაო. პასუხს რომ არ სცემდა, ამის გამო ცუდად ხდებოდა და სასწრაფოსაც ვიძახებდით.
როცა სასაფლაოზე წავიყვანეთ დაკრძალვის დღეს, იქაც იტირა, მიწას ნუ აყრით, დედას ეტკინებაო.
– მაშინაც აფრიკის დასახლებაში ცხოვრობდით?
– მაშინ მუშტაიდის პარკში ვცხოვრობდით. მამაჩემი იქ 30 წელი მუშაობდა, კარუსელების ჩამრთველი იყო. ხან ერთ შენობაში ვცხოვრობდით, ხან მეორეში. ბოლოს მამა გამოუშვეს სამსახურიდან და ჩვენც წამოვედით იქედან. ის ფართი სჭირდებოდათ, მამა თან 61 წლის არის, ამიტომაც დაკარგა სამსახური.
მამაჩემი უფასოდ “აკატავებდა” ყველა ბავშვს, რომლებსაც საქანელაზე დაჯდომა უნდოდა და ამის ფული არ ჰქონდა.
მისი ხელფასი სულ რაღაც 300 ლარი იყო პარკში.
– რატომ არ დადის ომიკო სკოლაში?
– მე ვმუშაობ დილიდან საღამომდე, სამსახურის გარდა, დამატებით სამუშაოებსაც ვასრულებ. ომიკო წერეთელზე დადიოდა სკოლაში, აქ როცა გადმოვედით, ფიზიკურად ვეღარ შევძელი სკოლაში მეტარებინა, აქ როცა შევიტანეთ განცხადება, გვითხრეს ადგილი არ გვაქვსო და ერთი წელი სკოლის გარეშე დარჩა ბავშვი.
ცოტა ხნის წინ, მოსული იყო სკოლის დირექტორი და გვითხრეს, რომ მეორე სემესტრიდან მიიღებენ აქ სკოლაში.
კომენტარები