“ეს იყო ივანიშვილის ყველაზე დიდი ტყუილი”
ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შესახებ, „ალიას“ ექსპერტი, გია ხუხაშვილი ესაუბრება.
_ ბატონო გია, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პროპორციული არჩევნების საკითხი ჩვენ იმიტომ წამოვწიეთ, რომ 20–21 ივნისის მოვლენების გამო აწეული მუხტი დაგვეწიაო. აღიარა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ვითომ დაუმორჩილებლობა, რომ მაჟორიტარული არჩევნები არ გაუქმებულიყო, ტყუილი და დადგმული სპექტაკლი იყო. რაც მთავარია, აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილი როდესაც ჩვენს ხალხს, მსოფლიოს საზოგადოებას ეუბნებოდა, პირდებოდა, 2020 წელს პროპორციულ არჩევნებს ჩავატარებთო, იმ მომენტში მიზანმიმართულად, გაცნობიერებულად იტყუებოდა. ესეც ბლეფი იყო და ბევრმა დაიჯერა, რომ ივანიშვილი მაშინ გულწრფელი იყო, მართლა სურდა პროპორციული არჩევნების ჩატარება, მერე საკუთარი შესაძლებლობები გადააფასა, დარწმუნდა, არჩევნებს ვერ მოიგებდა, „ქართული ოცნების“ მარცხის შეეშინდა და დაპირება უკან წაიღო. თურმე, თავშივე გვატყუებდა.
– რატომ გაგიკვირდათ? ეს მოცემულობა ჩვენთვის ხომ ცნობილი იყო. ვიცოდით, რომ ბლეფი იყო ივანიშვილის დაპირება. კი, იყო იმის იმედი, რომ ივანიშვილს თავიდან სურდა პროპორციული არჩევნები და მერე გადაიფიქრა, ეს ცოტას სჯეროდა. ეს ყველაფერი რომ პროვინციული სპექტაკლი იყო, ჩვენ კარგად ვხედავდით. უმეტესობისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რასთან გვქონდა საქმე. იმედია, ვაშინგტონში რომ ჩავა იქაც გულწრფელი იქნება თავალკაძე. იქ თუ დაიწყებს ძველი სიმღერის დატრიალებას, რომ დიმიტრი ხუნდაძემ მოაწყო ამბოხი, მას სხვა მაჟორიტარები აყვნენ და ჩააგდეს პროპორციული არჩევნების კანონპროექტი, ამით დასრულდება მისი ვიზიტი და არავინ მასთან საუბარს არ გააგრძელებს. იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ამერიკელებს და მეტადრე, იქაურ პოლიტიკოსებს არ უყვართ, თვალებში რომ უყურებენ და ატყუებენ. მე საერთოდ არ მესმის თალაკვაძის ამერიკაში ვიზიტის აზრი, ვერ გავიგე, რისთვის მიდის, რა უნდა და რა აქვს ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთათვის სათქმელი. ჩემთვის გაუგებარია. რა პრეტენზიებიც ჩვენი ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორებისგან წამოვიდა, იგივე პრეტენზიები აქვს ქართულ საზოგადოებას მათთან. ესენი კი ცდილობენ, რომ „ნაცების“ პრეტენზიებად გაასაღონ. საცოდავად ცდილობენ იმასაც, რომ ეს კონგრესმენები და სენატორები დაუკავშირონ „ნაცებს“, მაგრამ არაფერი გამოსდით. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ქვეყანაში რაც ხდება, იცის რეალური ვითარება და არ ტყუვდება. ხელისუფლებას ეშინია ძალაუფლების დაკარგვისა და მის დაკარგამდე უკვე დაკარგეს სახე – ბიძინა ივანიშვილის საჯარო პირობა აღმოჩნდა დაგეგმილი, წინასწარგანზრახული ტყუილი. ასეთი რამ არ მაგონდება უახელეს ისტორიაში, ეს იყო უპრეცენდენტო ტყუილი.
– ნორმალურ ქვეყნებში, ნორმალური მმართველობის პირობებში, ეს არ ხდება და „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ მომხრეებს არ სურთ იმის გაგონება, რომ არანორმალური, არადემოკრატიული მმართველობა გვაქვს და ეს ქვეყანაც არანორმალურია.
– არა მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება ასეთი რაღაცები. ავტორიტარები, დიქტატორებიც კი ცდილობენ, დადებული პირობა შეასრულონ. ბევრ და სასიკეთო დაპირებებს ისინი არ იძლევიან., მაგრამ თუ შეპირდნენ რაიმეს ხალხს, უსრულებენ. იმიტომ კი არა, რომ ხალხზე ზრუნვით ათენებენ და აღამებენ. არა, ყველა მმართველი რაღაც სისტემაზე დგას, რაღაცას ეყრდნობა. დემოკრატია არ გაქვს ქვეყანაში, არაფერი არ გაქვს ხეირიანი, შენს სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს, თუ იტყვი უნდა გააკეთო. სიტყვის კაცის სახელი მაინც უნდა გქონდეს, რომ ხალხში მცირედ ნდობას და მოკრძალებაა მაინც იწვევდე, შენი რიდი რომ მაინც ჰქონდეს ხალხს, სხვა თუ არაფერი. ეს იციან ამ ავტოკრატებმა და დიქტატორებმა და შესაბამისად, თუ ამბობენ, აკეთებენ.
– თავად ახსენეთ, რომ ხელისუფლება „ნაცების“ მხარდამჭერებად ცდილობს ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წარმოჩენას. ცდილობენ, ხალხს დააჯერონ, რომ ეს სენატორები და კონგრესმენები, ადრე სააკაშვილის და „ნაცების“ თავგადაკლული ქომაგები იყვნენ, მათ მფარველობდნენ, რომ ამჟამად გიგა ბოკერია მათ ფულს უხდის და ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, წერილებს იმიტომ უგზავნიან გიორგი გახარიას. არადა, მათ შორის არის სენატორი ნიუ ჰემპშირიდან, ჯინ შაჰინი. სხვათა შორის. ეს ქალბატონი პირველი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ მშვიდობიანი გზით უნდა გადასცენ ხელისუფლება ოპოზიციასო. ეს თქვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე. ეს სიტყვები შემდეგ უკვე პირში უთხრეს სააკაშვილს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აჭრაში სტუმრობისას და ვიცე–პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან. ახლა გეკითხებით, ეს ქალბატონი როგორ არის „ნაცების“ მომხრე და ლობისტი?
– „ქართული ოცნების“ ლიდერების ეს განცხადებები, შეურაცხმყოფელია ამ ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენებისთვის, ამდენსაც ვერ ხვდებიან და ესეც წინ დახვდებათ. ის სისულელეც წინ დახვდებათ, თითქოს გიგა ბოკერია ჩადის ამერიკაში, იქ ალაგებს სიტუაციას და თავის ჭკუაზე დაჰყავს ის ხალხი, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის, მსოფლიოს პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტაში იღებენ მონაწილეობას. ნიშანდობლივია, რომ ვერც ამერიკელი პოლიტიკოსების ამ მართებული კრიტიკის კომენტირებისას, ვერ გასცდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაცებს“, სააკაშვილსა და ბოკერიას. „ნაცები“ ხომ მტრის ხატად დაუსახეს ხალხს და ამერიკელი პოლიტიკოსებიც მათ მიაბეს. რადგან ჩვენ გვაკრიტიკებენ, ე.ი. „ნაცების“ მხარეს არიან და ცუდები არიანო. ეს არის უსუსური არგუმენტი, სასაცილო, სერიოზულად ეს არც უნდა განიხილოს ნორმალურმა ადამიანმა. ამ სენატორებსა და კონგრესმენებს გიგა ბოკერია, „ნაცები“, ხელისუფლების სხვა ოპოზიცია სულ არ სჭირდებათ საიმისოდ, რომ გაიგონ, რეალურად რა ვითარებაა საქართველოში. ბოლომდე ოპოზიციას არც ენდობიან. მათ იციან, რასაც ამბობენ, სხვა და სხვა წყაროდან აქვთ ინფორმაცია. მათ შორის, ამერიკის საელჩოდან. რაც წამოაყენეს, ყველა პრეტენზია სამართლიანია არჩევნებთან, მართლმსაჯულებასთან, ზოგადად, დემოკრატიის პრობლემებთან დაკავშირებით. ასევე, 20–21 ივნისის მოვლენების გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. ეს პრობლემები ობიექტურად არსებობს. მე ის უფრო მაინტერესებს, თალაკვაძეს რა არგუმენტები აქვს, რომ ეს ყველაფერი გადაფაროს? „ფრონტერაც“ ახსენეს არაერთხელ ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა. მე ზუსტად არ ვიცი, რა ხდება „ფრონტერასთან“ დაკავშირებით, მაგრამ მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ ამ კომპანიას პრობლემები აქვს საქართველოში და ეს პრობლემები ხელისუფლებისგან მოდის. ამერიკული სტანდარტით ასეთია – ამერიკის ხელისუფლება თუ მისი ცალკეული წარმომადგენელი იცავს ამერიკულ ინვესტიციას ნებისმიერ უცხო ქვეყანაში. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ „ფრონტერას“ რა კავშირი აქვს იმ თემებთან, რაზედაც ამერიკელი პოლიტიკოსები ლაპარაკობენ? „ფრონტერა“ ცალკე ქეისად შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ რა შუაშია „ფრონტერა“ არჩევნების თემასთან, მართლმსაჯულების სისტემაში მინდინარე რეფორმებთან, 15 წლის წინანდელი საქმეების ამოქექვასთან და მათზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრასთან? თალაკვაძე რომ ჩავა ამერიკაში, პირველ კითხვად დაუსვამენ, რა როლს თამაშობს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მართვაში? რა უნდა უპასუხოს თალაკვაძემ? ეს მისთვის არის, საჭადრაკო ენაზე რომ ვთქვათ, ცუნგცვაგის მდგომარეობა, მისთვის ყოველი მომდევნო სვლა წამგებიანია და საბოლოო მარცხს აახლოებს. თუ მოიტყუა და თქვა, რომ ივანიშვილი მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეა და სახელმწიფოს მართვაში არ ღებულობს მონაწილეობას, ეს, ცხადია, იქნება ტყუილი, რაც შესანიშნავად იციან ამერიკელებმა და ამით დამთავრდება თალაკვაძის ვიზიტი. ან უნდა თქვას მართალი და ეს სიმართლე იგივეა, რაც ვაის გავეყარე, უის შევეყარე. ეს თუ თქვა, ურჩევნია აქ არ ჩამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილს არ დაენახოს.
– თუ იტყვის, ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანასო, მაშინ ეს იმის აღიარებაა, რომ დემოკრატიის ნასახიც აღარ არის ქვეყანაში. სადაც ერთი კაცი მართავს ქვეყანას, დემოკრატიაზე ლაპარაკი სასაცილოა. ერთი კაცის მმართველობა, ეს „ბანანის ქვეყნების“ მმართველობაა.
– ამაშია საქმე, თალაკვაძეს ამაზე არ აქვს პასუხი. ისეთი ამაყი სახით მიდიან, თითქოს ყველა კითხვაზე ჰქონდეთ პასუხები. მიდიან ისევ ტყუილებისა და „დაბოლების“ იმედად, მაგრამ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს ესენი ვერაფერს მოატყუებენ, მარტო ამერიკელ პოლიტიკოსებზე არ არის აქ ლაპარაკი, მარტო კაპიტოლიუმში არ აქვთ ამათ ცუდად საქმე, ევროპაშიც ცუდად აქვთ საქმე. აგერ, გამოქვეყნდა ევროსაბჭოს ანგარიში საქართველოზე, სადაც ზუსტად იმ პრობლემებზეა ლაპარაკი, რაზედაც ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ლაპარაკობენ, ცხადია, „ფრონტერას“ გარდა. დასავლეთმა დიაგნოზი დაუსვა საქართველოს. მკაფიოდ ამბობენ, რომ საქართველოში არის ჩრდილოვანი ავტოკრატია. ეს არც ჯდება 21–ე საუკუნის მმართველობაში, დემოკრატიის ნიშან–წყალს გამორიცხავს, ანაქრონიზმია. დასავლეთმა ხელისუფლებას ჩამოუთვალა პრობლემები და დაუთქვა მათი გადაჭრის ვადა. ეს ვადა არის არჩევნებამდე, არ–ჩე–ვნე–ბა–მდე! ამ არჩევნებამდე უნდა მოაგვარონ საარჩევნო კოდექსის თაობაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკების საკითხი და კონსესუსს მიაღწიონ, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მნიშვნელოვან დათმობაზე მოუწევს წასვლა, უნდა მოაგვაროს მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები და კიდევ სხვა პრობლემები. თუ ეს საკითხები არ მოგვარდა და არჩევნები ჩატარდა იმ სისტემით, რითიც „ქართული ოცნება“ აპირებს, შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმაცია დადგეს ეჭვქვეშ და თუ ეს მოხდება, ხელების გადაგრეხვით ვეღარ მიიღებენ იმ შედეგს, რაც სურთ, ხელისუფლებაში ვერ დარჩებიან. ხელისუფლებას აქვს არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე თვე, რომ გამოასწოროს ყველაფერი, რასაც დასავლეთი და ქართველი ხალხი ერთად მოითხოვს მისგან. ვაშინგტონში კი არ უნდა იბლაყუნონ უაზროდ, უნდა დასხდნენ ოპოზიციასთან და გააგრძელონ დიალოგი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, პარალელურად მიხედონ მართლმსაჯულების სტრუქტურებს და პირველ რიგში, სასამართლოს. მოსამართლეები წინა ხელისუფლების დროს ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდნენ და დღეს აღარც ეს ფუნქცია აქვთ. მერე კი ჩაატარონ ნორმალური არჩევნები და როგორი შედეგებიც იქნება, სხვა გზა აღარ დარჩათ. აღარც ის თამაში, ბლეფი გამოუვათ, დასავლეთს და უფრო ამერიკას რომ უთხრან, თქვენ თუ არ გინდივართ, მაშინ რუსეთისკენ წავალთო. ვერც რუსეთისკენ წავლენ. ილუზიაა, რომ ეს თემა, ვექტორის შეცვლა და რუსეთისკენ პირის შებრუნება სავაჭროდ გახადონ. არც ამის ლეგიტიმაცია აქვთ. კი, ბოლო პერიოდში ევროსკეპტიციზმი გაძლიერდა ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს პრორუსულობას. რუსეთთან პრობლემები გვაქვს და მთავარი პრობლემაა, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და მათ დეოკუპაციას არც აპირებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას აქვს ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ გადარჩეს და დაიტოვოს თეორიული შანსი ხელისუფლებაში დარჩენისა. რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი. პირველი – სრული წესრიგის აღდგენა. ამისთვის აუცილებელია ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერ–მინისტრად და გახდეს ქვეყნის რეალური, დე იურე მმართველი. ამით ძალაუფლება ამუშავდება და ეს კომიკური სიტუაცია აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის სათქმელს, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები გიორგი გახარიას რომ უგზავნიან. ქართული ანდაზა გამახსენა ამან, მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო.
– გიორგი გახარია ფოსტალიონია ამ შემთხვევაში.
– კი, მეტი არაფერია. გახარიას უგზავნიან წერილებს და იმას ბიძინა ივანიშვილთან მიაქვს. შემდეგ, უკვე პრემიერ–მინისტრის რანგში ივანიშვილი უნდა დაჯდეს ოპოზიციასთან, შეთანხმებას მიაღწიონ და ჩაატაროს ნორმალური არჩევნები. ასევე, არჩევნებამდე უნდა დააკონსერვოს პოლიტიკურ ლიდერებზე დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებები. არ ვიცი, რაღაც დროებითი ამნისტირება უნდა მოხდეს ამ საქმეებისა, სხვაგვარად იარსებებს რისკი, რომ არჩევნები არ ჩატარდება ლეგიტიმურად. მესამე, უნდა მოხდეს 20–21 ივნისის მოვლენების რეალურად სამართლებრივი შეფასება. აღიარა ხელისუფლებამ, რომ ძალის გადამეტება იყო, თუ იყო ძალის გადამეტება, მაშინ დასაჯოს ის ხალხი, ვინც კანონი დაარღვია და ძალას გადაამეტა. კიდევ უნდა გადადგას ანტიკორუფციური ნაბიჯები, სოფლის დონეზე რომ ჩააღწია ამ კორუფციამ. რეალურად, შეუძლია ხელისუფლებას მოქმედება და ამის გაკეთებას ნება და სურვილი სჭირდება, მეტი არაფერი. ახლა, ვიღაცა ჩავა ვაშინგტონში, იქ დაალაგებს სიტუაციას, კონგრესმენებთან, სენატორებთან, თეთრ სახლში, ეს არის ილუზია და ილუზიებით ბრიყვები საზრდოობენ. ეს პირიქით, ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება, როგორც ირაკლი კობახიძის ამერიკაში ვიზიტი იყო. სწორედ კობახიძის ვიზიტის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი. ჩავიდა და ილაპარაკა ტყუილები. შესაბამისი რეაქცია მოჰყვა ამერიკული მხრიდან მის ტყუილებს. რადგან ვერავინ მოატყუა და ამ ტყუილებით ამერიკის პოლიტიკურ ელიტას შეურაცხყოფა მიაყენა. მოატყუა? ე.ი. შეურაცხყო.
– რაც ჩამოთვალეთ, მაგათ კიდევ ერთი საკითხი ხომ არ უნდა დაემატოს? ხელისუფლებამ დადოს პირობა, რომ ააშენებს ანაკლიის პორტს.
– ანაკლიის პორტზე, ჯერჯერობით, არ ამბობენ, რომ არ ააშენებენ. კი, ბატონო. ესეც არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც კითხვის ნიშანი დაუსვა ხელისუფლებამ. ვფიქრობ, რაც ჩამოვთვალე, მთავარი ის საკითხებია, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად, კონკურენტულ გარემოში და აისახოს საზოგადოების ყველა ფენა პარლამენტში. არ უნდა დავუშვათ, რომ ყანდურებმა იყიდონ არჩევნები. ასე არ გამოვა, არ ექნება ამგვარ არჩევნებს ლეგიტიმაცია.
– გეხსომებათ, სააკაშვილის რეჟიმის დროს, ავსტრიული კომპანიის „შინჰოფერის“ პროდუქცია საბაჟოზე რომ შეაჩერეს უკანონოდ და დაალპეს, ამის გამო, ავსტრიის კანცლერმა პრემიერ ზურაბ ნოღაიდელს უსაყვედურა და უთხრა, პირად კონტროლზე აეყვანა საქმე. ამის მერე იყო. „შინჰოფერმა“ სასამართლო რომ მოიგო და გაფუჭებული პროდუქციის საფასური გადაუხადა სახელმწიფომ. ისრაელის მოქალაქე ებრაელი ბიზნესმენები, რონი ფუნკი და ზევ ფრენკელი რომ დაიჭირეს, ისრაელის პრემიერ–მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირადად დაურეკა მიხეილ სააკაშვილს და სთხოვა, მათი საქმის ობიექტური გამოძიება, რადგან ინფორმაცია ჰქონდა, რომ ეს ხალხი უკანონოდ დაიჭირეს. ამ ხელისუფლების დღვანდელ ლიდერებს, მათ მომხრეებს ძალიან უხაროდათ, რომ სააკაშვილის რეჟიმს ამგვარი ქმედებები და ამ დონის პოლიტიკოსთა უკმაყოფილება, საერთაშორისო სარბიელზე ძირს უთხრიდა, უპირისპირებდა საერთაშორისო საზოგადოება. არც მე ვიცი დეტალურად, რა ხდება „ფრონტერასთან“ დაკავშირებით, მაგრამ თუ ავსტრიას და ისრაელს სააკაშვილის დროს უფლება ჰქონდათ, დაეცვათ თავიანთი ბიზნესმენები, მათი ინვესტიციები, ეს უფლება ამერიკელ კანონმდებლებს რატომ არ აქვთ? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას უპირისპირდებიან? ყველა თავმოყვარე ხელისუფლება იცავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ინვესტიციებს უცხო ქვეყანაში, ეს ლამის აქსიომაა.
– კი, ბატონო, მართალი ბრძანდებით, ნამდვილად ასე იყო და კარგად მახსოვს ეგ ამბებიც. უცხოელ ინვესტორს თუ არაკეთილსინდისიერად მოექცნენ საქართველოში, ცხადია, ნებისმიერი ქვეყანა დაიცავს თავის მოქალაქეს, ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და ასე იქნება ახლაც. „ფრონტერასთან“ დაკავშირებით, უკვე გითხარით, დეტალურად რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს, ვინც ამ საკითხზე საუბრობს, ეტყობა, აქვთ იმდენი ინფორმაცია, რომ გარკვეული პრეტენზიები დაუფიქსირეს ჩვენს ხელისუფლებას.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №4
კომენტარები