„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი:
– თქვენ ბრძანეთ, რომ არჩევნებამდე უნდა შეწყდეს გამოძიება პოლიტიკურ ლიდერებზე. ვისზეც გამოძიება მიმდინარეობს, მათზე ეს შესაძლებელი მგონია, პროკურატურამ, თუ მოინდომა, მოიფიქრებს ისეთ სამართლებრივ ფორმას, რომ ეს გააკეთოს. თუმცა, ირაკლი ოქრუაშვილის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეების გამოძიება დასრულებულია და უკვე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. აქ რა მექანიზმი შეიძლება გამოიყენონ?
– არ ვიცი, რა მექანიზმი უნდა გამოიყენონ. დროებით შეაჩერონ პროცესები, სასამართლო განხილვა, ან სხვა რაიმე მოიფიქრონ. თავად არიან ხელისუფლება და თავადვე მოიფიქრონ. ამაზე თუ პასუხი იქნება, რომ მურუსიძის სასამართლოში ვერ ერევა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ეს იქნება მორიგი ტყუილი.
– ყველამ კარგად ვიცით, რომ კანონიც და სამართალიც ერთი კაცის ხელშია და როგორც ივანიშვილი მოისურვებს, ისე გააკეთებს ყველაფერს სასამართლო სისტემაში.
– რა თქმა უნდა, დამალული და დაფარული არაფერია, ყველა ნიღაბი უკვე ჩამოიხსნა ამ ხელისუფლებამ, ვეღარავის ვეღარ მოატყუებენ ვერც ერთ საკითხში.
– კორუფციას მინდა შევეხო. აუდიტის სახელმწიფო დასკვნის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროდან, ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდში 370 მილიონი ლარი გამქრალია. ხელს არ ვადებ იზორიას, რომ პირადად მან მოიპარა ეს ამხელა ფული, მაგრამ მინისტრი იყო და პირველი ეჭვმიტანილი ის არის, ამ თანხებს ის აკონტროლებდა. ახლა იზორიას უშვებენ გერანიაში ელჩად და ეს არის ხელისუფლების ამ „სულ ერთია“ და „ფეხებზე მკიდია“ პოლიტიკის ნაწილი. გამოიძიონ ეს საქმე, მიაკვლიონ იმ ფულს, გაარკვიონ, დაიხარჯა რამეში, მოიპარა ვინმემ თუ კორუფციული სქემით აორთქლდა. ამის შემდეგ, თუ იზორიას დანაშაული არ გამოიკვეთა, გაუშვან ეს კაცი ელჩად, თუ დამნაშავე აღმოჩნდა და დასაჯონ.
– საბოლოო ჯამში, ხომ იცით, არაფერი იმალება. გაირკვევა ვინ და სად წაიღო ეს ფული და დამნაშავენი დაისჯებიან. თუმცა, ეს ამ ხელისუფლების პირობებში, არ მგონია მოხდეს. უკვე ბევრი შემთხვევა ვიცით ელიტური კორუფციის, დიდი თანხების მოპარვის ბიუჯეტიდან და არ დასჯილან დამნაშავენი, უკეთეს შემთხვევაში, ისჯებიან დაბალი რანგის ჩინოვნიკები. არის ხელშეუხებელთა კასტა ხელისუფლებაში, რომელთაც პასუხს არ სთხოვენ. ეს ელიტური კორუფცია თუ არ მოისპო დროულად, სისტემურ კორუფციაში გადავა და მერე უკვე ძნელი იქნება მისი აღმოფხვრა. ლევან იზორია იქნება თუ სხვა, დროულად უნდა დაისაჯოს ყველა, ელიტური კორუფცია სასწრაფოდ უნდა მოისპოს, არადა, მერე უკვე ათწლეულები დასჭირდება ქვეყანაში, ყველა დონეზე ფესვგამდგარი კორუფციის მოსპობას.
– თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი სცემეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. სამ მათგანზე დაიწყო გამოძიება და ამის შემდეგ, ერთ–ერთმა მოძალადე დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჩვენება მისცა ხაბეიშვილის წინააღმდეგ, ეგეც მიირტყამდაო და ამის საფუძველზე ხაბეიშვილიც წინააღმდეგაც დაიწყო გამოძიება და პროკურატურამ ბრალი წაუყენა ხაბეიშვილს. სასამართლომ ოთხივე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ეს შემთხვევა მგონი უპრეცენდენტო შემთხვევაა იურისპრუდენციაში, როდესაც ორივე მხარე, ერთდროულად ბრალდებულიც არის და დაზარალებულიც.
– კი, ნამდვილად არ მახსენდება ასეთი შემთხვევა. მოსამართლე კი არა, მსაჯი იყო. იმ ზარქუას 3 დღის შემდეგ გაახსენდა, რომ თურმე, ჩხუბის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მან და კიდევ ორმა დეპუტატმა ხაბეიშვილი კომიტეტის სხდომაზე სცემეს, დერეფანში გაგრძელებულა ჩხუბი და ხაბეიშვილს უცემია. ზარქუას ეს მას შემდეგ გაახსენდა, რაც ბრალი წაუყენეს, მანამდე არ ახსოვდა. მერე ასტკივდა ნაცემი ადგილები, პროკურატურაც ადგა და სასწრაფოდ ბრალი წაუყენა ხაბეიშვილს. ცხადია, ამით ის ხალხი ასიამოვნეს, ვისაც „ნაცმოძრაობის“ და კერძოდ, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აგრესია აქვთ. სამართლიანობა ესენი არ აღადგენენ და ასე უნდათ გული მოუგონ ხალხს. ამას გულის ფხანა ჰქვია, მეტი არაფერი. მოიფხანენ გულს და ყველაფერი ძველებურად დარჩება, არაფერი შეიცვლება. ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებზე რომ ბრაზდებიან, რატომ გვეუბნებიან, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ხარვეზებია და გამოასწორეთო, ეს ერთი ფაქტი კმარა იმის დასტურად, რომ ამერიკელები მართლები არიან.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №4
კომენტარები