ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება, ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი.
– ერთპარტიული პარლამენტი და ამერიკა და ევროპა, „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ხელისუფლება და დასავლეთი… როგორ წარმოგიდგენიათ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა და მისი დასავლეთთან ურთიერთობა?
– ხომ გითხარით, რომ ბიძინა ივანიშვილი ტაქტიკოსია. დღეს ევროპა და ამერიკა, საქართველოში მიმდინარე ამ ანტიდემოკრატიულ პროცესებს უყურებენ „ლაითად“. მათ აქვთ საკუთარი ინტერესები, საქართველოს მიღმა და მათთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი რისკები ტრიალებს სამყაროში. სტაბილურობა რომ უნდათ საქართელოში, ჩვენს რეგიონში, ამიტომ ამბობენ, რომ შედით პარლამენტში და იქ გააგრძელეთ შიდა დისკუსიაო. ეს ხელისუფლებამ აღიქვა უპირობო, გრძელვადიან მხარდაჭერად, რაც დიდი შეცდომაა. გავა რამდენიმე თვე და უკვე სულ სხვა თვალით შეხედავს დასავლეთი ხელისუფლების სტერილიზაციას დანარჩენი საზოგადოებისგან. ცხადია, მარტო ქართულ საზოგადოებას არ ვგულისხმობ. დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოებისგანაც მოწყვეტილია ეს ხელისუფლება. დემოკრატიის ნიშანი აღარ დატოვეს ქვეყანაში. ქვეყნის შიგნით, ხელისუფალი მარტო პოლიტიკურ ელიტასთან არ არის დაპირისპირებული. დაპირისპირებულია მთელ სამოქალაქო საზოგადოებასთან. არ დარჩა სოციალური ჯგუფი, რომელთანაც თანამშრომლობს. საკუთარ გამოჩეკილ და ხელფასზე მყოფ ექსპერტებს არ ვგულისხმობ.
– დასავლეთი აიძულებს „ქართულ ოცნებას“, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს?
– დღეს ეს საკითხი აქტუალური არ არის, ამას ვხედავთ. მთავარია, ოპოზიციამ ერთიანობა და აქტუალობა შეინარჩუნოს. ეს თუ მოხდა, ჩვენ უპირობოდ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე. რაკიღა კრიზისის გადალახვის მექანიზმი არ არსებობს, კრიზისი შესაძლოა, ქუჩაში განვითარებულიყო, ან გადასულიყო პარლამენტში გარკვეული დათქმით და პირობებით. მე, სიმართლე გითხრათ, მეორე ვარიანტს ვუჭერდი მხარს. ეს გზაც აუცილებლად ვადამდელ არჩევნებამდე მიგვიყვანდა. რადგან ქუჩაში დარჩენა გადაწყვიტა ოპოზიციამ, ეს უკვე მათი პასუხისმგებლობის ზონაა. აქ უფრო მაღალი სახელმწიფოებრივი რისკია. მაინც ჯობდა, პარლამენტში, გარკვეული პირობებით განვითარებულიყო ბატალიები და რა პრობლემებიც გვაქვს, სოციალურ და სხვა რისკებთან დაკავშირებით, მეტ-ნაკლებად მართვადი ყოფილიყო. თუ ოპოზიციის ერთიანობა შენარჩუნდა, თუ ხელისუფლება იქნება სტერილური, ვერ იქნება ფუნქციონალური და შესაბამისად, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.
–„მაღალი რისკის ზონას“ თუ სხვა სახელს დავარქმევთ, ეს შესაძლო რევოლუციური პროცესები ხომ არ იქნება?
– რევოლუციური მუხტი ქვეყანაში არ არსებობს. დღეს ხალხს სხვა პრიორიტეტები აქვს. ორი ფუნდამანტური შიში მეფობს ქვეყანაში – სიკვდილისა და შიმშილის შიში. პანდემიამ და უმძიმესმა სოციალურმა მდგომარეობამ, ყველაფერი უკან გადასწია. დღეს ადამიანებს გადარჩენის პრობლემა აქვთ. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში რევოლუციური მუხტი ვერ იქმნება. თუმცა, ეს მოკლევადიანია. საბოლოო ჯამში, ეს რისკები, განსაკუთრებით სოციალური, კრიტიკულ ზღვარს რომ გადალახავენ, ყველაფერს წალეკავენ.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები