„სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენა, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს, – ამის შესახებ „ისფედის“ გამგეობის წევრმა, თამარ სართანიამ დღევანდელ პრესკონფერენცია განაცხადა.
„ეს არ არის ქართული ნოუჰაო, ეს არის აპრობირებული მეთოდოლოგია, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება და მუდმივად ხდება ამ მეთოდოლოგიის განახლება. კითხვა დაისვა ასეთი, საქართველოში ბათილ ბიულეტენებს ძალიან დიდი ხანია, არ ვითვლით და თუ „ისფედს“ ჰქონდა 2016 წელს განხორციელებული პარალალური დათვლა, როგორ მოხდა, რომ 2016 წელს სწორად დათვალა ფორმულამ და ახლა რატომ იყო შეცდომა ფორმულაში.
საქმე იმაშია, რომ 2020 წლის პროგრამული უზრუნველყოფა არ ემთხვევა 2016 წლის „სოფტს“, რადგან ოთხი წლის განმავლობაში ეს მეთოდოლოგია გამოიყენება სხვა ქვეყნებში, იხვეწება, ემატება ფუნქციები, ანუ ყოველი შემდგომი PVT ეყრდნობა არა იმავე ქვეყანაში გამოყენებულ PVT-ს, არამედ ყველაზე ბოლოს, სადაც იყო ეს PVT გამოყენებული. კომისიის მოკვლევით, სწორედ ამის გამო მოხდა „სოფტის“ დაფუძნება ისეთი ქვეყნის PVT-ის „სოფტზე“, სადაც ბათილი ბიულეტენები ითვლებოდა საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშებით. ასეთი არის სერბეთი, სადაც არჩევნები ჩატარდა 2020 წლის ივნისში.
როგორ ხდება PVT-ის მეთოდოლოგიის პროცესი, ვინ არის ორგანიზაციაში პასუხისმგებელი? კომისიამ მოიკვლია, რომ „ისფედი“ PVT-ის არ აკეთებს დამოუკიდებლად, ეს არის „ისფედის“ პასუხისმგებლობით, თუმცა ამისთვის ქირაობს NDI-ის ექსპერტებს და მათთან ერთად აკეთებს პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე უბნების შერჩევას. NDI გარკვეულწილად ეხმარება, მხარს უჭერს „ისფედს“ მონაცემების ანალიზში, თუმცა საბოლოო პროდუქტზე პასუხისმგებელია „ისფედი“, რადგან ის არის დამკვეთი ამ პროცესის. ამ პროცესის დროს მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ამიტომ ვინც არ უნდა წერდეს პროგრამულ „სოფტს“, თუ სწორი დავალება არ მიაწოდე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, პროგრამულ „სოფტს“ ვერ დაწერენ. პროგრამამ აღმოაჩინა, რომ იყო შემდეგი ხარვეზი – ლოგიკური ამოცანების ნუსხა „ისფედმა“ მიაწოდა NDI-ის ექსპერტებს, თუმცა წერილობით არ იყო ინფორმაცია მიწოდებული იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოთვლა“, – განაცხადა სართანიამ, რომელმაც ამ ფაქტს ადამიანური შეცდომა უწოდა.
როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.
ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.
კომენტარები