ტელეკომპანია „ფორმულას” დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე წარსულში ჰომოფობიური გამონათქვამების გამო ბოდიშს იხდის.
გივი ავალიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა 2013 წელს ჩაწერილი გადაცემა „მძიმა კაცთან“, რომელშიც გიორგი თარგამაძე ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს:
„მე ვისურვებდი, ჩემი შვილები არ მეტარებინა ისეთ სასწავლებელში, სადაც გაცხადებულად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იქნება პედაგოგად. მე მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ არაჯანსაღ გარემოს შექმნის მოზარდების აღზრდისა და განვითარების პირობებში. განსაკუთრებით იმ ასაკში, რა ასაკშიც ჩვენი შვილები დადიან. მიმაჩნია, რომ ეს მაინც არის გადახრა, ეს არ არის ნორმალური“, – აცხადებდა გიორგი თარგამაძე გადაცემაში „მძიმე კაცთან“, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია გამოქვეყნებული.
გივი ავალიანმა თარგამაძეს საჯაროდ ჰკითხა, იმავე აზრზეა თუ არა „ფორმულას“ დირექტორის მოადგილე, რაზეც თარგამაძემ საჯაროდ გამოქვეყნების ნებართვით, პირადად მისწერა:
„ბატონო გივი, სრულიად მესმის და ვიზიარებ თქვენს ლეგიტიმურ სურვილს იცოდეთ პასუხი დასმულ კითვაზე. გპასუხობთ: არა, არ ვიზიარებ. ვთვლი, რომ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანის ღირსებაზე მსჯელობა არასწორია და მიუღებელი. აქვე ბოდიშს ვუხდი იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებთან მიმართებაშიც ჩემი რამდენიმე ძველი გამონათქვამი იყო გამოყენებული. მათ შორის ვთვლი, რომ ჩემი ან სხვა ადამიანის რელიგიური შეხედულებები არ გვაძლევს უფლებას საჯარო სივრცეში მათ აქტიურობას და მითუმეტეს არსებობას რაიმე რეგლამენტაცია დავუწესოთ. ამ მხრივ ჩვენი კონსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო მკაფიო გარანტიებს ქმნის, რომლის სულისკვეთებაც არის და იქნება ჩემი ახლანდელი და შემდგომი საქმიანობის საყრდენი და სახელმძღვანელო პრინციპები“, – აცხადებს გიორგი თარგამაძე.
კომენტარები