„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, იურისტი, ვალერი გელბახიანი.
– ეკონომიკურ საკითხებზე რას იტყვით? 2020 წელს მოკვდა ქართული ეკონომიკა.
– კი, კი, მოკვდა ჩვენი ეკონომიკა. სადღაა ეკონომიკა? გაჩერებულია ყველაფერი და ვაჭრობას ეკონომიკას რომ ეძახიან, ეს ეკონომიკა არ არის. წარმოება, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია და ის მცირედი, რაც იყო, გაჩერდა და სულს ღაფავს, ტურიზმზე ჩამოკიდეს მთელი ეკონომიკა და მოკლეს ტურიზმიც იმ უაზრო რეგულაციებით, რაც პანდემიის გამო დააწესეს. პროდუქცია არ იქმნება, ამ ლოკდაუნმა მთელი საქართველო უმუშევარი დატოვა. ჩვენ ვზივართ იმპორტსა და საგარეო ვალებზე. იმ საგარეო ვალსაც აღარავინ არ მოგვცემს, რადგან საამისოდ დაწესებულ ზღვარზე ვართ. დეფოლტის წინაშე ვდგევართ და ეს დეფოლტი მხოლოდ დროის საქმეა.
– ბევრი ცუდი რა მოხდა 2020 წელს, ხელისუფლების ბევრი მცდარი და დანაშაულებრივი ქმედება მახსენდება, მაგრამ ერთზე მინდა შევჩერდე. თბილისის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტი გვარიანად შეამცირა, ეს ფული მოაკლდება ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებს, რაც უნდა გაკეთებულიყო, არ გაკეთდება. ამ დროს, მერიის სახელფასო ბიუჯეტი 5.5 მილიონით გაიზარდა და ეს თანხა მერიის საქალაქო სამსახურებსა და თბილისის რაიონების გამგეობებზე გადანაწილდება. ამაზე რას იტყვით?
– აი, ამაზრზენი ამბავია ნამდვილად. მეტი რა ვთქვა? ამით ჩანს თბილისის მერიისა და ზოგადად, ხელისუფლების დამოკიდებულება ხალხის მიმართ. ფეხებზე მკიდიხართო, კიდევ ერთხელ უთხრეს. ხალხი შიმშილს ებრძვის და შენ ხელფასს იზრდი? ნამუსის ნატამალიც დაკარგე? ვიმეორებ, ფეხებზე ჰკიდიათ ხალხის სოციალური მდგომარეობა, ოღონდ შეინარჩუნონ ისტებლიშმენტი, არ მოაკლონ კეთილდღეობა. თან ხალხის ფულია ეგ ფული, ბიუჯეტის ფული ხალხისაა. ხალხს არ აძლევენ მის ფულს და თავად იზრდიან ხელფასს. მილიონზე მეტი ადამიანი უმუშევარი და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დარჩა, ესენი კიდევ რას აკეთებენ?!
– დღე–დღეზე ხელისუფლება თავზე დაემხობათ და რატომ არიან მაინც ასე ბრიყვულად თავდაჯერებულები?
– იმიტომ, რომ ბრიყვები არიან. პარლამენტში მთავრობის დამტკიცებას ვუყურე, კრიტიკის ნატამალი ხომ არ ყოფილა, ერთი კრიტიკული შეკითხვა არ დაუსვამთ არც ერთი მინისტრობის კანდიდატისთვის. იქ იყო ქება–დიდება, რომ ჩვენ მივაღწიეთ ისეთ დონეს, რომლის მსგავსიც საქართველოში აქამდე არ ყოფილაო. კი, „მიაღწიეს“, დაანგრიეს ქვეყანა, დაამშიეს ხალხი. ეს არ აწუხებთ, უხარიათ, რადგან ქვეყნისა და ხალხის გაღარიბების კვალობაზე თავად დიდი ფული იშოვნეს. სახელმწიფოს უკონტროლოდ და უნამუსოდ ძარცვავენ. „ქართული ოცნება“ არის დამნაშავეთა, მტაცებელთა კასტა და ეს ქვეყანა მხოლოდ გამდიდრების საშუალებაა ამ კასტისთვის. ამ ხალხისთვის საქართველო სამშობლო არ არის, მხოლოდ სახრავია. თუმცა, დამერწმუნეთ, ეს მალე დასრულდება, 2021 წელს ახალი ხელისუფლება ეყოლება საქართველოს.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები