კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
“მწუხარებით შევიტყვე ტარიელ ფუტკარაძის, საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორის, მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, პოლიტიკოსის, უზენაეს საბჭოს წევრის და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერის გარდაცვალება და დავფიქრდი – ეს ადამიანი ხომ 60 წლის იყო, რატომ ასე ნაადრევად გარდაცვალება? მაგრამ საქართველოს გადაუარა ნამდვილმა ისტორიულმა გრიგალმა – და სიმართლის მსაჯულის განაჩენები – ცოტა ხევსურული ზეპირსიტყვიერების პროსოდიით რომ ვთქვათ – გარკვეული კატეგორიის ადამიანთა სრულიად არამარტივ ყოფაზე და მათ ჯანმრთელობაზე შესაძლოა მძიმედ ასახულიყო.
გარდა იმისა, რომ ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებით, ბატონი ტარიელი ყოველ წელს აწყობდა მეცნიერულ სიმპოზიუმებს, რომლებზეც თემატიზებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის წარმოებული ბრძოლა, ეროვნული მოძრაობის ისტორია და მისი დამფუძნებელი მამების საინტერესო ბიოგრაფიული მომენტები, ასევე სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების სიღრმისეული მიზეზების კვლევა. იგი თვლიდა, რომ 1991-1992 წლების მიჯნაზე, ასევე შემდგომ განვითარებული მოვლენების შეფასება არ უნდა მოხდეს მხოლოდ დეკლარატიულ დონეზე, არამედ ის სასამართლოს წესით უნდა შეფასდეს. სხვათა შორის მთავრობის სასახლეზე ორკვირიანი საარტილერიო და სარაკეტო იერიშებისას 1991-1992 წლების მიჯნაზე ტარიელ ფუტკარაძეს არ დაუტოვებია თავისი სამუშაო კაბინეტი.
ბატონი ტარიელი აკადემიური სფეროდან მოვიდა ეროვნულ მოძრაობაშიც და ხელისუფლებაშიც. ამ მოძრაობის ძირითადი კოჰორტაც აკადემიური სივრციდან იყო – საკმარისია გავიხსენოთ ის მეცნიერები და პროფესორები, რომლებიც პოლიტიკის გარეშეც შემდგარი ადამიანები იყვნენ და ასეთებად დარჩნენ თანამემამულეთა თვალში. მათ გადატრიალების შემდეგაც წარმატებულად გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა. მახსოვს მაშინდელი ოპონენტების იქედნური ქირქილიც, “ქუჩის ოპოზიციაო”, “ქუჩის ურაპატრიოტების მოძრაობაო”…. ტარიელ ფუტკარაძის გარდაცვალება მათ ხსოვნასაც წამოსწევს ჩვენს მეხსიერებაში: ვახტანგ ბოჭორიშვილი, თენგიზ კიკაჩეიშვილი, თემურ ქორიძე, ტარიელ გელანტია, ვიქტორ დომუხოვსკი, შალვა (შუქრი) აბზიანიძე, გია მაისაშვილი, ირაკლი ჩხეიძე, თემურ ჯანელიძე, აკაკი მათიაშვილი, ნათელა ქუთელია, მერაბ საყვარელიძე, გოგი ოჩიაური, მაია მაჭავარიანი, ავთანდილ პოპიაშვილი, დავით ტაბიძე, იური ბურკაძე, ედუარდ ჯანელიძე, ვიქტორ ფხალაძე…. მომიტევეთ, თუ ვინმე გამომრჩა. მათ ასევე დაწერეს ეროვნული განახლებისთვის და თავისუფლებისთვის წარმოებული ბრძოლის ისტორია.
და ბოლოს მინდა თხოვნით მივმართო თბილისის მერიას – ბატონი ტარიელ ფუტკარაძის ნეშტი დაიკრძალოს მახათას მთის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Kakha Kaladze კახა კალაძე.”
კომენტარები