ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს:
“ყველა ლანძღავს და აგინებს 2020 წელს. ვის სამსახური დაეკარგა, ვის შეუჩერდა, ვის ბიზნესი გაუკოტრდა, ვინ საცხოვრებელი გაყიდა, ვინ დაინფიცირდა… ვინ გამოჯანმრთელდა… ვინ გარდაიცვალა. ყველა, მიღებული პირადი ფინანსური თუ მორალური ზარალით ვკიცხავთ გასულ წელს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ გასულმა წელმა სრულიად “შეაჯანჯღარა” მსოფლიო, რეალობის სარკეში ჩაახედა ადამიანები. დაანახა რომ სამუშაო, ბიზნესი და გართობა კი არ არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა და უმთავრესი თემა ჩვენს ცხოვრებაში… არამედ, ერთმანეთის სიყვარული, თანადგომა, მოვლა, ჯანმრთელობაზე და ჰიგიენაზე ფიქრი.
ადამიანები, რომლებიც დილით გაიჯახუნებდნენ კარს და ღამე შემოდიოდნენ ბიზნესს, სამსახურს, სწავლას თუ გართობას გადაყოლილები…. ყველანი ერთიანად დასვა სახლში და “იძულებით” ჩაახუტა ოჯახის წევრებს. დააფიქრა მის უსუსურობაზე ავადმყოფობის წინაშე. დააბრუნებინა სიმწრით ნაყიდი თვითმფრინავის ბილეთები, გააუქმებინა დაგეგმილი მოგზაურობები… დაახურინა ბოლო კაპიკებით შეკოწიწებული ბიზნესები. დასვა სახლში და ამ ყველაფრის სამაგიეროდ….. ჩაახუტა დედას, ცოლს, შვილს, და-ძმას, მამას. შეამჩნევინა რომ დედას ჭაღარა და ნაოჭები გასჩენია, ცოლს ცოტა ასაკი შეპარვია, ქალიშვილი დაქალებულა, ვაჟს გერლფრენდი გაუჩენია და სამსახურშიც დაუწინაურებიათ. აქამდე ხომ დილით გადიოდა და ღამე შემოდიოდა საშოვარზე გადაგებული. ამ ყველაფრის შემხედვარე… ბევრს შერცხვა კიდეც მისი აქამდე “მეჩქარება! გავრბივარ! არ მცალია! გადარბენაზე ვარ! რეჟიმში ნაცხოვრები ცხოვრების სტილის.
ასე რომ, 2020 წელი დამანგრეველი კი აღმოჩნდა ეკონომიური კუთხით… მაგრამ იყო გენიალური… ადამიანების საკუთარ თავში ჩახედვის, ღირებულებების აწონ დაწონვის, გადაფასებების და დასკვნების გამოტანის კუთხით, რაც როდესღაც საჭიროც კი იყო მომხდარიყო ამ შეშლილ მსოფლიოში და ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში!!!”
კომენტარები