ენმ-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, სოციალურ ქსელში, ზვიად გამსახურდიას ფოტო აქვეყნებს და წერს:
“მასირებული შეტევა 22 დეკემბერს დაიწყო.
შენობის დატოვება არავის უფიქრია, მათ შორის, იმ მოქალაქეებს, ვინც საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა არჩეული ხელისუფლების დაცვას. იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ არცკი მახსოვს როგორ აღმოვჩნდით პრეზიდენტის ფლიგელიდან პარლამენტის ნულოვან სართულზე. ეს ის ადგილია თქვენ ბუნკერს რომ ეძახით და სინამდვილეში, პარლამენტის დიდი სასადილო იყო. ამ ადგილის შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდი. დიდი კორიდორიდან ბევრი მიხვეულ-მოხვეული გასასვლელით გზა იყოფოდა, საითკენაც პანიკაში მყოფი ხალხის ნაკადი წაგიღებდა, იქ ჩერდებოდი. პირველად დიდ დარბაზში შევვარდით. სულ ცოტა ხანში სასადილო დარბაზი ლაზარეთად იქცა. ჩამოყავდათ დაჭრილები და გარდაცვლილები… იქაურობა ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა.. სასადილო მაგიდებზე იწვა დაცხრილული ხალხი… ზოგი გაუყუჩებელი ჭრილობების სიმძიმისგან ბღაოდა, ზოგი მეგობრის სიკვდილს გლოვობდა, ზოგი უბრალოდ ისტერიკას ვერ იკავებდა .. მათ სანუგეშოდ შიშველი ხელებით დარჩენილებს ვისაც როგორ შეგვეძლო, ისე ვცდილობდით დახმარებას…
ცოტა ხანში, ხმა გავრცელდა პრეზიდენტის კაბინეტი დაცხრილესო და ამ გაურკვეველი ადგილიდან პრეზიდენტის სართულისკენ გავიქეცით. არ ვიცი რა დრო დაგვჭირდა ადგილამდე მისასვლელად, მაგრამ ტყვიების წვიმაში, თითქმის ფორთხვით მისულებს საშინელი სურათი დაგვხვდა-კაბინეტი მიწასთან იყო გასწორებული.. მტვრის ბუღში გახვეული პრეზიდენტის თანაშემწე ალიკა ხაინდრავა (გოგა ხაინდრავას ბიძა) ცდილობდა საჭირო ნივთების ოთახიდან გამოტანას. ჩემთან ერთად იყო ლალი მაისურაძე (პრეზიდენტის მდივანი) და უცნობი ჯარისკაცები.. რაც შევძელით, გამოვიტანეთ.. აღარაფრის აღარ მეშინოდა, ალიკა ხაინდრავამ დაგვამშვიდა,რომ ზვიადი უვნებელი გაიყვანეს…
ნივთები სასადილოში ჩავიტანეთ. ზვიადი კორიდორიდან ხელმარჯვნივ პირველივე დიდ ოთახში იყო. უამრავი ადამიანი ირეოდა, მოგვიანებით დაცვამ გადაწყვიტა ხალხის გაყვანა და კონკრეტული ადამიანების დარჩენა. ისე მოხდა, რომ საბოლოოდ ამ ოთახში დავრჩით ზვიადი, ბესო გუგუშვილი, მანანა ძოძუაშვილი, ლელე, პირადი დაცვა და მე (ალბათ, ყველაზე პატარა რომ ვიყავი, ამიტომ). ის დიდი დარბაზი ფქვილის საწყობი აღმოჩნდა. შუაში დიდი სასწორი იდგა, კედლების გასწვრივ უამრავი მილი გადიოდა. არ იყო არცერთი სკამი. ტომრებისგან სახელდახელო ჩამოსაჯდომები გააკეთეს და ეს იყო მთელი აღჭურვილობა. ორი კვირის განმავლობაში ვიყავი საქართველოს პრეზიდენტის გვერდით და ცხადად მახსოვს ყოველი დღე, ვცდილობდი დღიურის სახით დამეწერა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და ასეც მოვიქეცი.. ისედაც მძიმე დღეებს, რაც ყველაზე მეტად აუტანელს ხდიდა, იყო ყინვა…
ლელეს დიდი მცდელობის მიუხედავად, მთელი ამ ხნის მანძილზე ზვიადს ლუკმა არ უჭამია. მხოლოდ ჩაის სვამდა. არ მინახავს ჩაძინებული, გარდა ერთი შემთხვევისა – იმ ტომრებით გამოყვანილ ფიგურებზე გამძლეობადაკარგულები ხან ვის ჩასთვლემდა და ხან ვის.. არ ვიცი როგორ გავბედე ჩაძინება, მაგრამ როცა თვალი გავახილე, ფქვილის ტომარის ერთ მხარეს მე მედო თავი და მეორე მხარეს საქართველოს პრეზიდენტს. ყველაზე მეტად იმის შემრცხვა, რომ ჩაძინებულს თავის პალტო მოუფარებია ჩემთვის …
ენით აღუწერელი ტანჯვა გავიარეთ. წასაკითხად არაფრისმთქმელი, მაგრამ გადასატანად მხოლოდ მათთვის საცნობი, ვინც ეს გაიარა…
იმ ოთახის სამახსოვრო ფაქტებს ამ ფორმატით არ ვაპირებ მოვყვე, მაგრამ ოდესმე, როცა ამ საქმისთვის მოვიცლი, აუცილებლად დავწერ… მანამდე რამდენიმე ფაქტს გიამბობთ ადამიანების გმირობისა და დაცემის შესახებ… იმ ოთახში ვნახე ღალატში გამომტყდარი მტირალა მაღალჩინოსნები, თუ როგორ გადააბარეს ანძა რუსებს, როგორ იმარაგებდა “ოპოზიცია” რუსეთიდან ტყვია-წამალს, როგორ ცდილობდნენ პრეზიდენტის ტყვედ აყვანას, მაგრამ რაკი თავად ჩავარდნენ ტყვედ, როგორ თხოვდნენ ზვიადს, რომ შეეწყალებინა მათი უბადრუკი სიცოცხლე.. მახსოვს მეზობელი ქვეყნის მეთაურის შეთავაზებული დახმარება ცოცხალი ძალითა და იარაღით, მახსოვს ზვიადის პასუხი, რომ ქართველების წინააღმდეგ ამ დახმარების მიღებას არასდროს დათანხმდებოდა…
იმ გრძელ კორიდორზე,რომელზეც ზემოთ ვწერ, გარდაცვლილების ცხედრები ესვენა. წარმოუდგენელი იყო დაჭრილების და გარდაცვლილების შენიანების და მტრებად დაყოფა. ვისაც ამ მხრივ უკეთური სიტყვა უთქვამს, მათ სინდისზე იყოს სანდრო შაიშმელაშვილის სახელთან დაკავშირებული ცილისწამება…
რომელიღაც დღეს დაჭრილებს ტკივილებს ვეღარაფრით უყუჩებდნენ, საკითხი დადგა ასე-თუ კორიდორში დასვენებულ ცხედრებს არ გადაიტანდნენ შენობიდან, იქ გაჩერება შეუძლებელი გახდებოდა, ასევე, თუ დაჭრილებს სამკურნალო მედიკამენტებს ვერ მიახმარდნენ, ისინიც დაიღუპებოდნენ. ამისთვის საჭირო გახდა გარეთ გასვლა. გასვლა ადვილი იყო, უკან დაბრუნება ძნელი. მახსოვს ახალგაზრდა ბიჭის, ხობის პრეფექტის (თენგო ერქვა, გვარი არ მახსოვს) გვამი ესვენა და ვერავინ ბედავდა იმ ტყვიების წვიმაში გადასვენებას. თქვენ რომ კადრებიდან სვანურის მოცეკვავე ბიჭი გახსოვთ და ალბათ ბევრს გაგიფიქრიათ რა აცეკვებს ამ უპატრონოსო, იმ ბიჭს, ნამცეცას ეძახდნენ, მას ეყო ვაჟკაცობა ეთქვა, რაც იქნება იქნება მე გავიყვანო, ოღონდ ვინმე გამომყევითო. ეზოში ეგდო სასწრაფოს მანქანა, ამ ბიჭმა ჩაიცვა თეთრი ხალათი, მეც ჩავიცვი თეთრი ხალათი და იმ იმედით, რომ სასწრაფოს მანქანას არ დაცხრილავდნენ, გადავწყვიტეთ თენგოს ცხედარი ნათესავის სახლამდე მიგვესვენებინა, გზად პრეზიდენტის დაცვის წევრმა გვითხრა მარტო როგორ გაგიშვებთო და ავტომატით ჩაგვიჯდა მანქანაში. როგორცკი რუსთაველს გავშორდით, ერთი წუთით გამიჩერეთო, გადახტა მანქანიდან, შეგვატოვა მიცვალებული და მას მერე არავის გვინახავს…
ვითარება დღითიდღე მძიმდებოდა. ერთადერთი დღე, როცა დაცხრილული სახელმწიფოებრიობის ნაომარმა მცველებმა ერთად შეკრება შეძლეს, ახალი წელი იყო. მერე ეს კადრები ათასი ვერაგობისთვის გამოიყენეს და ისიც კი იკადრეს ეთქვათ, რომ ზვიადს საწამებელი ოთახები ქონდაო…
6 იანვარს, გამთენიისას ორი საათი მოგვცეს დრო იმისთვის,რომ დაგვეტოვებინა შენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზით ამოგვგუდავდნენ და არავის ცოცხალს არ დაგვტოვებდნენ. ზვიადი ცდილობდა არავინ დარჩენილიყო შენობაში, თავად დაიარა სართულები. ჩემი თვალით ვნახე რა გაიტანა, ეს იყო მხოლოდ ვიდეოკასეტები და არაფერი სხვა… უთვლიდნენ მიცემული დროისთვის არ გადაეცილებინა, თორემ კოლხურ კოშკში ცოლი და მცირეწლოვანი შვილები ცოცხლები არ დახვდებოდნენ. შენობაში მყოფი უამრავი ადამიანისთვის მითითების თანახმად, საკრებულოსთან იდგა ავტობუსები და პირობა დადეს, რომ ხალხს უვნებლად გაიყვანდნენ. ეს ის ავტობუსებია, საბოლოოდ ხაფანგი რომ აღმოჩნდა, ცეცხლი გაუხსნეს და დილით ცხედრები სისხლის გუბეებით იყო დაფარული…
მე სად წავედი? ამაზე სხვა დროს…
არ მეშინოდა? როგორ არა…თუმცა, იმის წარმოდგენის უფრო მეშინოდა, რაც ჩემს ქვეყანას დამართეს …
ეს არის ჩემთვის 6 იანვარი, – საქართველოს დამოუკიდებლობის მომპოვებელი პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევების დღე და მას მერე სულ დამოუკიდებლობის ძიებაში მყოფი ქვეყნის უიღბლობის სათავე …”
კომენტარები