მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები წინასაახალწლოდ უკვე წლებია რეკომენდაციებს არ იშურებენ და მშობლებს მოუწოდებენ, პატარებისთვის პიროტექნიკა ხელმისაწვდომი არ იყოს, ყოველწლიურად სამწუხარო ფაქტები მაინც ხდება…
ჯანმრთელობის და უსაფრთხოების გაფრთხილების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს სპეციალური კანონიც მიიღო, აიკრძალა არასრულწლოვანისათვის პიროტექნიკის მიყიდვა. თუმცა, არ აკრძალულა მისი გამოყენება, შესაბამისად, მას მშობლები ყიდულობენ და ბავშვები კი “აფეთქებენ”
“პრაიმტაიმთან” ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე საუბრობს:
“პიროტექნიკით დაზარალებულთა სტატისტიკაზე საუბარი რთულია, რადგან დაზარალებულები მხოლოდ დამწვრობის ცენტრში არ ხვდებიან, ისინი სხვადასხვა კლინიკებში, ქირურგიულ მიმღებში ხვდებიან, რადგან გარდა დამწვრობისა, ასაფეთქებლებს ნაკვეთი ჭრილობები, სისხლდენები, თითების მოტეხილობები, ყბა-სახისა და თვალის დაზიანებები და ა.შ.
წელს, ჩვენთან სულ 35 პაციენტი შემოვიდა, აქედან 20 ბავშვია. მოხდა 3 მათგანის ჰოსპიტალიზაცია. საბედნიეროდ, წელს მძიმე შემთხვევა არ გვქონია. შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკამ გასულ წლებთან შედარებით ცოტა იკლო. შობაზეც მივიღეთ ასეთი პაციენტები და ძველ ახალწელსაც ველოდებით, ასე გრძელდება ხოლმე. სანამ დღესასწაულებია და სანამ ბოლო ასაფეთქებლები არ გაიყიდება მსგავსი შემთხვევები გრძელდება.
წელს, ყველაზე პატარა, რომელმაც დაზიანება მიიღო 3 წლის ბავშვია, სხვამ გაისროლა და მას ანასხლეტი მოხვდა, საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი იყო, გადავრჩით. დანარჩენები 9, 10 და 11 წლის ბავშვები იყვნენ. ძირითადი დაზიანება მარჯვენა ხელის მტევანსა და სახეზე მოდიოდა.
ბაზარზე არის ისეთი ასაფეთქებელი საშუალებები, რომლებიც განსაკუთრებულად სახიფათოა. ბავშვისთვის გინდა დატენილი იარაღი მიგიციათ და გინდა ასაფეთქებელი, რომელიც 100 მ. სიმაღლეზე ადის, როგორი მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია მსგავს საშუალებებს რთული წარმოსადგენი არ არის.
მშობლებს კი მოვუწოდებ, რომ 10-15 წუთიანი ახსნა-განმარტებებით დაკავდით და მოზარდებს პიროტექნიკით გამოწვეულ შედეგებსა და ხიფათზე ესაუბრეთ, ეს უმჯობესია, ვიდრე დღესასწაულებს კლინიკებში შეხვდეთ და საკუთარი ოჯახის წევრებზე გამოცადოთ საქართველოს ჯანდაცვის პროგრამების მუშაობის ხარისხი.”
კომენტარები