,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით განცხადებას გაავრცელა:
„ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს. საარჩევნო რეფორმის ძირითადი ასპექტები, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში, შეჯერებულია. არის რეფორმის გარკვეული საკითხები, რომელთა განხორციელება მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს. პირველ რიგში, ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას.
აშკარაა, რომ საქართველოში დღეს არსებულ ძირითად ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არა აქვთ დემოკრატიულ პროცესებში დადებითი წვლილის შეტანის რესურსი. მათ ამის საშუალებას არ აძლევს უმძიმესი პოლიტიკური წარსული და თანდაყოლილი დესტრუქციული ბუნება. თუმცა, რადგან დღეს ისინი განასახიერებენ ოპოზიციას, ვალდებული ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, არჩევნების შედეგების გადამოწმებასა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში. იმედი გვაქვს, ისინი ამჯერად მაინც არ შეუშინდებიან და არ აარიდებენ თავს არჩევნების შედეგების გადამოწმებას. საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა მათთვის არის ბოლო შანსი, გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნონ სახე საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. თუ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა მათი მონაწილეობის გარეშე წარიმართება და დასრულდება, ისინი ამ შანსსაც საბოლოოდ გაუშვებენ ხელიდან“
კომენტარები