ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ კელი დეგნანს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, საუბარი შეეხო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და ვაქცინაციის საკითხს. მინისტრის თქმით, საქართველო COVAX პლატფორმისგან ვაქცინას უახლოეს მომავალში მიიღებს.
„მნიშვნელოვანი იყო იმ ფაქტების გაცვლა, რაც პანდემიასთან მიმართებაში დღეს საქართველოში მიმდინარეობს. რა ვითარება არის კონკრეტულად ახლა, რა შედეგი გამოიღო იმ გახსნითმა ღონისძიებებმა, რომელიც ჩვენ საახალწლოდ გვქონდა, როგორი არის დღევანდელი ვითარება, ასევე როგორ იმართება ტესტირება ქვეყანაში. ყველაზე მნიშვნელოვანი სასაუბრო, რა თქმა უნდა, იყო ვაქცინაციის კომპონენტი. საქართველოში უახლოეს მომავალში შიძლება გახდეს შესაძლებელი Pfeizer-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
თავის მხრივ, კელი დეგნანმა შეხვედრას სასარგებლო უწოდა.
„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა. არა მხოლოდ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისთვის რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ეკონომიკა და გაიხსნას სკოლები“, – აღნიშნა დეგნანმა.
“ალია” შეგახსენებთ, ვაქცინის გეგმას ჯანდაცვის სამინისტროსგან რამდენიმე ექიმი აქტიურად ითხოვს, მათ შორის, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, რომელსაც სოციალურ ქსელში, ამავე სამინისტროს წარმომადგენლები კომენტარებში უწერდნენ, რომ ვაქცინის გეგმას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, ამერიკის ელჩსაც თუ ეტყვიან იგივეს და რა უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა კელი დეგნანს – რატომ არ გვაქვს მზად ვაქცინაციის გეგმა?
არანაკლებ საინტერესოა ის, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირველად ამერიკის ელჩს მიაწოდა და არა ქართველ ამომრჩეველს. მაშინ როცა ექიმებმაც კი არ იციან, რომელი ვაქცინის შემოტანას გეგმავს ქვეყანა – ჯანდაცვის მინისტრი პირველ ინფორმაციას ამერიკის საელჩოს აცნობს და იქედან ვიგებთ შემდეგ ჩვენ!
რა თქმა უნდა, ვერ იქნება დამთხვევა ის ფაქტი, რომ ჩინურ ვაქცინაზე საუბრის შემდეგ, მოუწია ჯანდაცვის მინისტრს ამერიკის ელჩთან მიბრძანება და განმარტების გაკეთება.
როგორ აპირებს ფრაიზერის ვაქცინის შენახვის პირობების შექმნას მინისტრი და კონკრეტულად რამდენი ხანი უნდა ველოდოთ მას – ამაზე ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.
ამერიკის ელჩმა კი თავი მოკლე კომენტარში მინიმუმ 3 გზავნილი გაავრცელა:
- ის აპირებს დაინტერესდეს მთავრობის 2021 წლის გეგმით, პანდემიის მართვის კუთხით.
- ითხოვს და ელის მჭიდრო კოორდინაციას – ვაქცინის გეგმასთან დაკავშირებით, რითიც მიგვანიშნებს, რომ მასთან კოორდინაციის გარეშე ვაქცინა არ შემოვა.
- ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხროციელების გეგმა – შესაბამისად, ის სწრაფად უნდა შეიქმნას.
კომენტარები