ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის უკვე ამოწურული იყო, თუმცა მოულოდნელად ერთმა ჯგუფმა ამ შეთანხმებას უნდობლობა გამოუცხადა და თქვა, რომ კონფლიქტი არ დასრულებულა.
„თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული არ დავიშლებით, ჩვენი ძმები ჩამოვლენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უფრო ფართომაშტაბიან აქციას ვაანონსებთ“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილობრივი მუსლიმების ნაწილი გუშინვე ამბობდა, რომ შეთანხმება შედგა და დაპირისპირება ამოწურულია. ზოგი არც იმას მალავს, რომ ადგილზე ვითარების არევას სხვა რაიონიდან ჩამოსული პირები ცდილობენ, ერთ-ერთ ასეთად კი აჭარელი მოჭიდავე, ფირუზ წულუკიძე სახელდება – რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ სერიოზულ სკანდალში გაეხვია.
2020 წლის ივლისში, წულუკიძემ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და თორნიკე რიჟვაძის მამა, საარჩევნოდ დახმარების სანაცვლოდ, მას და მის ოჯახს გარიგებას სთავაზობდა. ფირუზ წულუკიძე ამბობდა, რომ მისი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც “დროებას” მოუყვა ე.წ. ზონდერ ბრიგადების არსებობისა და პოლიციაში გამართული კონსპირაციული შეხვედრის შესახებ.
ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის 20 წლის ფირუზ წულუკიძე 2013 წელსაც მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა, მაშინ ის ამბობდა,რომ იმის გამო, რომ მუსლიმია, წვერი აქვს და მარხულობს, მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაუშვეს.
იგივე 2013 წელს იგი ოფიციალურად გასამართლდა.
მაშინ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფირუზ წულუკიძე ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს, იუსუფ ლაკაევს მალავდა, რომელიც საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში.
ოფიციალური ინფორმაციით, მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას უწევდა, ასევე, ბათუმში დროებით მცხოვრები თემურ ბახუნტარიძე. დაკავების დროს ლაკაევმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს და ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის თანამშრომელი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს წულუკიძე და ბახუნტარიძეც.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა მაშინ აუდიოჩანაწერი, რომელშიც შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი თემურ ბახუნტარაძეს ეუბნება:
თემურ კვანტალიანი, შსს:
-“როცა მთავრდება ვარჯიში და გრძელდება შეკრება, არ უნდა აცხადებდეს ის ხალხი, რომ რაღაც ზეგავლენის და ფსიქოლოგიური მომენტის გამო ისინი ვერ ამბობენ ამაზე უარს და უწევთ ამ ურთიერთობაში დარჩენა.”
თემურ ნაბუხტარაძე:
-“მე ქადაგებას ვერ შევწყვეტ. თუ ის ბავშვები ჩემთან აღარ მოვლენ, მოდი მეთქი, არ ვეტყვი. თუ მოვლენ და მეტყვიან, რაც აინტერესებთ, მიიღებენ იმას, რაც აინტერესებთ. თუ იმან ჭიდაობის გარდა სხვა რაღაცაც შემეკითხა, იმასაც ვუპასუხებ.”
2015 წელს საქართველოს კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობას საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილმა ჩატაევმა აუდიო მუქარა გამოუგზავნა და ციხიდან რამდენიმე პირის გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩვენს ქვეყანაში ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდა. ჩატაევი ითხოვდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის და აჭარელი მოჭიდავეების გათავისუფლებას – საუბარია თემურ ბახუნტარიძეზე და ფირუზ წულუკიძეზე, რომლებიც სამართალდამცველებმა ერთად დააპატიმრეს, 2013 წლის 13 სექტემბერს.
„საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისა და იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოება დასრულდება“ – ასეთი შინაარსის აუდიომუქარა გამოგზავნა 2015 წელს აჰმედ ჩატაევმა, სადაც ის აიუფ ბორჩაშვილის და ბახუნტარიძე-წულუკიძის გათავისუფლებას მოითხოვდა.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ იგივე 2013 წელს, როცა ფირუზ წულუკიანი დაიჭირეს, აჰმედ ჩატაევა თავად გაათავისუფლა ციხიდან საქართველოს მთავრობამ.
“ალია” შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს სკანდალური განცხადება გააკეთა სუსის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ “რელიგიურ შუღლს სახელმწიფო უწყებებში მოკალათებული ადამიანები აღვივებენ”
კომენტარები