17 იანვარს გერმანიიდან მოსკოვში ჩასული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. ნავალნი მოწამვლის შემდეგ, სამშობლოში პირველად ჩავიდა.
ნავალნის დაკავებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო არენაზე და დასავლელი პოლიტიკოსები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამბავს ქართველებიც აქტიურად ეხმიანებიან სოციალურ ქსელში და არც არის გასაკვირი, რადგანაც ის მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოპოზიციონერ ფიგურად მიიჩნევა.
2008-2010 წლებში, ნავალნი თავის პოპულარულ Livejournal-ის ბლოგს იყენებდა, რათა ის მექანიზმები გამოევლინა, რომელთაც კორუმპირებული თანამდებობის პირები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კორპორაციებიდან მილიარდობით დოლარის გასაფლანგად იყენებდნენ. ის მმართველი პარტიის, “ედინნაია რასიას” “კრიმინალების და ქურდების პარტიას” უწოდებდა.
დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, ისინი ნათელს ჰფენდნენ მმართველი ელიტის კორუფციაში ჩართულობას, ოფშორულ აქტივებს, კრიმინალურ კავშირებს და ა.შ. პუტინის უახლოესი წრის წევრებს, როგორიც იყვნენ მინისტრები, დუმის დეპუტატები, უსაფრთხოების წარმომადგენლები, პროკურორები და რეჟიმის პროპაგანდისტები, რეპუტაცია შეელახათ – მათი ავტორიტეტი შესუსტდა აღნიშნული ფონდის გამოძიებებით, რომელიც “იუთუბზე” თავსდებოდა. მათ შორის, 2017 წელს ერთ-ერთი გამოძიება მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის სასახლეების, ქონებისა და იახტების დაფინანსებას შეეხებოდა. გამოძიებამ ინტერნეტში 35 მილიონი ნახვა მოაგროვა და საქვეყნო მასშტაბის პროტესტი გამოიწვია.
მეორე მიზეზი, თუ რატომაა ნავალნი მნიშვნელოვანი, არის მისი უნარი, შეაკავშიროს ერთმანეთისგან დაშორებული ლიბერალები და ნაციონალისტები. მიუხედავად იმისა, რომ აქტივიზმი მემარცხენე ლიბერალურ „იაბლოკოს“ პარტიაში დაიწყო, ნავალნის ბევრი ნაციონალისტი სერიოზულად აღიქვამს. 2007 წელს ის პირველი იყო, ვინც ლიბერალებისა და ნაციონალისტებისგან პრო-დემოკრატიული კოალიციის შექმნა სცადა.
მესამე მიზეზი ისაა, რომ მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის ავტორიტარული სისტემის სტაბილურობა, რომელიც პუტინის ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის ფართოდ მანიპულირებულ არჩევნებზეა დაფუძნებული. ნავალნიმ ხალხს 2011 წლის დეკემბრის არჩევნებში ხმის მიცემის ისეთი სტრატეგია შესთავაზა, როომელიც ნებისმიერი კანდიდატის შემოხაზვას ითვალისწინებს, “კრიმინალებისა და ქურდების პარტიის” გარდა. შედეგად, მმართველი პარტიისადმი ხმების შემცირებამ რუსეთი მასიურ საარჩევნო გაყალბებამდე და საპროტესტო აქციებამდე მიიყვანა.

პირადად ნავალნის ელექტორალური პოტენციალი 2013 წელს გამოჩნდა, როდესაც მან მოსკოვის მერობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მისი საარჩევნო კამპანიის შეფერხებისა, მან ხმების 27% დააგროვა. პრეზიდენტობაზე მის ამბიციებს ხელი ფალსიფიცირებულ საქმეებზე სისხლისსამართლებრივმა დევნამ შეუშალა.
თუმცა, ოპოზიციის ლიდერმა აქტივისტების ქსელი გამოიყენა, რათა ხელი შეეწყო სტრატეგიისთვის – “ჭკვიანი ხმის მიცემა”, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებდა, ისეთი კანდიდატებისთვის დაეჭირათ მხარი, ვისაც მმართველი პარტიის დამარცხების ყველაზე კარგი შანსი ჰქონდათ. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი წარმატება 2019 წლის რეგიონულ არჩევნებში, ხაბაროვსკში გამოჩნდა, რომელიც ამჟამად ანტიკრემლური პროტესტის კერას წარმოადგენს.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, რუსეთის ოპოზიციაში ნავალნის უდავო ლიდერობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სტაბილურობის ერთგვარი ნიშანი გახდა. მაშინ, როდესაც რუსეთის რეჟიმის შეუცვლელი ლიდერი პუტინია, ნავალნი ოპოზიციის შეუცვლელ ლიდერად მოიაზრება.
უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, რომ თუ ამჟამად რუსეთის მთავრობამ ნავალნის მოშორება გადაწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ ის სხვა, ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას აშენებს, რომელშიც საერთოდ არანაირი ოპოზიცია აღარაა საჭირო.
ნავალნისთვის შხამი უცნობი რამ არ არის. სამი წლის წინ, კრემლისადმი ლოიალურმა პირებმა მას სახეში ქიმიური ნივთიერება ტრიარილმეთანის საღებავი ესროლეს, რამაც მხედველობა ერთ თვალში სამუდამოდ დაუზიანა.

ოპოზიციონერ ბორის ნემცოვი 2015 წელს მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, რუსეთის ოპოზიციაში ნავალნი ერთადერთ და ყველაზე მნიშვნელოვან ლიდერად დარჩა. მის განსაკუთრებულ სტატუსს კრემლიც აღიარებდა. ამ აღიარების ერთ-ერთი ყველაზე გროტესკული ნიშანი იყო ის, რომ პუტინი და მისი ხალხი ნავალნის სახელით არასდროს მოიხსენიებენ, არამედ ამბობენ: “ეს ადამიანი”. ამ უცნაური “ფობიის” შესახებ კითხვაზე, პრეზიდენტის პრესმდივანმა 2017 წელს განმარტა: “დიახ, ის ამას არ აკეთებს, რაც ჩვენც შევნიშნეთ. როგორც ჩანს, ეს მის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულების გამო ხდება”. პუტინის მღელვარება იმის შესახებ, “ვისი სახელიც არ ითქმის”, რუსეთის პოლიტიკაში ნავალნის უნიკალურ როლზე მეტყველებს.
იანვარში, პუტინმა კონსტიტუციური ცვლილებები შემოიღო, რომელიც არსებითად ცვლის სახელმწიფოს სტრუქტურას და თავად მას საშუალებას აძლევს, მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩეს პრეზიდენტად.

ნავალნი და საქართველო
საქართველოში ნავალნის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, რაც რუსი ოპოზიციის ლიდერის სხვადასხვა განცხადებითაა გამოწვეული. ამბობენ, რომ მან ქართველებს – “გრუზინებს” მღრღნელები – “გრიზუნები” უწოდა, 2008 წლის 8 აგვისტოს კი თავის ბლოგზე დაწერა, – რუსეთმა, როგორც მინიმუმ, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგასო:
“1) სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აღმოუჩინოს სერიოზული სამხედრო და ეკონომიკური დახმარება;
2) გამოაცხადოს სამხრეთ ოსეთი ფრენებისთვის დაკეტილ ზონად და დაუყოვნებლივ ჩამოაგდოს ყველა თვითმფრინავი, რომელიც ამ ზონაში შევა;
3) გამოაცხადოს საქართველოს სრული ბლოკადა და გაწყვიტოს მასთან ყველანაირი კომუნიკაცია;
4) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გამოაძევოს საქართველოს ყველა იქ მყოფი მოქალაქე”;
მიუხედავად ნაციონალიზმისა, ნავალნი უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. 2017 წელს მან ყირიმზე საუბრისას, აფზახეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან შედარებისას განაცხადა, რომ სიტუაცია საქართველოში “განსხვავებული” იყო: “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რეგიონებია, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ცხინვალსა და სოხუმში განვითარდა სისხლიანი მოვლენები, იქ, ფაქტობრივად, ომი იყო”.
რუსი ოპოზიციონერი გამოეხმაურა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსაც, მაგალითად, 2019 წლის 20 ივნისს მომხდარზე მან “ტვიტერზე“ დაწერა: “პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო იმისთვის, რომ იქ ქუჩებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ბევრი რუსი ვეღარ შეძლებს შედარებით იაფად და ხარისხიანად დასვენებას. ისმის კითხვა: რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების პროტესტისთვის?”
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეა თუ ისე, ნავალნის გამო საქართველოსთვის ბევრი არაფერი იცვლება. თუმცა, ნათელია, რომ შხამების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება თავად მოწამლულ პოლიტიკურ სისტემაზე მეტყველებს, რაც საქართველოს ჩრდილოეთით უფრო და უფრო ექსტრემალურ სახეს იძენს.
წყარო – ამბები.ჯი
კომენტარები