გელათის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ჯერ ბრეზენტით, შემდეგ კი თუნუქით გადახურეს, დანგრევის პირასაა მისული.
ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა რეაბილიტაციაზე მომუშავე 2 კომპანია და საქმეში ჩაერთო მესამე, რომელმაც შეცდომები უნდა გამოასწოროს.
სააგენტოს განცხადებით, პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” და “იკორთა 2007”-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12000 – 12000 ლარს მოიცავს.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვების ყველა არეალი. პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია “ბაგინეთი +” განახორციელებს.
სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასულ წელს გაცემული გაფრთხილების მიუხედავად შემსრულებელმა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს სანებართვო პირობების გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება, რაც მთელ რიგ კონსტრუქციულ ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა”, – წერია განცხადებაში.
“მთლიანად რევიზია მიმდინარეობს საჟოლობო სისტემის და ასევე გადახურვების, სადღაც ერთ ადგილზე პირი იყო აწეული იმ ადგილების ჩამაგრებები უნდა მოხდეს და მეტი დაცულობა იყოს… ცრუ განგაშია. იმ ადგილზე არიან მთამსვლელები ეხმარებიან ჩვენ სპეციალისტებს რომ ისე გამაგრდეს, რომ პრობლემები არ ჰქონდეს”, – ამბობს ნიკოლოზ ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი.
“ალია” შეგახსენებთ, რომ უკვე ათეულ თვეზე მეტია, უამრავი ადამიანი ითხოვს მიხედოს სახელმწიფომ გელათს, პასუხად კი მხოლოდ ერთი რამ გვესმის – ცრუ განგაშია…. მაშინაც კი, როცა თავად აღიარებენ, რომ სახურავი აღარ აქვს გელათს – ცრუ განგაშია… მაშინც კი, როცა სახელმწიფო გვეუბნება, რომ სახელმწიფომ კი გააფრთხილა 1 წლის წინ კომპანიები, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს სახელმწიფოს გაფრთხილება – მაინც, ცრუ განგაშია… რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად საგანგაშო – სახელმწიფო გვეუბნება, რომ კი 1 წელია იცის, რომ გელათის სახურავი არასწორად გაკეთდა, კი გააფრთხილა ის კომპანიები, ვისაც ეს სამუშაოები თავად დაუკვეთა და ხელიც მოუწერა შესრულებულ სამუშაოებზე, თანხაც გადაუხადა – მაგრამ, აბა, მეტს ვერაფერს იზამს, იმიტომ, რომ ეს … “ცრუ განგაშია”…
ამწამს, სახელმწიფო გვიმტკიცებს, რომ მთამსვლელები აკეთებენ გელათის სახურავს და … მაინც, ცრუ განგაშია…
მოთხილამურეებიც უნდა წაგეყვანათ, თოვს და თუ გაწვიმდეს, მცურავები და მყვინთავები დაიხმარეთ… კარგია, სპორტსმენები რომ გეხმარებიან, მაგრამ რა ვუყოთ კითხვას – რატომ მიიყვანეთ საქმე აქამდე? რატომ არ ჩაიყვანეთ დროულად სპეციალისტები? რას ნიშნავს გააფრთხილეთ და კომპანიებმა არ გაითვალისწინეს? რატომ მოუწერეთ ხელი ჩაბარების აქტს? რატომ ჩაურიცხეთ თანხა?
სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გელათი დიდი საფრთხის ქვეშაა.
გელათი დაიღუპება – პასუხობს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სააგენტოს:
კრიზისი ეროვნული ძალებით უკვე გადაულახავია. ისე შევიდა ჩიხში, რომ საერთაშორისო საზოგადოება სასწრაფოდ უნდა იქნას ჩამოყვანილი, რომ ეს კრიზის მენეჯმენტი დაიგეგმოს… გელათის გადარჩენა ამ რესურსით, რომელიც აქვს კულტურის სამინისტროს და ეროვნულ სააგენტოს შეუძლებელია და გელათი დაიღუპება”, – ამბობს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
სპეციალისტები გელათის სამონასრო კომპლექსში ამ წუთებშიც იმყოფებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გეგმა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება შეჩერდეს.
კომენტარები