ტელეკომპანია “მთავარი” გია გაჩეჩილაძის ინტერვიუს პასუხობს:
“გია გაჩეჩილაძემ სინდისს უღალატა, თან ზუსტად მაშინ, როცა საპირისპიროს იპოდრომის აქციის მონაწილეებს უმტკიცებდა. ნაცნობი პოლიტიკის უცნობი პოლიტიკოსის აღიარება დაგვიანებული აღმოჩნდა, 13 წლის წინანდელ გარიგებაზე გაჩეჩილაძემ საუბარი მხოლოდ ახლა გადაწყვიტა.
2008 წლის 25 იანვარს მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის პარალელურად, ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერები იპოდრომზე შეიკრიბნენ.
ახლა, უკვე 2021 წელს გავიგეთ, რომ 2008-ში მოლაპარაკებები თურმე შემდგარა.
მაშინ ვერავინ მიხვდა, რატომ მიიღეს ძმებმა გაჩეჩილაძეებმა მოულოდენლად აქციის დაშლის გადაწყვეტილება, თუმცა უცნობმა 13 წლის თავზე თვითონ აღიარა, რომ ხალხის ინტერესზე მაღლა, საკუთარი ამბიცია დააყენა, მოითხოვა ტელევიზიის გახსნა.
მასთან ერთად კიდევ რა შედიოდა პრეტენზიაში, არავინ იცის. ფარული აუდიენციის შესახებ შეხვედრის ერთერთ მონაწილეს ვკითხეთ. გიორგი გაჩეჩილაძის მაშინდელი თანამოაზრე, ბიძინა გეგიძე, ახლა აღარაფერს იხსენებს და ხმაურიანი აღსარების ავტორთან გვამისამართებს.
გაპრეზიდენტებულმა ზურაბიშვილმა პოლიტიკური ფრთის მსგავსად ღირებულებებიც შეიცვალა და ახლა ფიქრობს, რომ მთავარია მოლაპარაკება, ოღონდ რის სანაცვლოდ და რა მიზნით, არც მაშინ აინტერესებდა და არც დღეს.
2008 წელს ძმები გაჩეჩილაძეების თანამოაზრეები ვერ მიხვდნენ, რის გამო შეწყდა პროტესტი და რატომ დაიშალა იპოდრომის აქცია. აღიარება 13 წლის თავზე კი შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მაშინ მიტინგზე იდგა.
იპოდრომის აქციის მონაწილე იყო ნიკა მელიაც. მაშინ, რიგითი აქტივისტი, პარტიული ვალდებულებების გარეშე. დღეს კი, როდესაც ერთერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, ყველაზე დიდ მოთხოვნასაც უყენებს გაჩეჩილაძეს.
13 წელი აღმოჩნდა საკმარისი „უცნობისთვის“, რომ იპოდრომის აქციის დაშლაზე დუმილი დაერღვია. პროტესტის მორალური გატეხვის სანაცვლოდ, სააკაშვილის ხელისუფლებას, მაშინ ტელევიზია მოსთხოვა, მაგრამ ვერ მიიღო. რატომ აღიარა ახლა საჯაროდ და მით უფრო რის სანაცვლოდ, არავინ იცის, თუმცა, გავა დრო და ტრადიციას ისევ გააგრძელებს – თუ ვისთან და რაზე გარიგდა.”
კომენტარები