ია კარგარეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღე ძალიან ემოციურად დაიწყო და მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ.
მე მჯერა, რომ პატარა კარგი ამბები დიდ და საოცარ ცვლილებებს ახდენს.
ერთი საათის წინ აფთიაქში ჩავედი(მანამდე მაღაზიაში ვიყავი), რა თქმა უნდა, რიგი იყო. წესისამებრ ერთმანეთისგან მოშორებით ვიდექით 3 ადამიანი, დანარჩენი გარეთ იცდიდა. სალაროსთან მოხუცი კაცი მივიდა, ხელჯოხით და ნაჭრის ხელჩანთით. ისე მოხდა, რომ ჩამოთვლილი წამლებიდან ერთი არ ფინანსდებოდა. სალაროსთან მდგარმა ქალმა რომ უთხრა ფასი 45 ლარიაო, კაცი შეცბა.
– აღარ მინდა მაშინ, შვილო… მაგდენი არ მაქვს.- უთხრა და ხელი ჩაიქნია.
– აიღეთ, ბაბუ. – მიმართა ისევ ქალმა. – გთხოვთ, საახალწლო საჩუქარი იქნება ჩემგან. – და არ მოეშვა იქამდე, სანამ მოხუცმა წამალი არ გამოართვა.
კაცი გამოტრიალდა, ამღვრეული ჰქონდა თვალები, ჯერ კიდევ გაკვირვებული იყო და ყველას გაოცებულმა შემოგვხედა. ნელი ნაბიჯით გარმართა გასასვლელი კარისკენ.
ჩემი რიგირც მოვიდა. სალაროს მივუახლოვდი და მეორე კონსულტანტი ეკითხება ამ ქალს:
– რატომ გაატანე წამალი?
– ჩემი ფულიდან დავდებ. გულის წამალი იყო და სჭირდება. სულ ყიდულობს ამ წამალს ეგ კაცი, ყოველ თვე.
არ ვიცი, ასეთ რამეს პირველად შევესწარი. ადვილი არ არის, განსაკუთრებით ამჟამინდელ სიტუაციაში, რომ 45 ლარი სხვის საჭიროებას მოახმარო, მაშინ როდესაც, სავარაუდოდ, შენც გყავს ოჯახი და ათასი საზრუნავი გაქვს.
იმდენად გავვოცი ამ ქალის ქმედებით, იმდენად დიდი სიხარულით და სითბოთი ამევსო გული, რომ მეც გამიჩნდა სურვილი რაღაც კარგი გამეკეთებინა. სიკეთე გადამდებიაო, ამბობენ. მაღაზიაში ნაყიდი შოკოლადის შეფუთვა ქალს გავუწოდე და ახალ წელს მოგვიანებით გილოცავთ, გთხოვთ, გამომართვით-მეთქი ვუთხარი ბოლოს, ჩემი შენაძენი ქაღალდის შეფუთვაში რომ ჩადო, და წამოვედი.
მიხარია, რომ ისევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც სხვაზე ზრუნვა შეუძლიათ; ადამიანები, რომელნიც ლამაზ ნაკვალევს ტოვებენ და ვიღაცას სიცოცხლეს ულამაზებენ თავიანთი ქმედებებით. ასეთი ადამიანები ყველაფერს ცვლიან, აბსოლუტურად ყველაფერს.
კომენტარები