ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ განზრახ, ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
პროკურორის თქმით, სწორედ ამ ნაწილში დაუზუსტდათ ბრალი დაკავებულებს დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, თუმცა მათი საბრალდებო მუხლი არ შეცვლილა:
„დღეს მოხდა ბრალის დაზუსტება. ჩვენ არაერთხელ დავაანონსეთ, რომ დადგენილი გვქონდა მოტივი, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდით გასაჯაროებისგან. დადგენილია, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ, დავალებების შესაბამისად, ზემდგომი თანამდებობის პირების შესაბამისად.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას, ესაა მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა ყველაზე მთავარია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ესაა აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც ვიზუალური დემონსტრაციაა, როგორც მოტივის, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა.
ფარულ ვიდეო-აუდიო მასალაში მოტივზე დავალებებთან დაკავშირებით ყველაფერი ნათლად არის ასახული“
კომენტარები