პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე, “კვირის პალიტრასთან” ამბობს:
“ივანიშვილი ნამდვილად წავიდა თუ – არა პოლიტიკიდან და დარჩება თუ – არა იგი “ჩრდილოვან მმართველად”, ამ საკითხზე მსჯელობა ცოტა არ იყოს ალოგიკურად მიმაჩნია. ივანიშვილი ისევე წავა პოლიტიკიდან, როგორც მიხეილ სააკაშვილი წავიდა. არც მას უჭირავს საქართველოში რამე ოფიციალური თანამდებობა, მაგრამ ხელს არაფერი უშლის, რომ პარტიას უკრაინიდან მართავდეს. სააკაშვილს ზოგიერთებმა მოუწოდეს, რადგან ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, შენც წადიო. ესეც აბსურდია. ერთი ან მეორე იმიტომ კი არ არის პოლიტიკაში, რომ ბილეთი აქვს აღებული, მომხრეები ჰყავთ და, შესაბამისად, გავლენასაც ინარჩუნებენ.
ივანიშვილის ახლა ყველასგან დისტანცია აქვს აღებული და შორიდან აკვირდება სიტუაციას. რადგან თქვა, რომ სურვილი აქვს, ქართულ პოლიტიკაში დაინახოს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებას” გადაიყვანს ოპოზიციაში, გამორიცხული არ არის, შესაბამისი პოტენციალის ჯგუფის გაჩენის შემთხვევაში, ნამდვილად შეუწყოს ხელი ახალი პარტიის შექმნას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისი სიმპათიები თანაბრად გადანაწილდეს, როგორც ახალ პოლიტიკურ ძალაზე, ასევე – ოპოზიციაში გადანაცვლებულ “ქართულ ოცნებაზე” და, საბოლოოდ, მან შექმნას არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური ძალა, არამედ – ახალი პოლიტიკური ელიტა – სახელისუფლებო პარტია თავისი კონსტრუქციული ოპოზიციით. ეს იქნება საბოლოო პროდუქტი.”
კომენტარები