ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს, გამოაქვეყნა 2-საათიანი ფილმი სასახლეზე, რომელიც, მისი მტკიცებით, ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის და დაფინანსებულია მისი გარემოცვის წევრების მიერ. მას მედიაში “პუტინის სასახლედ“ ადრეც მოიხსენიებდნენ და წერდნენ, რომ მან მისი მშენებლობა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადისას დაიწყო. იტალიური სტილით ნაგები სასახლის კომპლექსი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, კრასნოდარის მხარეში, გელენჯიკის სოფელ პრასკოვეევკასთან.
ფილმი გამოქვეყნდა YouTube-ზე და ის იწყება მოწოდებით, ყველანი გავიდნენ ქუჩაში 23 იანვარს. ოპოზიციონერი ხსნის, რომ ეს გამოძიება ჯერ კიდევ ბერლინის რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნისას ჩაიფიქრა. ოღონდ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მას გამოაქვეყნებდა სამშობლოში დაბრუნებისას.
“არ გვინდა ამ გამოძიების მთავარი გმირი ფიქრობდეს, რომ ჩვენ მისი გვეშინია და რომ მე მის ყველაზე საშინელ საიდუმლოზე უცხოეთში ყოფნისას თუ გავბედავდი მოყოლას“, – ხსნის ნავალნი.
“არსებობს ადგილი, სადაც მოხვედრით შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი ვლადიმირ პუტინზე, ეს ყველაზე დაცული ტერიტორიაა რუსეთში, ფაქტობრივად, სახელმწიფო სახელმწიფოში და ეს პუტინის ყველაზე დიდი საიდუმლოა. მას იცავს და უვლის ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანი – დაწყებული მცველებიდან, მებაღეებიდან და მშენებლებიდან, დასრულებული რუსეთში ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანებით.
როგორც ვიდეოშია ნათქვამი, სასახლეში მიმსვლელებს კატეგორიულად ეკრძალებათ მობილურების შეტანა და ყველა ავტომობილი რამდენიმე საკონტროლო პუნქტში მოწმდება. სასახლის გარდა, დახურულ ტერიტორიაზე არის ე.წ. “ყინულის სახლი“, ეკლესია, ორანჟერეა, 80-მეტრიანი ხიდი, საუნა, აუზი, სადალაქო, აქვადისკოთეკა, ბიბლიოთეკა, კაზინო. ასევე სასახლეს აქვს “ზამთრის ბაღი“ და მუსიკალური მისაღები. და ამფითეატრი. რადგანაც სასახლე ციცაბო ნაპირთან ახლოს მდებარეობს, ზღვაზე გასასვლელად გათხრილია სპეციალური გვირაბი, რომლის ბოლოს არის სადეგუსტაციო ზღვის ოთახი ხედით, რაც შეეხება მხოლოდ ერთ საძინებელ ოთახს, მისი ფართობი 260 კვადრატულ მეტრს აღწევს. – ნათქვამია ტექსტში.
სასახლის კომპლექსის ფართობი 68 ჰექტარს შეადგენს და ის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ექვემდებარება. როგორც ნავალნის ფონდში ამტკიცებენ, უშიშროების სამსახური თევზაობასაც კი კრძალავს იმ კონცხის ახლოს, სადაც სასახლე დგას, ხოლო მის ზემოთ ცა თვითმფრინავების ფრენისთვისაც დახურულია.
სასახლის ახლოს მევენახეობის რამდენიმე მეურნეობა მდებარეობს, შენდება ღვინის ახალი ქარხანა, რომელიც, როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, კომპანია “აქსის ინვესტიციას“ ეკუთვნის – ვლადიმერ პუტინის თანაკურსელს ნიკოლაი ეგოროვს.
გამოკვლევის დასასრულს ავტორები ასაჯაროებენ სასახლის დაფინანსების რთულ სქემას, რომელშიც მოხსენიებულია ვლადიმერ პუტინის ძველი თანამზრახველები – “ტრანსნეფტის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი ტოკარევი, “როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, ბიზნესმენები იური კოვალჩუკი და გენადი ტიმცენკო. სქემაში ფიგურირებს აგრეთვე სვეტლანა კრივონოგიხი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო ნაცნობია და ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომლის ძალიან ახლო კავშირებზე ვლადიმერ პუტინთან რუსული და საერთაშორისო მასმედია ადრეც წერდა.
პუტინის სასახლე – სახელმწიფო სახელმწიფოში:






კომენტარები