პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი “პალიტრანიუსის” ეთერში ამბობს:
“ეს დღეები გამიშვი-გამატარე იყო, მოვლენები განსაკუთრებული აგრესიით განვითარდა და სრულიად წარმოუდგენელია ის, რასაც აკეთებს ალეკო ელისაშვილი. ნებისმიერი პოლიტიკური და თუნდაც ადამიანური ლოგიკით, როდესაც იღებ გადაწყვეტილებას, იღებ პასუხისმგებლობასაც, დგამ ნაბიჯს და მერე ამ პასუხისმგებლობას ზიდავ შენი ცხოვრების განმავლობაში, ან იქამდე, სანამ პოლიტიკაში ხარ. როდესაც ცდილობ შენი გადაწყვეტილება აგრესიულად მოახვი თავს სხვებს და შენთან ერთად შეითრიო ვიღაცა სადღაც და თუ ის ამას არ აკეთებს, ამის გამო უკანასკნელი სიტყვებით ლანძღო, გამოიტანო შიდა საუბრები შენი ინტერპრეტაციებით, გაიწიო-გამოიწიო და ტალახში ამოსვარო ყველა და ყველაფერი – ეს წარმოუდგენელი საქციელია.
ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდეთ ოპოზიციაზე, ვეთანხმებოდეთ, ან არ ვეთანხმებოდეთ და სხვათა შორის, მეც არ ვიიარებ ოპოზიციის ტაქტიკას, პარლამენტში არშესვლასა და კრიზის ქუჩაში განვითარებასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქედან, რომ მიმაჩნია, ეს არის მაღალი რისკის ზონა, რომლითაც შეიძლება დაზიანდეს სახელმწიფო ინტერესი, მაგრამ ეს არის მათი გადაწყვეტილება და ელისაშვილს აქვს თავისი გადაწყვეტილება. ელისაშვილი ცდილობს, პირდაპირ ვიტყვი, პროვოკაციული საქციელით თავს მოახვიოს სხვებს მისი აზრი და თუ ამას ვერ აკეთებს, საჯაროდ ლანძღოს ის ადამიანები, რომელთანაც გუშინ იჯდა ერთ მაგიდასთან და ცდილობდა რაღაც გადაწყვეტილებები მიეღო.
ელისაშვილს სრული უფლება აქვს შევიდეს პარლამენტში, ვიღაცას ეს გადაწყვეტილება მოეწონება, ან არ მოეწონება, მაგრამ არანაირი უფლება არა აქვს ეს გადაწყვეტილება აგრესიული ფორმით მოახვიოს სხვას თავს.
ასეთია მოცემულობა და ხელისუფლებას მოსწონს ეს ყველაფერი, რადგან, ნაცვლად იმისა რომ საუბარი იყოს სახელმწიფოებრივ პრობლემებზე, რაც გვაქვს დღეს ქვეყანაში სახეზე, ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ლანძღვა-გინებით და საქმეების გარჩევით.
როდესაც ელისაშვილზე საუბრობენ ადამიანები, რომ ის ხელისუფლების საქმეს აკეთებს, მე ამას დავეთანხმებოდი, ნებსით, თუ უნებლიეთ… შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ელისაშვილი ვიღაცას დაქირავებული ჰყავს და ვიღაცა ამაში ფულს უხდის, მაგრამ შედეგიდან გამომდინარე, რასაც ის აკეთებს, ეს არის სახელისუფლებო საქმის კეთება და ბევრად ეფექტურად, ვიდრე ამას აკეთებს ხელისუფლება.
მე მას კიდევ ერთხელ ვთხოვდი, გონს მოეგოს, შეეცადოს გვერდიდან შეხედოს საკუთარ თავს და დარწმუნებული ვარ, მაინც და მაინც არ მოეწონა. თუ ახლა მოეწონება, გავა დრო, ასაკში შევა და მიხვდება, რა შეცდომები დაუშვა გინდ პოლიტიკურ ჭრილში, გინდ – ადამიანურში”
კომენტარები