“ქართული მარშის” წევრი, გიორგი გაბედავა, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელიც ირანშია გადაღებული და ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ.
“ალია” დაუკავშირდა ირანში მყოფ მძღოლებს და პირდაპირ გადმოგცემთ მათ ნაამბობს:
ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამჟღავნება:
-აბსურდული მიზეზით გაგვაჩერეს და უკვე კვირაზე მეტია ასე ვდგავართ ტრაილერების მძღოლები, არ გვიშვებენ საქართველოს მიმართულებით, გვეუბნებიან, როგორც საქართველო არ გვიშვებს მის ტერიტორიაზე, ჩვენც ისე მოგექცევით თქვენო. აბსურდი იმაში მდგომარეობას, რომ ჩვენ შემოგვიშვეს უკვე ირანის ტერიოტორიაზე და ახლა უკან მომავალს არ გვატარებენ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. რატომ შემოგვიშვეს, მაშინ? ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. ასევე გაჩერებულნი არიან, ის მძღოლებიც, რომლებიც ახლა შემოვიდნენ ირანის ტერიტორიაზე, შემოუშვეს და მერე გააჩერეს, არც უკან უშვებენ და არც ქვეყანაში ატარებენ. ამბობენ, თეირანიდან ველოდებით დასტურსო. საქართველოს ელში იყო მოსული, გვითხრა, გააფრთხილეთ მძღოლები, ვისაც იცნობთ, რომ ასეთი ამბავია და არ გადმოვიდნენო და ვისაც შევძელით ყველას მივაწვდინეთ ხმა, მაგრამ ჩვენ კი ვართ ასე დატყვევებულნი უკვე კვირაზე მეტია. იყო ელჩი მოსული, ნახა საბაჟოს წარმომადგენლებთან ერთად ჩვენი საბუთები, დოკუმენტები წესრიგში გაქვთ და არ აქვთ უფლება რომ არ გაგატარონო. გუშინ კიდევ დავრეკეთ და გაუკვირდა, აქამდეც უნდა გაეშვითო.
– როგორ გექცევიან? ვიდეოში ყური მოვკარი ფულზე იყო საუბარი და ფულს ხომ არ გთხოვენ?
-არა, რას ამბობთ, პირიქით, ჩვენ ვუთხარით, რომ სასტუმროს და საკვების ფული გვითავდება და დაგვპირდნენ, დაგეხმარებითო, არავის არაფერი მოუთხოვია, მაგ ცოდვას როგორ ვიტყვით.
-ვინმემ მოგაწოდათ საკვები?
-არა.
-თარჯიმანი გამოგიგზავნათ საელჩომ?
-არა, ტელეფონში გვაქვს თარგმნის პროგრამა და ისე ვაგებინებთ ერთმანეთს, გარდა ამისა, ზოგმა მებაჟემ რუსული იცის და ასე როგორღაც გავდივართ.
-ტვირთი არ გიფუჭდებათ?
-ჩემი ტვირთი არ არის მალფუჭებადი. მე აქ, ირანში დავიტვირთე, ჩვეულებრივ გამომატარეს, დატვირთვის უფლებაც მომცეს და ახლა გამაჩერეს. თუმცა, ყველას სხვადასხვა ტვირთი აქვს.
მძღოლი გიორგი სტურუა:
– მე ვარ იმ ვიდეოში, რომ ვსაუბრობ. გიორგი ვარ სტურუა, სამტრედიიდან. მე პირიქით, ტვირთი მიმაქვს ირანში, საზღვრიდან 350 კილომეტრში უნდა დავცალო. წარმოიდგინეთ, ტვირთი განბაჟებულია, გავიარე წითელი ხიდი, თანხაა გადახდილი ყველგან (რაც ოფიციალურადაა გადასახდელი), რა ვუყო ახლა ამ ტვირთს? აქ დავყარო? სად წავიღო? გვეუბნებიან, თეირანი არ გვაძლევს დასტურსო. გვეუბნებიან იმასაც, საქართველოს მოსთხოვეთ პასუხი, თქვენ პრეზიდენტს ჰკითხეთო და სწორედ ამიტომ მინდა, პრეზიდენტს მივაწვდინო ხმა, იქნებ, მოაგვაროს ეს პრობლემა. მეორე საზღვართანაც დგანან ქართველი მძღოლები, გვირეკავენ იქედანაც, ისინი არ ვიცი რამდენნი არიან, აქ 40-მდე მძღოლი ვართ. ელჩი დაგვეხმარა ძალიან, მოვიდა, მიგვატანინა საბუთები და მებაჟეებს ერთად ვაჩვენეთ ნაწილმა, ყველა ვერ მოესწრო, სამუშაო დღე დამთავრდა. დღეს (შაბათს) უნდა გამოვეშვით დილით და ისევ აქ ვდგავართ!
გიორგი გაბედავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ტყვეობაში არიან ჩათვალეთ, ტრაილერებში ცხოვრობენ კვირაზე მეტია… ელჩი იყო მისული, მაგრამ შედეგი ნული. მისვლა კი არა კარავი უნდა გაეშალა და სანამ არ გაუშვებდნენ საპროტესტო ნოტა უნდა გაეშვა! ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორი პოლიტიკური სპექტრი გვყავს ქვეყანაში, მხოლოდ სკამებზე ბრძოლაა მთავარი, ვინ გაითბობს უკანალს და ვინ არა ესაა ყველა ტელევიზიის დღის თემა, ამ დროს ჩვენს 40 მდე მოქალაქეს უკანონოდ ექცევიან და არღვევენ მათ უფლებებს!!! ხელისუფლება კი მხოლოდ იმაზეა გადასული, ივანიშვილს როგორ ელაქუცოს, და უკანალი უწმინდოს, ოპოზიცია კი მიშას დავალებებზე და ქოცებთან ვაჭრობაზე ფიქრობს მხოლოდ…”
“ალია” კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩი ირანში და პაკისტანში, იოსებ ჩახვაშვილი, საქართველოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ელჩების სიაში მერვე ადგილზეა და მისი სახელფასო სარგო შეადგენს $95,616 ანუ, 315,801 ლარს.
წესით, ეს პრობლემა საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერის მოსაგვარებელია, მაგრამ ირანში დატყვევებულ მძღოლებს პრეზიდენტის დახმარების იმედი აქვთ და რაკი ეს ის იშვიათი მოვლენაა, როცა ვინმეს პრეზიდენტის დახმარების იმედი აქვს, ჩვენც იმედს ვიტოვებთ, რომ ქალბატონი სალომე პირადად ეცდება გაერკვეს ვითარებაში და მინიმუმ კონტაქტებს მაინც გამოიყენებს.
კომენტარები