მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვების მეტი წილი გახანგრძლივდა 1-ლ მარტამდე – სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფები, გვერდები, რომლებიც აანონსებენ აქციებს, ადამიანები წერენ, რომ 1-ლი თებერვლიდან აღარ დაემორჩილებიან კომენდანტის საათს, ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას „ოცნების“ მომხრეებიც და ხელისუფლებას დაფიქრებისკენ მოუწოდებენ.
აქციები უცებ დაანონსდა ერთდროულად რამდენიმე ადგილას და 25 დეკემბერს რამდენიმე აქცია გაიმართა, მათ შორის ერთი კომენდანტის საათის შემდეგაც, აქცია გაიმართა ლილოს ბაზრობასთან, აქციები დაგეგმილია 25 დეკემბერსა და 26 დეკემბერსაც! 24 დეკემბერს ადამიანები შეიკრიბნენ კანცელარიასთან, ცალკე ჰქონდათ აქცია დაანონსებული მშობლებს, სკოლების გახსნის მოთხოვნით „მზიურში“ და ცალკე ვნახეთ დაანონსებული აქცია რესტორატორებისაც, მაგრამ საერთო ჯამში ისინი კანცელარიასთან შეუერთდნენ აქციას. აქციაზე კანცელარიასთან მივიდნენ სტუდენტებიც, რომლებიც უკვე კარგა ხანია ითხოვენ, ან გაიხსნას ქვეყანა, გაიხსნას უნივერსიტეტები, ან გაუნახევრდეთ სწავლის გადასახადი, რადგან ონლაინ სწავლება არ არის ფასის ადეკვატური.
„ალიას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ხელისუფლებამ ქვიშა შეუკვეთა, რათა თავი ჩარგოს, ხმა არ ამოიღოს, თითქოს ეს აქციები მას არ ეხება, თითქოს, ქვეყანაში არაფერი ხდება, თითქოს, ეს ხალხი არაფერს აპროტესტებს… ამ ეტაპზე უცნობია, როდის ამოწევს სილიდან თავს ხელისუფლება, მაგრამ ჯერ არაფერი ეტყობათ იმის, რომ დათმობას აპირებდნენ, პირიქით, მეტად და მეტად გააქტიურეს ექიმები, რომლებიც გვირჩევენ, რომ უტრანსპორტობას მივეჩვიოთ, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ჩამოინგრევა ჯანდაცვის სისტემა, თუ არ დავსხდებით სახლებში მშივრები. თითქოს, სანამ სახლებში ვისხედით, ვინმე ამაგრებდა ამ ცალ ფეხზე დაკიდებულ ჯანდაცვის სისტემას, თითქოს, მათივე მმართველობის პირველ 7 წელს ის არ გვესმოდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა, ჯანდაცვის სისტემის გამართვაა. ხოდა, თუ მაინც არავინ გაამაგრა ეს ბეწვზედაკიდებული ჯანდაცვის სისტემა, თუ ინფექციურსაც კი არ მისცეს შენობა, რა გითხრათ, ჩამოინგრეს და ახალი ავაშენოთ! ასეა თუ ისე, დიდი ალბათობით, ხელისუფლება ეცდება თავისი გაიტანოს, ახალგაზრდების ის ნაწილი, რომლებიც აქამდე არასოდეს გამოსულან პოლიტიკური მოთხოვნებით ქუჩებში, პოლიტიკურად ანგაჟირებულად მონათლოს, მერე დაარბიოს, დააკავოს, დააჯარიმოს, ცივი წყალი მიასხას – და სრულიად დარწმუნებულნი ვართ, თუ ასე მოიქცევა, ამჯერად ნამდვილად მიიღებს უკუეფექტს!
„ალიას“ ესაუბრება კანცელარიასთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, ალექსანდრე გიორგიძე:
– რა არის თქვენი ძირითადი მოთხოვნები და რას ელოდებით მომდევნო აქციიდან? როგორც ვიცით, 48-საათიანი დრო მიეცით ხელისუფლებას.
– ჩვენ დავაანონსეთ აქცია სამშაბათს, 15 საათზე, კანცელარიასთან. მოთხოვნები გვაქვს, შეზღუდვების შერბილება და მოხსნა, სადაც საჭიროა, საზღვრების ეტაპობრივი გახსნა, კონკრეტული გეგმის დადება, ზამთრის კურორტებს დარჩენილი აქვთ მხოლოდ 1 თვე და მცირედი მაინც მიეცეთ შეღავათი და ა.შ. ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფი იყო მოსული. იყვნენ მოსული სტუდენტები, რომლებმაც თქვეს, ერთი წელია არ ვსწავლობთ პრაქტიკულად, რადგან ეს ონლაინ სწავლება ფიქტიურიაო და ეს ერთი წელი დიდი ჩავარდნა გვაქვსო, მშობლები იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბავშვებს დაეწყოთ უკვე ფსიქოლოგიური პრობლემები ერთ ადგილზე ჯდომით და დესოციალიზაცია, რომელიც უფრო მეტ პრობლემას ქმნის სამომავლოდ, ვიდრე დღეს ვირუსისგან დაცვა. მოვიდნენ ადამიანები, მოქალაქეები, რომელთათვისაც ტრანსპორტი უმნიშვნელოვანესია, იყვნენ ტურისტული სექტორის სასტუმროების, რესტორატორები, თეატრების, გასართობი ცენტრების წარმომადგენლები, გიდები, მძღოლები, ავტოიმპორტიორები… ეს აქცია დაგეგმილი იყო სპონტანურად, მას შემდეგ რაც მოვისმინეთ, რომ კიდევ ერთხელ გადავადდა გახსნა შეზღუდვების. ხალხს სრულად დაშორდა ხელისუფლება, ამას მოწმობს ბატონი გამყრელიძის განცხადებაც, დაგუგლეთ და მაჩვენეთ სად არის გახსნილი ზამთრის კურორტებიო – სქრინები ჩავუგდეთ, არ ვიცი, ალბათ, არ ნახა! 60 პროცენტი კურორტებისა მსოფლიოში გახსნილია, რეგულაციებით მაგრამ, მეტ-ნაკლებად მუშაობენ. არსად არ არის ასე ჩაკეტილი. შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, არც ერთს არ გვაქვს შეხება პოლიტიკასთან, არც ისეთი ადამიანები ვართ, რომ რევოლუციისკენ მოვუწოდოთ ხალხს! იქ მოსული ადამიანების უმრავლესობას არც კი ვიცნობთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ ყველას აქვს საერთო ტკივილი, ქვეყანა არის გაკოტრების ზღვარზე, მოუმზადებელნი ვართ კოვიდთან საბრძოლველად, ეკონომიკა ჩაკეტილია, ვალს ვალზე იღებს სახელმწიფო, რომელიც ისევ ჩვენი სახდელია, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს, მე არაფერს ვერჩი, მაგრამ მათ ჰგონიათ ხელფასს იღებენ სახელმწიფოსგან, სინამდვილეში ეს არის თითოეული ჩვენთაგანის გადახდილი თანხა, კერძო სექტორის და ახლა ეს კერძო სექტორი რომ ჩაკეტილია და გადასახადებს არ იხდის, საჯარო მოხელეების ხელფასი კი არა, 2 თვეში უკვე პენსიების გაცემის პრობლემა დგას – თუ რაღაც არ შეიცვალა. ხომ გესმით რა კატასტროფის ზღვარზე ვართ? და ამ დროს, ჩაკეტვა, რომელიც არაფერს იძლევა, სრულიად გაუმართლებელია. ჩვენ გვინდა ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ქვეყანა დგას სოციალური აფეთქების ზღვარზე.
– უცებ დაანონსდა რამდენიმე აქცია, იმდენი გვერდი და ჯგუფი შეიქმნა, ბოლოს სათვალავი ამერია, ცალკე „გირჩი“ აანონსებს აქციას, ცალკე დღეს „ლილოში“ შეიკრიბნენ ადამიანები, საღამოს 9 საათზე კიდევ სხვა ჯგუფი აპროტესტებს შეზღუდვებს…
– ეს არის ყველაზე ნიშანდობლივი, რომ არავის მოწოდებით არ გამოსულა ხალხი, სპონტანურად გამოდიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თავად გვიკავშირდებიან. დღეს კიდევ იყო ჩანიშნული სხვა აქცია, ხვალაც მართავენ, ეს უკვე იმდენად აგორებული ტალღაა, სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება ამის შეჩერება. სანამ დროა, ჯერ კიდევ, უნდა დაფიქრდეს. ტურიზმი, რომელიც არის ქვეყანაში წამყვანი სფერო, (27-30 პროცენტი ფულადი დოვლათი შემოჰქონდა ტურიზმს, 3,3 მილიარდი დოლარი შარშანწინ დარჩა ბიუჯეტს, ეს არის ამ კურსით უკვე 12 მილიარდამდე ლარი, წარმოიდგინეთ რამხელა შემოსავალზეა საუბარი) ერთ რამეს ვითხოვთ – სახელმწიფომ დაედოს გეგმა, თუ როგორ ვიხსნებით. გეგმა ხომ უნდა არსებობდეს პოსტკოვიდური ტურიზმის? ბევრ ქვეყანას კარგა ხანია აქვს ეს გეგმა. ზუსტად ვიცი და შეგიძლიათ ასევე დაწეროთ, არა თუ გეგმა არა აქვს საქართველოს მთავრობას, არც დაუწყიათ გეგმაზე მუშაობა და მარტამდე არც აპირებენ. შარშან გუდაური ჩავარდა უწყლობის გამო (შეგახსენებთ, რომ გასულ ზამთარში „ალიას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გუდაურში სამშენებლო სამუშაოების დროს, დააზიანეს წყლის ავზები, წყალი ჩაიღვარა მიწაში და ზამთრის კურორტი დარჩა წყლის გარეშე), წელსაც ჩავარდა – წარმოიდგინეთ 2 წელი რომ ზამთრის კურორტები არ იმუშავებს…
– გაზაფხულზე სვანეთი ჩავკეტეთ 34 ინფიცირებულის გამო, მთელი სვანეთი…
– ახლაც იგივეა… მარტში რომ რაღაცა გეგმას დადებს, რა უნდა ველაპარაკოთ? ყოველ დღე მწერენ უცხოელი პარტნიორები, აბა, როდის იხსნებით? – ვერაფერს ვეუბნები. რომ ჩამოვიდეს, რა უნდა შევთავაზო?
– თებერვალში ჩამოვა მეტი ტურისტიო, მინისტრმა გვითხრა, რასთან შედარებით მეტი, არ ამბობს, ქვეყანაში სადაც ავტობუსი არ მუშაობს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მუშაობს და ჯანდაცვის მინისტრი ჩაკეტილ ქვეყანაში თებერვლის ბოლოს ვირუსის მესამე ტალღას აანონსებს, ტურისტი შემოვა? ცოტა არ იყოს, დაცინვას ჰგავს ეს განცხადებები!
– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დებილები ვგონივართ… ერთ რამეს გეტყვით, რაც ასევე უტყუარი ინფორმაციაა: ეკონომიკის მინისტრმა დაანონსა, რომ აღადგენენ ფრენებს. ჯერ ფრენის აღდგენა დაწკაპუნებით არ ხდება, ავიაკომპანიებმა უნდა განსაზღვრონ როგორი იქნება მგზავრთა სავარაუდო ტრეფიკი და მოემზადონ და მეორე – იცით, რომ ქვეყანაში ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რეგულაცია, რომ 5 ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) გარდა, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეს უწევს 8-დღიანი კარანტინი? ეს რას ნიშნავს, ტურისტი რომ ჩამოვა ქვეყანაში, 8 დღე თავისი ხარჯით უნდა გაატაროს სადღაც კარანტინში და მას მერე აქვს უფლება დაისვენოს ქვეყანაში – ეს დადგენილება მიიღეს აგვისტოში და დღემდე არ უხლიათ ხელი, იმდენად არაკომპეტენტურ ხალხთან გვაქვს საქმე – ეს ხომ სრული აბსურდია!
– გგონიათ, რომ 48 საათში ვინმე გამოგეხმაურებათ და ხელისუფლება უკან დაიხევს?
– ჩვენ ხომ არა ვართ, რომელიმე პოლიტიკური, დესტრუქციული ძალა? ჩვენ გვინდა ნორმალური ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან, ხელისუფლებასთან. დღეს სპონტანურად შევიკრიბეთ, დავანახეთ, რომ ვარსებობთ ხალხი, ვისაც უკვე დასაკარგი არაფერი აქვს. ჩვენ ვაძლევთ ლოგიკურ დროს, იქნებ რაღაც ნაბიჯი გადმოდგან, დასაწყისისთვის თუნდაც მცირე, დაიწყონ ან მოლაპარაკება, ან გამოსავლის ძიება… ველოდებით მათგან კონკრეტულ ნაბიჯებს, ძალიან მარტივია, მაგალითად, ტრანსპორტის აღდგენა, ადამიანები სამსახურში ვერ დადიან, ტაქსი ძალიან ძვირია, კომპანიები მანქანებს ქირაობენ, რაც ასევე დამატებითი ხარჯია… შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მუნიციპალური ავტობუსები, რომლებიც გარაჟში უნდა იდგნენ, სად დადიან! დიდ დიღომში ვცხოვრობ და ვხედავ, დილა-საღამოს საკმაოდ ბევრი ავტობუსი გამოდის გარაჟიდან და სავარაუდოდ, მათ დაჰყავთ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები სამსახურში. ისევ პრივილეგირებულ მდგომარეობაშია სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ხალხი და ბიზნესი, რომელიც რეალურად არის მათი ხელფასის გადამხდელი, არის უმძიმეს მდგმარეობაში, ვერც მუშაობს და გადაადგილებაც უწევს ძვირად.
– თუ არ მოხდა კომუნიკაცია, არ დაიწყეს მოლაპარაკება, არ გადადგეს ნაბიჯები – რას აპირებთ?
– ხავს ვეჭიდებით, იმედი გვაქვს, რომ რაღაც შეიცვლება… თუ ასე არ მოხდება, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება, შეიძლება ეს იყოს სახელმწიფო ორგანიზაციების პიკეტირება, უფრო მასობრივი აქციები. აღარ ჩავატარებთ აქციებს სპონტანურად, ვიმოქმედებთ დაგეგმილად, მეტი და მეტი ადამიანი ჩაერთვება, რადგან ყველა ვხედავთ, თუ არ მოხდა შეზღუდვების გახსნა ძალიან სწრაფად, ქვეყანაში მივიღებთ სოციალურ აფეთქებას და შეიძლება ამით ისარგებლოს რომელიმე დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც შესაძლოა, თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს ეს სიტუაცია. ჯერ კიდევ არის დრო! დღეს აქციაზე იყო ოპოზიციური ფლანგის ბევრი წარმომადგენელი. არც ერთი მათგანი არ გამოსულა სიტყვით. ჩვენ მათ წინასწარ ვუთხარით, რომ ეს არის საზოგადოების პროტესტი, მათ შეუძლიათ, როგორც მოქალაქეებმა, მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ არა როგორც პოლიტიკურმა სახეებმა. რეალურად, კაბინეტებში მსხდომი 4-5 ადამიანი იღებს მავნებლურ გადაწყვეტილებებს და დროა, სახელმწიფო მიხვდეს, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება! მე სამ ოჯახს ვინახავდი ჩემი შემოსავლით და 1 წელია ვერ ვმუშაობ. ბევრგან ვცადე, მაგრამ ალტერნატრიული სამსახურის პოვნაც გახდა შეუძლებელი.
– და თუ სახელმწიფო არ წამოვიდა დათმობაზე და მოგიწიათ, იძულებული გახდით, გააგრძელოთ პროტესტი, არ ელით, რომ დაგაჯარიმებენ, დაგაკავებენ? არ ელით, რომ ყველაფერზე წავლენ ამ ტალღის ჩასაქრობად?
– დასაკარგი რა გვაქვს? არაფერი. ამაზე უარესი არაფერი მოხდება ნამდვილად. ეგ არის მთელი უბედურება. ივნისში როცა მარტო ტურიზმის წარმომადგენლები ვაპროტესტებდით, სხვა სფეროები გვეუბნებოდნენ, რა დროს ეს არის და, მწვანე ქვეყანა ვართ და, იქნებ მოვიცადოთ… ძალიან გვიჭირდა ხალხის ყურამდე ამ პრობლემის მიტანა, სამწუხაროდ, დღეს გამოჩნდა, რომ ყველა პროგნოზი, რაც ჩვენ ვთქვით ივნისში – ახდა და ნამდვილად არ გვიხარია, რომ მართლები აღმოვჩნდით, პირიქით ვწუხვართ, მაგრამ ასეა. ახლა კიდევ ყოველგვარი სოციალური აქტივობების გარეშე, ეს ხალხი თავად შეიკრიბა, თავად გვწერს – ეს არის ნიშანდობლივი. ეს ტალღა აგორდება და აგორდება, ამას უნდა ხვდებოდეს ხელისუფლება…
– ამ 48 საათში რამე აქტივობას გეგმავთ? ან, ხომ არ გეგმავთ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევას?
– არა, რახან მივეცით დრო, დავთქვით 48 საათი, დაველოდებით ამ 48 საათის გასვლას და სამშაბათამდე არანაირ ქმედებას არ განვახორციელებთ.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები