კარტოგრაფი, ივერი მელაშვილი, საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას მადლობას უხდის, თუმცა აცხადებს, რომ არ სურს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესვლის საკითხზე ვაჭრობის საგანი გახდეს და არ მიესალმება მისი გათავისუფლების გამო რომელიმე პარტიის მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტზე ხელის აღებას.
მელაშვილი მის მხარდამჭერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და თხოვს მათ, შეასრულონ დადებული პირობა.
კარტოგრაფის თქმით, პარლამენტში შესვლის საკითხზე ვაჭრობის საგნად ქცევას ურჩევნია კვლავ საპატიმროში დაბრუნდეს.
“ეს არის ხალხის ერთობლივი გადაწყვეტილება. თითოეული პარტია ვალდებულია, რომ ეს პირობა დაიცვას. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცამ დამსახურება მიიწეროს, რომ, აი, მე რაკი დავაყენე საკითხი და ამის გამო შევალ პარლამენტში, ეს არასწორია. არ მინდა ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოვადგენდე.
ვთხოვდი, გინდა ელისაშვილს, ვინც გინდა იყოს, დიდი მადლობა ბატონებო მხარდაჭერისათვის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება. რაკი მოილაპარაკეთ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ეს მოლაპარაკება. ასე მიაღწევთ წარმატებას, თუ მიაღწევთ და ასე მიაღწევს ქვეყანა წარმატებას. თუ ამას ვერ ასრულებთ, თავი დაანებეთ იმას, რომ, აი, მელაშვილი გამოუშვეს და ამის გამო პარლამენტში შევალ, ნურას უკაცრავად.
წამიყვანონ უკან და ჩავჯდები. ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ ვინმემ გამომიყენოს იმისთვის, რომ აი გამომიშვეს და პარლამენტში შევა”, – ამბობს მელაშვილი “დღის სტუმარში”.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდაწყვეტილებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა 20-20 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალათ და სასამართლო დატოვეს.
კომენტარები