პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძე “ინტერპრესნიუსთან” დავით გარეჯის საქმის და ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას შესახებ საუბრობს:
“არის მსჯელობა ინტენსიური და სავსებით ბუნებრივი და ამ მსჯელობაში იკვეთება ორი ვარიანტი – თუ მელაშვილი და ილიჩოვა თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და გამოძიებამ საპასუხო ნაბიჯი გადადგა იმით, რომ მათ გირაოთი შეუცვლა პატიმრობა, მაშინ ლოგიკა იკითხება ასეთ ნაბიჯში. იმდენად, რამდენადაც გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს, მისთვის გამოძიება გარკვეულ დათმობებს აკეთებს. პროკურატურამ ახსენა კიდეც, რომ ისინი გავიდნენ სხვა პირებზე, ამდენად ამ საქმის მსვლელობაში კითხვის ნიშნები მოიხსნა და ეს კითხვის ნიშნები სხვა პირებთან არის დაკავშირებული. თუკი პროკურატურის განცხადებებს გავყვებით, ლოგიკა ამ საქციელში არის.
მაგრამ თუ თვითონ მელაშვილის განცხადებებს ვირწმუნებთ და ის ამბობს, რომ თანამშრომლობა არ მომხდარა და აგრძელებს ადრინდელ პოზიციაზე ყოფნას, მაშინ ეს ნაბიჯი რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. რადგან თუ ვინმე დგება ამ ნაბიჯით დარტყმის ქვეშ, ეს პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებია. მათ მიერ ომახიანად დაწყებული ეს საქმე თუ დამთავრდება პრაქტიკულად უშედეგოდ, ისევ და ისევ დაიკარგება რწმენა იმაში, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს უნდათ ჭეშმარიტების დადგენა ან შეუძლიათ ჭეშმარიტების დადგენა. ეს დამოკიდებულება სამართალდამცავი უწყებების და სახელმწიფოს მიმართ წამგებიან მდგომარეობაში აყენებს სახელმწიფოს.
ვიცით, რომ ასევე არსებობს ე.წ. ელისაშვილის პოზიცია, რადგან ისინი ითხოვდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მათ რიგში მოიაზრებდნენ ილიჩოვა-მელაშვილს, ამიტომ გადაიდგა ეს ნაბიჯიო. ეს ვერსია თუ მართალი აღმოჩნდება, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილში ის კრიტიკას დაიმსახურებს, რადგან საქართველოს ტერიტორიების პრობლემა არ შეიძლება იყოს ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებების საგანი, მითუმეტეს, როცა ეს პოლიტიკური ჯგუფი დიდი მნიშვნელობის მატარებელი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ამიტომ ჯერჯერობით ორი ვერსიით მიდის ეს საქმე. გააჩნია რა გამოვლინდება საქმის შემდგომ მსვლელობაში, მხოლოდ ამ ერთი ნაბიჯით ორივე ვერსია შეიძლება იგულისხმო, დიდი ნდობა არც პროკურატურის მიმართ არის და არც ილიჩოვა-მელაშვილის განცხადებების მიმართ. ამიტომ ამ ეტაპზე დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია.
სასურველია გამოძიებამ აზერბაიჯანთან იმუშაოს და საგამოძიებო პროცესი მათკენაც გადავიდეს, ისე ძნელი იქნება რაიმეზე მსჯელობა.
თუკი ზემდგომ პირებზე გადავა დანაშაული და სავარაუდოა, რომ ილიჩოვა- მელაშვილის დონეზე ეს საკითხი არ გადაწყდებოდა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დონეზე გავა იმიტომ, რომ გვახსოვს სააკაშვილი ლამის კონცერტზე რა უნდა ჩაეცვა ამა თუ იმ მომღერალს, მაგ საქმეში ერეოდა და პრაქტიკულად, გამორიცხულად მიიჩნევს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ ამ ტიპის საქმე მომხდარიყო ისე, რომ გადაწყვეტილება არ მიეღო სახელმწიფოს პირველ პირს, მითუმეტეს, როცა ეს პირი საკმაოდ აქტიური იყო ყველა გადაწვეტილების მიღებაში”
კომენტარები