უგულავას ერთი და იგივე ბრალდებით უკვე მესამედ დაპატიმრების გამო, გაღიზიანებული ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო მოლაპარაკებების შეწყვეტას აანონსებს.
„სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა“, – წერს კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში.
“სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა დაუშვებელია”, – ასე გამოეხმაურა უგულავას დაკავებას ამერიკელი სენატორი ჯიმ რიშიც.
მიუხედავად ამერიკული მკაცრი რეაქციებისა, ივანიშვილმა მაინც მრავალი კურდღლის ერთად დაჭერის სცენარი აამოქმედა.
მისი სამიზნე ერთდროულად ოპოზიცია, ამომრჩეველი და დასავლეთია. ოლიგარქი და მისი რაზმი ვა-ბანკზე მიდიან, ანუ ან ყველაფერს მიიღებენ, ან ყველაფერს დაკარგავენ.
ბიძინა ივანიშვილი მოიშორებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესაც და ამით მესამე ძალის ჩამოყალიბების საშიშროებას თავიდან აირიდებს.
თუმცა, ეს მეორე სტატიის თემაა და მას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. მანამდე კი იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს ივანიშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ამბიციების დახმარებით ორპოლუსიანი არჩევნების ჩატარებას 2020-ში. ეს არჩევნები კი აქედანვე, დიდი ალბათობით, გაყალბების პრეტენდენტია.
ამ სიტუაციაში აქტიურია ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატები, რუსეთი კი – გასუსული. თუ ივანიშვილის გეგმა განხორციელდება, ამ ეტაპზე გასუსული რუსეთის პოლიტიკური ინტერვენცია საქართველოს გარანტირებული აქვს, რადგან არადემოკრატიული პროცესები ურთიერთობებს სწორედ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან დაძაბავს.
კურდღელი N1 – ბიძინა და “მისი რაზმი” “სამართლიანობის აღდგენას” იწყებს
ფაქტია, პოლიტიკური ზამთარი საქართველოში უფრო და უფრო სუსხიანი ხდება. ჩვენი ინფორმაციით, დიდი ოპოზიციური წმენდა იწყება და მას „ქართული ოცნება“ სამართლიანობის აღდგენის სახელით წარმართავს. ამ პროცესით „ოცნება“ ბევრი კურდღლის დაჭერას აპირებს.
კურდღელი N1 – ეს პროცესი მმართველ პარტიას, პორტირებული „ნაცების“ გამო, განაწყენებული ამომრჩევლის გულისმოსაგებად სჭირდება. ამ ამომრჩევლის გულისმოგების გარეშე „ოცნება“ 2020-ის არჩევნების მოგებას კი არა, სოლიდური პროცენტების აკრეფასაც ვერ მოახერხებს.
„2020NEWS“ უკვე წერდა, მმართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავიდოდა იმ ავანტურაზე, რომ ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს სხვადასხვა ბრალდებით დაიჭერდა და ასე მოასუფთავებდა პოლიტიკურ ველს 2020 წლის არჩევნებისთვის.
ივანიშვილმა ეს პროცესი მართლაც დაიწყო. ოლიგარქისა და მისი რაზმის მთავარი გზავნილი განაწყენებული ამომრჩევლებისთვის ისევ სააკაშვილის „ხატება“, 9-წლიანი რეჟიმი და დაჭერილი ლიდერებით გამყარებული პიარსტრატეგია იქნება.
ამ გეგმის შესასრულებლად მზადაა ივანიშვილის ერთგული „დივიზიონიც“, რომლის წევრებსაც საკუთარი ტყავიც გადასარჩენი აქვთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ სახელისუფლებო ცვლილება უფრო მეტად შეეხებათ, ვიდრე ოლიგარქს, რომელიც ადვილად გაასწრებს 2020-ის არჩევნების წაგებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
“ჯერ ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ რაღაც მომისაჯეს ამ შიზოფრენიკებმა. ბრძოლა გრძელდება. მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით“, – ეს განცხადება გიგი უგულავამ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის, ბიძინა ივანიშვილის „ხელდასმული“ და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ნათელ-მირონის, შალვა თადუმაძის გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.
ოპოზიციის განცხადებით, თავად თადუმაძემ გააკეთა ზუსტად ის, რის გამოც იგი ივანიშვილმა უვადო მოსამართლედ საეჭვო დიპლომით, ოპოზიციის ხმაურისა და პროტესტის ფონზე მაინც დანიშნა.
ივანიშვილის სამართლიანობის აღდგენის გეგმის თანახმად, თადუმაძე და სხვა უვადო მოსამართლეები სასამართლოდან შეუტევენ ოპოზიციის ლიდერებს. გამოთავისუფლებულ გენპროკურორის სკამზე კვლავ მობრუნებული ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე კი უკვე მთავარი პროკურატურიდან გაუმაგრებს მათ ზურგს. ძველ საქმეებს თაროებიდან ჩამოიღებს და გააქტიურებს.
ეს ყველაფერი სამართლიანობის აღდგენის სახელით მოხდება, თუმცა რეალურად, ოპოზიციის დევნა იქნება.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ“, – ეს განცხადება შოთაძემ მაშინ გააკეთა, როცა საპროკურორო საბჭოში, როგორც გენპროკურორობის კანდიდატი, ისე „იკითხებოდა“. ფაქტობრივად, ამ სიტყვებით მან გენპროკურორის პოსტზე თავისი „მეორედ მოსვლის“ მიზეზიც ახსნა.
კურდღელი N2 – ბიძინასა და მისი რაზმის ირაციონალური სახელისუფლებო ილუზიები
მაშ ასე, სამართლიანობის აღდგენის პროცესად წოდებული დიდი ოპოზიციური წმენდა იწყება.
ვინ საით გაიქცევა და ვინ საით წაიქცევა ქართულ პოლიტიკაში ამ პროცესში?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მივყვეთ პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო მოძრაობებისა და ცალკეული პოლიტიკური სახეების პოლიტიკურ ველზე სავრაუდო, ანდაც დაზუსტებული გადაადგილების მარშრუტს.
პარალელურად, ისიც გამოჩნდება, მიიყვანს თუ არა თავისი პოლიტიკური ავანტურა მმართველი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს თვითიზოლაციამდე , ანდაც ამერიკულ სანქციებამდე.
მარშრუტის ბოლოს ისიც ნათელი გახდება, ივანიშვილისა და „ოცნების“ სასარგებლოდ დალაგდება წინასაარჩევნო სიტუაცია, თუ ოპოზიციის გონიერება 2020 წელს საარჩევნო გამარჯვებით აღნიშნავს.
არადა, საქართველოში ოპოზიციამ უკვე ბევრჯერ გაიმარჯვა ხელისუფლებაზე: 90-იანებში ეროვნულმა მოძრაობამ საბჭოთა კავშირი დაშალა; 2003 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლების გაშვება „ვარდების რევოლუციიით“ მოხდა; 2012 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიციური ტერორით განთქმული „ვარდების ხელისუფლება“, ხალხის მხარდაჭერილი „ქართული ოცნების“ წყალობით, პოლიტიკურ ნოკაუტში ჩავარდა და დამარცხდა.
საქართველოს უახლოესი ისტორიიდან ყველაზე კარგად ჩანს, სად და რაში ეშლებათ ხოლმე ხელისუფლებებს, როცა მათ წინააღმდეგ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების რაოდენობა იზრდება
შეგახსენებთ, „ენდიაის“ ბოლო კვლევებით, ამომრჩეველთა 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს 2020 წლის არჩევნებზე ხმას.
ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაც ორვადიან, საკრარულ თარიღს მიუახლოვდა, როცა მმართველობის ეშხში შესული ხელისუფლებები ძალაუფლებას კარგავენ ხოლმე. ოღონდ, როცა კარგავენ ამ ძალაუფლებას, მაშინაც ვერ იჯერებენ, ხელისუფლებაში რომ აღარ არიან.
ფაქტია, დასასრულის მოახლოებას ან ვერ ხვდება ივანიშვილი, ანდაც ხვდება და მძიმე სცენარით ფიქრობს ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას.
მძიმე სცენარი კი ისაა, ქართველმა ოლიგარქმა ამერიკელი პოლიტიკოსების მძიმე წერილებს ოპოზიციონერის დაჭერით რომ უპასუხა და ამ დაჭერების სერიის გაგრძელებას აპირებს. ამის დასტური ამ ოპოზიციონერების (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია) სასამართლო პროცესებია, ყოველ მეორე დღეს მაინც რომ იმართება სხვადასხვა სასამართლოებში.
კურდღელი N2 – განაწყენებული ამომრჩევლების გულის მოგების გარდა, „დაჭერების პოლიტიკის“ გატარება ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან იმის მცდლობაა, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და დასავლეთი დაარწმუნოს, რომ ოპოზიცია დამნაშავეებითაა სავსე და მათი მიზანი ხელისუფლების დამხობაა.
სწორედ დასავლეთის დასანახადაც სჭირდება ივანიშვილს შოთაძის პროკურატურაში წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სამოხელეო დანაშაულზე სასწრაფოდ შეკერილი საბრალდებო ტომები, მერე თადუმაძის სასამართლოში გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები და ბოლოს „დამნაშავე“ ოპოზიციონერებით გადავსებული „მატროსოვის ციხე“.
თუმცა, ოპოზიციური ველის გასასუფთავებლად გადადგმული პირველი ნაბიჯის კრახმა, წესით, ივანიშვილი და მისი გუნდი უნდა დააფიქროს და შეაჩეროს. კრახი იმიტომ, რომ გუშინ 48 მილიონზე გასამართლებულმა უგულავამ „მატროსოვის ციხეში“ დამნაშავედ კი არა, „გმირად“ და პიარულად გამართული სცენარით, ანუ თავისი ფეხით, მთელი ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერით შეაბიჯა.
უგულავას დაპატიმრებამ შეძლო და გადაფარა სააკაშვილის სკანდალური განცხადება პირადი შტაბის გახსნის თაობაზე, ანუ ოპოზიციური ერთობა, რომელშიც ექსპრეზიდენტის განცხადებამ კინაღამ ბზრი შეიტანა, კვლავ მთლიანია და არ გაბზარულა.
ბიძინასა და მისი რაზმის ულტიმატუმი აშშ-სა და ევროკავშირს ?
ვიდრე თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარებული მოვლენების ანალიზისას სააკაშვილის განცხადებაზე გადავალთ, შეერთებული შტატები და იქ მყოფი ქართული დელეგაცია გავიხსენოთ. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სწორედ გიგი უგულავას დაჭერის დღეს, 10 თებერვალს დაასრულა შტატებში სამუშაო შეხვედრები.
ჩვენი ინფორმაციით, მას იქ ყური სერიოზულად აუწიეს და განსაკუთრებით არ დაუჯერეს „ზღაპრები“ ოპოზიციონერების რევანშისტობასა და სამართლიან სასამართლოზე.
თალაკვაძის პარტიული ელჩობა რომ ჩაუვარდათ, სწორედ ამიტომ გააქტიურა ივანიშვილმა და მისმა რაზმმა გეგმა „ბე“, ანუ „დაჭერების პოლიტიკა“, რათა სასამართლოს გადაწყვეტილებებით მაინც მოახერხოს ოპოზიციის გასვრა სტრატეგიულ პარტნიორებთან.
უგულავაზე გამოტანილი გადაწყვეტილებით თალაკვაძის აღჭურვა შტატებში გამგზავრებამდე არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რადგან ეგონათ, რომ თალაკვაძის დესანტად გადასხმა აშშ-ში, სულ მინიმუმ კონგრესმენებისგან ბოდიშების მოხდას გამოიწვევდა, ნაცვლად ამის, ყურის აწევა შერჩათ ხელში. თუმცა, უგულავას დაჭერის ამბავს ევროპაში მივლინებულ ირაკლი კობახიძესა და კახა კალაძეს გაატანენ თან, უკვე როგორც ულტიმატუმს. თუმცა, დიდი ალბათობით, ევროპიდანაც იმ პასუხს ჩამოიტანენ, რაც თალაკვაძემ ჩამოუტანა ამერიკიდან.
უგულავას დაპატიმრებას კონგრესმენი ადამ კინზინგერი უკვე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.
„გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ლიდერი, დღეს დააპატიმრეს და 38 თვე მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მან სასჯელი უკვე მოიხადა. რომ ვთქვა, ეს შემაშფოთებელია-მეთქი, ძალიან ცოტას ვიტყვი. სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა“, – წერს კინზინგერი
ჩვენივე ინფორმაციით, სწორედ კონგრესმენ კიზინგერთან შეხვედრაზე გაკეთდა მინიშნება ივანიშვილის სანქციებზეც და ურთერთობების დაძაბვაზეც იმ ქვეყანასთან, რომელსაც კიზინგერის თქმითვე, შტატები თავისი მომავლისთვის მნიშვნელოვან ქვეყანად თვლის.
„ლელო საქართველოსათვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ „დაჭერების სერიით“ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს აშინებს, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, თუ მხარს არ დამიჭერთო.
რეალურად ასეცაა, თუ ამ დაჭერებით ივანიშვილი დასავლეთს ვერ დაანახვებს, როგორი ცუდია ოპოზიცია და როგორი დემოკრატიული ხელისუფლება, ოლიგარქი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ამ მძიმე გზას, რომელსაც უკვე მიმართა უფრო მძაფრი ფორმებით გააგრძელებს. თუმცა, ალბათ, მას ავიწყდება რომ მეგა სახელმწიფოს უპირისპირდება თავისი პოლიტიკური ავანტურით და მათ დაჯერებას ასე მარტივად ვერ შეძლებს, 8 წლის წინანდელი ბრალდებების ამოქექვით, რადგან ახლა ოპოზიცია ერთიანია და ყველა მის ხელისუფლებას უტევს. დასავლეთი კი ამას შესანიშნავად ხედავს.
ივანიშვილს აშშ-თან არცერთი ტიპის ავანტურული თამაში რომ არ გაუვა და ამით, ის კიდევ უფრო დააჩქარებს ძალაუფლების დაკარგვის პროცესს, ამ ვარაუდის დასადასტურებლად,ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის სიტყვებს მოვიშველიებ.
რიშმა ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, 2012 წელსაც ეგონა ყველას, რომ სააკაშვილი გაიმარჯვებდა, მაგრამ ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა და ივანიშვილმა გაიმარჯვაო.
ჩვენი ინფორმაციით, ეს სიტყვები სენატორმა, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, არა მარტო „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა, არამედ საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრსაც უთხრა, როცა საარჩევნო სისტემასა და 2020 წლის არჩევნებზე საუბრობდნენ.
ასე იცის სტრატეგიულ პარტნიორებთან დემოკრატობანას თამაშმა და მეგა სახელმწიფოს საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების „ზოგიერთ“, „რომელიმე“, „ცალკეულ’ სენატორებადა და კონგრესმენებად მოხსენიებამ. ვითომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხელისუფლებები კი ამ ქვეყანას ბევრი ახსოვს.
სენატორ რიშსმძიმე გამოხმაურება ჰქონდა უგულავას დაჭერის ფაქტზეც.
„იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი გასულ კვირას, სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა დაუშვებელია“, – ასე ეხმაურება გიგი უგულავას დაკავებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არენაზე ივანიშვილი, თავისი რაზმით, ქართულ ოპოზიციას საინფორმაციო ომს ვეღარ უგებს, შიდა ფრონტზეც-წინასწარი კვლევებით, ჯამში ოპოზიციის მხარდამჭერები მმართველი ძალის ამომრჩევლებს რაოდენობრივად სჯაბნიან, საკითხავი სწორედ ისაა, საიდან აანონსებენ 60%-იან გამარჯვებას მმართველი ძალის ლიდერები 2020-ის არჩევნებში?
კურდღელი N3 – ოპოზიციის “აქილევსის ქუსლი” სააკაშვილი, ანუ რა შემთხვევაში მოიგებს ივანიშვილი
ერთი სიტყვით, საკრარული 2020 დაიწყო ივანიშვილი თავის თამაშს თამაშობს, ოპოზიციამ თავისი უნდა ითამაშოს. ორივეს სამიზნე კი ქართველი ხალხია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, ვის ანდობს 2020 წლის არჩევნებზე ქვეყნის ბედს.
პოლიტიკური ბანაკების თამაშების სტილი ასეთია: არაფორმალური მმართველი „ვადაგასული კასაციის საფუძველზე“ გიგი უგულავას ციხეში უშვებს და ოპოზიციაში კარგად ხვდებიან, რომ ის უგულავაზე არ გაჩერდება. რას უპირისპირებს ამ ყველაფერს მმართველ ძალასთან დაპირისპირებული პოლიტსპექტრი? ჯერჯერობით, ერთიანობას და თანაც სწორად, თუმცა ოპოზიციასაც აქვს თავისი „აქილევსის ცნობილი ქუსლი“ და ის ექსპრეზიდენტ საკაშვილის ამბიციებია…
„ვანო მერაბიშვილს გადაყვა ჩვენი ხელისუფლება “ივანიშვილს ყველაზე მეტად ჩემი ეშინია”, “მე ვხსნი პირადშტაბს”- ამ ფრაზებით გამოგვეცხადა ექსპრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი ჯერ სოცქსელში თავის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვით, მერე კი პირადი ინტერვიუთი. რაც მთავარია, მან ხაზგასმით დაანონსა პირადი შტაბის შექმნა პირად ბიბლიოთეკაში და ხაზგასმითვე გამოაცხადა, რომ მხოლოდ ისაა პირადი მტერი არაფორმალი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, ამიტომ ამ უკანასკნელასაც მხოლოდ პირადადმისი ეშინია.
და ეს ხდება მაშინ, როვა შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა პარლამენტის სპიკერმა, არჩილ თალაკავძემ დაანონსა, საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებები თებერვლის ბოლოს რეალურად ძალას დაკარგავსო.
უგულავას დაკავების გამო, ოპოზიციონერების მხრიდან ცხელ გულზე აკეთებული განცხადებების თანახმად კი, მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობა თებერვლის ბოლომდეც ეჭქვეშ დადგა.
ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესო ხდება, რას ნიშნავდა ზუსტად თალაკვაძის განცხადების შემდეგ სააკაშვილის შემოვარდნა პოლიტიკურ ავანსცენაზე პირადი ამბიციებით გაჯერებული მესიჯებით?
საკითხავია ისიც, ნამდვილად ჩავარდება თუ არა ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის საარჩევნო თემაზე დაწყებული მოლაპარაკებები და როგორ გადანაწილდება პოლიტიკური სპექტრი ექსპრეზიდენტის პირადი შეთავაზებების შემდეგ, ექსპრეზიდენტის განცხადებამ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც სააკშვილთან პირდაპირ არ ასოცირდება, აღაშფოთა, თუმცა ასოცირებულებიდან ბევრის მზერა სააკაშვილის ბიბლიოთეკისკენ ნამდვილად გაიქცა და იქ ადგილების შეთვალიერებაც დაიწყეს. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე კი, წესით, უგულავას დაჭერამ სააკაშვილის სიხისტე უნდა გატეხოს, ოპოზიციას კი გონიერება ეყოს და ერთიანობა შეინარჩუნოს – თანასწორობის პრინციპით, რომ ოპოზიციურ გაერთიანებაში ყველა თანასწორია და ყველა საჭირო სუბიექტია საქართველოს მომავლისთვის.
ოპოზიციის მთავარი კოზირი მის ერთიანობაშია. სწორედ ეს ერთიანობაა იმის გარანტი, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი მთელ ოპოზიციას ყოფილი ხელისუფლების ჩადენილი ცოდვებით ვერც საქართველოს მოქალაქეებისა და ვერც დასავლეთის თვალში გასვრიან.
უფრო მეტიც, მმართველი ძალა და მისი მმართველი ოლიგარქი ვერც მხოლოდ სააკაშვილს გამოიყენებენ საფრთხობელად დასავლეთთან და საკუთარ ამომრჩეველთან საუბრის დროს, რადგან მათ მთელი მთელი ოპოზიიცია უპირისპირდება და უკვე არა მხოლოდ ექსპრეზიდენტი, თავისი პოლიტიკური პარტიით.
უფრო მეტიც, ოპოზიციის წაგება ივანიშვილთან ყველა ლიდერის დაჭერითაც კი ვერ გაფორმდება.
კურდღელი N3 – გაფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო დაპირისპირება ძველებურად მხოლოდ ორპოლუსიანი სისტემით წავა. რაც სამწუხაროდ, ყველაზე მეტად თავად მიხეილ სააკაშვილს აწყობს, რადგან მისი პარტია ოპოზიციაში ლიდერის პოზიციებს შეინარჩუნებს.
სამწუხაროდ, თუ ექსპრეზიდენტის ამბიციები არ დაოკდება, მაშინ მმართველი ძალის ირაციონალური ამბიციები, რომელთა თანახმადაც მისი ლიდერები 2020-ის არჩევნების მოგებას ისევ 60%-იანი შედეგით აპირებენ (ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე და სხვები ასე აანონსებენ) შესაძლოა, რეალობად იქცეს.
ეს მოსალოდნელი რეალობაა ზუსტად გაყალბებული არჩევნები და ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური ინტერვენციის საფუძველი.
2020news.ge
კომენტარები