მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა, – ამის შესახებ მომღერლის შვილისშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
კორონავირუსით ინფიცირების გამო, ის გორში, სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
თემურ წიკლაური 1946 წლის 22 იანვარს დაიბადა. 1972 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1967–1972წწ. ანსამბლ „ციცინათელას” წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას” სოლისტი.
მის რეპერტუარშია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, მათ შორის: „ჩემი თბილისი და ფიროსმანი”, „საქართველოს მანანებო”, „იყიდება საქართველო”, „დინამო”; მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი”), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები”), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი”), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი”).
ასევე, შესრულებული აქვს როლები კინოფილმებში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, „ივერია, სიყვარული და…”, „უმცროსი და”, „ჩხიკვთა ქორწილი” და „არგონავტები”.
2014 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი ვარსკვლავი გაიხსნა.
კომენტარები