ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროების ფაქტს ეხმაურება მედიასთან:
“როდესაც თეა წულუკიანის განცხადება მიიჩნევა დარღვევად და როდესაც არჩილ თალაკვაძის პერსონალურ მონაცემებს და მობილურის ნომერს ასაჯაროებენ ეს არ მიიჩნევა დარღვევად. თქვენ მოიკითხეთ, ნახეთ.
ან მაგალითად, ნაგვის დაყრა თავზე არ მიიჩნევა დარღვევად – ეს არის ორმაგი სტანდარტები, კონკრეტული ფაქტის შეფასებისას არ ვიხელმძღვანელოთ ორმაგი სტანდარტით.”
“ალია” მინისტრს შეახსენებს, რომ ერთი დარღვევის გამართლება მეორე დარღვევის წამოძახებით – სწორედ ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი. წულუკიანმა კი “რაღაცა” დაარღვია, მაგრამ სხვამაც დაარღვიაო? სერიოზულად? მართალია, ჩინოვნიკი თალაკვაძის ნომრის გამოცხადება, როგორც არ უნდა ატრიალო, დარღვევად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მაინც….
ანუ, ამ პრინციპით, რაც დააშავა “ენმ”-მა იმ წლებში, ყველაფრის გამეორება შეგიძლიათ, რადგან იმათ დააშავეს და ახლა თქვენც თუ დააშავებთ, იმათ უკვე დაშავებული აქვთ და ასე ვივლით წრეზე.
აი, მთავარია, მსგავსი დარღვევა უკვე ჰქონდეს ვინმეს და უკვე შეგვიძლია გავიმეოროთ? და ხალხს რისი გამეორების უფლება გვაქვს, მინისტრო? რომელი დარღვევის?
“ალიას” იმის შეხსენებაც სურს მინისტრისთვის, რომ თავად არის ახლა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი და თუ თვლის, რომ რომელიმე დარღვევაზე სამართალდამცველებმა თვალი დახუჭეს – ეს თავისი გუნდის წევრებს უნდა უთხრას!
იმის შეხსენებაც გვსურდა მინისტრისთვის, რომ ჩინოვნიკის, საჯარო მოხელის ტელეფონის ნომერი ისედაც საჯარო უნდა იყოს – მაგრამ, სამწუხაროდ, ევროპული სტანდარტის “მოყვარული” მინისტრები, დიდი ხანია ტელეფონზე ზარს და მესიჯს აღარ პასუხობენ და თუ მინისტრი დაინტერესდება, იმასაც ვეტყვით, რომელი და რამდენი სამინისტროს პიარი არ პასუხობს ზარს, არათუ მინისტრი. იცის, ნეტავი, ნათია თურნავამ, რომ წულუკიანის უკვე ყოფილი პიარებიდან, რამდენიმე ოფიციალურად “გვემდურის”? თუ არ იცის, უნდა იცოდეს, რადგან ამაზე წლებია ვწერთ და მას ის თანამდებობა უჭირავს, როცა არცოდნა არცოდვად ვერ ჩაეთვლება.
კომენტარები