დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე:
„თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ქვეყანა ჩაკეტილი ვერ იქნება, რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და ეპიდსიტუაციის კონტროლის მიხედვით, თანდათან იყოს შემსუბუქებები. გარკვეული შემსუბუქება იყო საახალწლოდ, შემდეგ ისევ გამკაცრდა. შემდეგ იანვარში ვაკვირდებოდით მდგომარეობას და პირველი თებერვლიდან გარკვეული შემსუბუქებები განხორციელდა. ეპიდსიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ და თანდათანობით შემსუბუქებები მიმდინარეობს.
უნდა ვიყოთ ფრთხილად, ყველამ ვატაროთ პირბადე. ხალხი ბრაზდება, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება. მესმის, გარკვეული უხერხულობა არის, მაგრამ ვიდრე მოსახლეობის 70 პროცენტი არ აიცრება, ვიდრე არ დამტკიცდება რომელიმე ძალიან ეფექტური წამალი, პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია და სხვა აუცილებელი იქნება. რამდენადაც ნაწყენი არ უნდა დარჩეთ ჩემზე, ამას უნდა შევეგუოთ, მე მოვალე ვარ, მოსახლეობას სიმართლე ვუთხრა.
მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე ავიდეთ.
რაც შეეხება 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე არსებულ შეზღუდვას, გამყრელიძის განმარტებით, ამ შეზღუდვის მოხსნა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
„თუ ეპიდსიტუაცია ჩამოვიყვანეთ ისე, როგორც ზაფხულში გვქონდა – 15, 20, 100 შემთხვევა დღეში, მაშინ ამაზეც ვისაუბრებთ“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.
15 და 20, თუ 100? რა შემთხვევაში მოიხსნება კომენდანტის საათი, ამაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს, ისევე, როგორც არ არის პასუხი იმაზე, ვინ და როგორ გააკონტროლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს? რამდენი ადამიანის გადაყვანა აეკრძალება ავტობუსის მძღოლს მაგალითად? რამდენი ავტობუსი დაემატება ქალაქის ქუჩებს? მეტსაც გეტყვით, ჩვენ ვიცით, როდის გვქონდა მეორე ტალღა, მეორე ტალღის პიკი, ახლა ვიცით, როდის გვექნება მესამე ტალღა, თუ მობილობა გაიზრდება და მინისტრი ტიკარაძე კი, მესამე ტალღას, საერთოდაც აანონსებდა სრულიად ჩაკეტილი ქვეყნის პირობებში თებერვლის ბოლოს – მაგრამ, გაგიკვირდებათ და “ალიას” ჯერ ვერავინ გვპასუხობს კითხვაზე, მაინც როდის იყო პირველი ტალღა, ან როდის გვქონდა პირველი ტალღის პიკი!
კომენტარები