ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლი, ექიმი ვახტანგ კალოიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ამბობს:
„თავისთავად გახსნა კარგია, მაგრამ მე მაგალითად, აბსოლუტურად კრიტიკულად ვუყურებ სარესტორნო სისტემის გახსნას. მესმის, რომ დღეს ეს ძალიან არაპოპულარულია, მაგრამ კვების ობიექტები არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი პანდემიისას. ერთადერთი, რაც ესტონეთის მთავრობამ მკაცრად დაკეტა, გახლავთ ღამის კლუბები, ბარები და რესტორნები. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ერთ-ერთი უხშირესი მიზეზი იყო შესვენების დროს ერთად კვება. შესაბამისად, ეს დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული. ახლა ყველაზე მარტივია განმათავისუფლებელის დროშა დაიჭირო, ჩაუდგე ამ საპროტესტო მოძრაობას სათავეში, გამოიყენო ეს პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები ასე არ იქცევიან. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება აუხსნიდა საზოგადოებას, რა რისკებთან აქვს საქმე და დაუსაბუთებდა, რომ ეს ძალიან მაღალი რისკია. იმ ფონზე, როცა შენ ტრანსპორტის გახსნას ხელს უშლი, როცა ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის გავრცელების ზონაა, კითხვები ავტომატურად ჩნდება, სრულად ალოგიკური იყო ტრანსპორტის ამდენი ხნის განმავლობაში დაკეტვა
ერთი შეხედვით, გახსნა სასიამოვნო და კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა პრობლემა ყველა გადაწყვეტილების, რომელსაც ხელისუფლება პანდემიის პერიოდში იღებდა, არის არათანმიმდევრულობა. ჩვენ გვქონდა დაანონსებული, რომ გახსნის გეგმა მთავრდებოდა მარტის პირველ რიცხვებში, უცებ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს გახსნა ხდება სამი კვირით ადრე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დამყარებული ვართ არა ფაქტებს, არამედ ვრეაგირებთ იმაზე, თუ რა ხდება სოციალურ ქსელში. როგორც შარშან გაზაფხულზე, როცა ხელისუფლებამ ექვსკვირიანი გეგმა გახადა ორკვირიანი, ახლაც იგივე რამესთან გვაქვს საქმე, იგივე საარჩევნო სტრატეგია, რომელიც აგებული იყო კოვიდპანდემიაზე და ჩვენ საფრთხეები უგულებელვყავით და ის ტრაგედია მივიღეთ, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, ხელისუფლება მართავს პანდემიას პიარ – სტრატეგიის მიხედვით და შესაბამის შედეგებსაც ვიღებთ.
სამწუხაროდ, ის ვაქცინა, რაც შემოდის თებერვლის ბოლოს, არის ის რაოდენობა, რაც სულ არაფერს სჯობს. მას მნიშვნელოვანი სოციალური გავლენა და მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური ეფექტი არ ექნება. მისი ეფექტი იქნება ის, რომ სამედიცინო პერსონალის რაღაც ნაწილი იქნება აცრილი და რა თქმა უნდა, ეს სიმყარეს და სტაბილურობას შემატებს ჯანდაცვის სისტემას, მაგრამ ამას სოციალური გავლენა არ ექნება. აქტიური მუშაობა უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ ზაფხულში, დღეს იმდენად კონკურენტული და პრობლემურია ვაქცინების ბაზარი მსოფლიოში, რომ ძალიან რთული იქნება ჩვენნაირი ქვეყნისთვის იქ შესაბამისი ადგილის პოვნა და ჩვენთვის საჭირო 2 მილიონი ვაქცინის მოპოვება“
კომენტარები