უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა:
“ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა, იყო პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტი და არა ნორმები და მუხლები, რაზეც მსჯელობა შეიძლება. მსჯელობა შეიძლება ახლა იმაზე, რა ნორმები უნდა შეიქმნას. ჩვენ დაახლოებით, ერთკვირიანი ვადა ავიღეთ არასამთავრობო სექტორთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც წარმოდგენილები არიან სამუშაო ჯგუფში, რომ ყველას მოსაზრება იყოს შემოსული, ხელმძღვანელები – იოსელიანი და პაპუაშვილი შეჯერდნენ და შემდეგ შეიქმნება პირველი „დრაფტი“, რაზეც შესაძლებელი იქნება მსჯელობა. არასამთავრობო სექტორის მხრიდან იყო საკმაოდ მყარი არგუმენტები კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ოპოზიციას, „გაყალბებული არჩევნები“ ეს ფრაზა აქვთ დაზეპირებული და ფიქრობენ, რომ ამისთვის არგუმენტები აღარ არის საჭირო. ჩვენ მივდივართ პრაქტიკულად ყველაფერზე, რაც კი შეიძლებოდა ჩვენიდან დათმობილიყო. მათი მხრიდან გვაქვს პიარის ჯიუტი ფორმა – „არჩევნები გაყალბდა“ და აღარ აინტერესებთ ეს გამოსაძიებელია თუ არა. ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე ვიყავით დარწმუნებული, რომ არჩევნების გაყალბების რაიმე მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენდა. ელემენტარულად, სერიოზული დარღვევები და ხარვეზები არ ყოფილა. თვითონ ხომ აქვთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკები, გვითხრან, როგორ ხდება შედეგების გადაწერა, მათ წარმოგვიდგინონ არგუმენტები. მათი 11 ათასი წარმომადგენლის ხელმოწერა თუ გაყალბდა, თქვან, ვინმემ მიიყვანა ეს ადამიანები, იძულებით და დაშინებით მოაწერინა ხელი? ამაზე პასუხს არ გვცემენ. იციან თვითონაც, რომ თავიანთი ლოგიკით ჩიხში არიან შესულები. პასუხი და არგუმენტები მათი მხრიდან არ გვაქვს, უბრალოდ ამბობენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“. მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ“
მისივე თქმით, დარწმუნებით იმის თქმა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ასევე განხორციელდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, არ შეიძლება.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები სამუშაო ჯგუფში მსჯელობის ძირითადი საკითხი არ იქნება.
„თემა უფრო რეალური გახდება, როცა 113 ადამიანი იმუშავებს პარლამენტში“, – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები