სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავარი საგამოძიებო ორგანოს – გენერალური პროკურატურის და მისი საგამოძიებო ნაწილის წვლილი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომელიც 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხებოდა.
„დღეს ამ დარბაზში გვესწრება პროკურატურის გამომძიებელი მამუკა ფარულავა, რომელსაც პირადად აქვს უდიდესი დამსახურება ყველა შეგროვებული მტკიცებულების საქმეში დამაგრებისა და მტკიცებულებად ქცევის საკითხში და მას ვუხდი მადლობას; იგი იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებდა მტკიცებულებებს და აძლიერებდა საქმეს“ – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.
იუსტიციის მინისტრმა მტკიცებულებების შეგროვებაში აქტიური ძალისხმევისთვის ყველა შესაბამის უწყებას, ვინც მათთან ერთად მონაწილეობდა პროცესში, ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც შევაგროვეთ რადარის ჩანაწერები, განაღმვის ამსახველი დოკუმენტაცია, კარტოგრაფიული მასალა და სხვა მტკიცებულებები; შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით კი, შიდა ქართლის პოლიციასა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურს; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მთელი ამ პროცესის განმავლობაში აქტიური მხარდაჭერისთვის; საჭირო აუდიო- ფოტო- და ვიდეომასალების მოწოდებისთვის; ომისდროინდელი სატელეფონო მიყურადებების დამაგრებისა და მოწოდებისთვის; ასევე, ინოვაციური იდეებისთვის, როგორიც იყო, მაგალითად, სეისმური სადგურის ჩანაწერების გამოყენება აფეთქების დამადასტურებლად; საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ოკუპაციისა და განგრძობადი დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწოდებისთვის; დაბოლოს, მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც დღეს ამ დარბაზში იმყოფებიან“ – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ ახალგაზრდა გუნდმა აჩვენა საოცარი შემართება, პროფესიონალიზმი და კომპეტენცია, რაც საკმარისი აღმოჩნდა მრავალრიცხოვანი იურისტებით დაკომპლექტებული ძლიერი ოპონენტის დასამარცხებლად; გოჩა ლორთქიფანიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ პერიოდში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, ვისი ხელმძღვანელობითაც 2013 წლიდან არსებითი განხილვის ეტაპზე მუშაობდნენ ამ საქმეზე;
„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ამ პროცესის უშუალო მხარდაჭერისთვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული დეოკუპაციის გეგმის განხორციელების მნიშვნელოვან ელემენტს. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა-მინისტრებს უწყებების ასეთი შეწყობილი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. მადლობას გიხდით თქვენ – საქართველოს დეპუტატებს ამ პროცესში პოლიტიკური მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“ – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას.
კომენტარები