„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია:
-როცა დავით გარეჯის თემა წამოიწია წინასაარჩევნოდ და კარტოგრაფები დააკავეს, მაშინ ჩავწერე თქვენთან ინტერვიუ და მითხარით, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც ამ რუკაზე საუბრით თამასა აწია, ან ბოლომდე უნდა მიყვეს საკითხს და დავით გარეჯი დაიბრუნოს, ან თუ ეს წინასაარჩევნო ხმაურია, არჩევნების მერე კარტოგრაფებს გამოუშვებს, გამოუშვა კიდეც. ახლა როგორ შეაფასებთ არსებულ რეალობას?
-ამ პროცესებს სრულიად სხვა შეფასებებს მივცემ – ამ პროცესში ყველაზე ცუდად კარტოგრაფები და პოლიტიკური ჯგუფები, ნაცები ან ქოცები, კი არ გამოდიან, ამ პროცესებში ყველაზე ცუდად ჩანს აზერბაიჯანი, რომელმაც კარგად იცის, რომ ეს მთლიანი კომპლექსია! ჩვენ რომ არ გაგვეტარებია აზერბაიჯანის ნავთობსადენი, ხომ იქნებოდნენ ახლა ნაკლებად დამოუკიდებლები? იქნებოდნენ ახლა მთლიანად მიბმული რუსეთზე. მაგ ნავთობსადენის გამო საქართველომ გადაიტანა და გადააქვს ათასი პრობლემები, არაფერს სასარგებლოდ ღირებულს ეგ ნავთობსადენი არ გვაძლევს. უგუნურება იყო რომ ვაკვირდები. დღევანდელი შედეგობრივი გადმოსახედიდან. შევარდნაძე თავის დროზე აყვა ამ თემას, „აბრეშუმის გზა“ და ზღაპრები… სულ არის 500 კილომეტრი სატრანზიტო მონაკვეთი და ქვეყანა რომელიც 500 კილომეტრიანი სატრანზიტო მონაკვეთით აპირებს ცხოვრებას, იმ ქვეყნიდან არაფერი არ გამოვა. ზოგადად პოლიტიკაში არ გამოიყენება ადამიანური ღირებულებითი კატეგორიები მითუმეტეს სახელმწიფოების მიმართ, მაგრამ აზერბაიჯანს თავისი წილი სინდის-ნამუსიც ხომ უნდა ჰქონდეს ამ საკითხში? კონკრეტული ხელისუფლებები, მართლაც შეიძლება კონკრეტულ გარიგეგებში იყვნენ ვიღაცეებთან, ოღონდ პრობლემები არ შეიქმნან და მიაჩუმათონ – მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე ეს პრობლემა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახლა ამბობს, ჩემთან აღმოჩნდნენ აქ ექსპერტები, რომლებიც წინა ხელისუფლების დავალებით გაურიგდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ან სულელურად ჩაიდინეს მავნებლური აქტი და აზერბაიჯანს მიაკუთვნეს ის, რაც მას არ ეკუთვნოდა. ამ დროს შენ ხარ ხელისუფლება, რომელმაც ხელი უნდა მოაწერო ხვალ და ზეგ ამ დელიმიტაციის თემას, და თუ მოაწერ, ე.ი. შენც ეთანხმები ამას! ან არ უნდა მოაწერო ხელი და საზღვარი დარჩება შეუთანხმებელი, პრობლემებიც გაგრძელდება – მათ იქამდე აწიეს თამასა, რომ ახლა იძულებულნი არიან ეს საკითხი გადაწყვიტონ. თუ აქვთ იმის გარანტია, რომ ამ საკითხს მოაგვარებენ და თავიანთ გამარჯვებად გამოაცხადებენ, ღმერთმა შეარგოთ ეს პოლიტიკური გამარჯვება, მაგრამ მაშინ კონკრეტული პასუხისმგებლობები უნდადადგეს. ჯერჯერობით არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ ეს ექსპერტები გამოუშვეს და ამ კაცმა (მელაშვილმა) გამოუშვეს თუ არა და გაიმეორა იგივე, რისთვისაც არის დაჭერილი, მეორე ნაწილმა კი ტაში დაუკრა და გმირად გამოაცხადა. ყველაზე საოცარი იყო, ფიქრია ჩიხრაძე, რომელმაც დავით გარეჯის თემით დაიწყო პოლიტიკაში მოსვლა, (მაშინ 5-6 ადამიანი ყველაზე მეტად აქტიურობდა, დარბოდა უნივერსიტეტში, მათ შორის დათო ტურაშვილი და საწყალ ამაღლობელს სისხლს უშრობდნენ ეს 5-6 აქტიური სტუდენტი) იდგა და ტაშს უკრავდა ივერს, რომელმაც თქვა, რომ დიახ, ეს დღესდღეობით, ამ მონაცემებით არ არის ჩვენი! მაშინ ჩვენი იყო ფიქრია ჩიხრაძე და დათო ტურაშვილი რომ დარბოდნენ გარეჯში? მთავარია, რა გაწყობს პოლიტიკურად, თორემ, დანარჩენი წარსულს მიბარდება ხოლმე. სად არის დათო ტურაშვილი?
-დათო ტურაშვილმა თქვა, კითხვები მეც მაქვს ივერი მელაშვილთანო.
-ვისთან მაქვს კითხვებიო? მელაშვილთან სანამ კითხვები ექნებოდა, სააკაშვილთან ჰქონოდა კითხვები, ეს კითხვები ახლა გაუჩნდა, ეს ამბავი რომ ატყდა? ახლა უნდა დადგეს და ტაში უნდა დაუკრას, ხომ? მელაშვილმა, მიზეზთა გამო (პროკურატურის აზრით) დანაშაულებრივად, ჩათვალა რომ აზერბაიჯანის წარმოდგენილი დოკუმენტაციით და იმ ფაქტებით რაც მათ ჰქონდათ ხელთ, 1991 წლის 26 დეკემბრისათვის (ეს არის ათვლის წერტილი საქართველოს საზღვრებისთვის), ეს იყო აზრებაიჯანის იურისდიქციის ქვეშ. ეს ნაწილი, როგორც ექსპერტმა შეთანხმა აზერბაიჯანელ ექსპრტების ჯგუფთან, ანუ, ეს ნაწილი ექსპერტების დონეზე, შეთანხმებულია. იურიდიულ შედეგობრივად და არ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი, ამიტომ ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ ექსპერტები კი შეთანხმდნენ, მაგრამ თავად არ ეთანხმება და ეს საკითხი დარჩება ღია. ამ შემთხვევაში აზრებაიჯანმა უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და სულ მცირე ტერიტორიის მონაცვლებაზე წამოვიდეს.
-პირველივე დღეებიდან გვეუბნებიან, აზერბაიჯანთან საქმე არა გვაქვს, მათ არაფერს ვედავებით და ივერი მელაშვილმა კი გაყიდა ქვეყანა, მაგრამ არავის უყიდია და მაგაზე ხმაც არ გაიღოთო…
-მელაშვილს პირდაპირი მტკიცებულებები ვერ დაუდეს და ეს მოსმენებიც არ იყო იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ მას რაღაც მოტივი ჰქონდა – მაგალითად, ფული აიღო. თუ თქვა მელაშვილმა, რომ ზევიდან დაავალეს და ხელი დაადო ვინმეს – მაშინ უკვე დაკავებული უნდა იყოს ის ხალხი ვინც ზევიდან დავალება გასცა აბა, ისე რატომ გამოუშვეს? პროკურატურამ აჩვენა თავისი სამწუხარო სახე. ეს ორგანო იყო ყველაზე რეტროგრადული ორგანო, ყველაფერი შეიცვალა საქართველოში და პროკურატურას არაფერი შეეხო. ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს იქ და მათაც იგივეს ვეუბნები. ეს არის არაფერზე პასუხისმგებელი ორგანო. ქართული ოცნების მომხრეებს ვუყურებ ახლა და მელაშვილს კი არ უნდა ეძახდნენ მოღალატეო, სახელმწიფო ორგანოს-პროკურატურას უნდა მოსთხოვონ პასუხი. ეს კაცი (მელაშვილი) იძახის, მე ასე ვთვლი, როგორც ექსპერტი, ეს რუკა არის ხარვეზიანი(ამიტომაც გადამალა) და მე თუ დამნიშნეთ ექსპერტად, მე ასე ვთვლი. ამის გამო თავს არავის ჭრიან. მით უფრო, რომ სამწუხაროდ, რაღაც-რაღაც მტკიცებულებები აზერბაიჯანის სასარგებლოდაც არსებობს. ხალხმა მართლა ვერ გაიგო, არსებობს ისტორიულ-კულტურული კუთვნილება და არსებობს სამართლებრივი და კონკრეტული კუთვნილება. ათვლის წერტილი არის 1991 წლის 26 დეკემბერი, ანუ საბჭოთა საზღვრები. შენ უნდა გამოარკვიო საბჭოთა საზღვრები სად გადიოდა. ამის დამამტკიცებელი არის ბოლო მოქმედი დოკუმენტაცია. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია უარი ვთქვათ, არ ვცნოთ საზღვრები და ეს საკითხი დარჩება ასე შეუთანხმებელი – მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ იქ ფაქტობრივი გარემოება დამყარდა. ანუ, აზერბაიჯანლები დადგნენ! ვვარაუდობ, სალომე ზურაბიშვილს მოახსენეს, რომ აი, ამ მონაკვეთზე ვერ დადიან სასულიერო პირები და მრევლი და ზურაბიშვილმაც თავისი პოლიტიკური გამოუცდელობით, გააკეთა განცხადება და აზერბაიჯანლებმა დაიკავეს ტერიტორია ისე, როგორც იყო შეთანხმებული ექსპერტების დონეზე. ახლა ძალიან ძნელია უკან დახევა.
-კარტოგრაფების ადვოკატები საუბრობენ ექსპერტიზის დასკვნაზე (იგულისხმება სამხარაულის ექსპერტიზა) და მათი მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თუ ამ რუკით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ წითელი ხიდის გადაცემა მოგვიწევს, რადგან იმ რუკის მიხედვით, წითელი ხიდი არ არის ჩვენ საზღვრებშიო.
-არ ვიცი, 38 წლის მონაცემებით, გარეჯი ჩვენთან იყო და წითელი ხიდი არ იყო?! ამიტომ არის ეს შეთანხმების და მოლაპარაკების საკითხი. მე მაინც ჩვენში ვხედავ ამ პრობლემას, აზერბაიჯანიც კი, რომელსაც მოკავშირედ მივიჩნევთ, და რომელიც მდიდრდება ჩვენ გულ-მკერდზე გადატარებული მილებით, არ გვექცევა ღირსეულად, იმიტომ რომ ჩვენ არ ვექცევითჩვენსავე თავს ღირსეულად, ჩვენ ქმედითად ვერ დავანახეთ ჩვენისაჭიროება აზერბაიჯანს. მოყოლილი მაქვს ეს ამბავი, იტირა ნინო ჩხობაძემ,ხელს არ აწერდა ბიპის ნავთობსადენის პროექტს, მაგრამ შევარდნაძემ მაინც ვერ გადააწევინა ხატოვნად რომ ვთქვათ ნახევარი მეტრითაც კი მილის გაყვანა, რომ არ გაევლოთ, პირდაპირ ბორჯომის წყლებზე, ნინო ჩხობაძეს ლამის ფიზიკური იძულებით მოაწერინეს ხელი… ახლაც იგივეა, აზერბაიჯანის ქცევა – ხომ იცის, რომ ეს არის ერთიანი კომპლექსი? არც აზერბაიჯანიდან მოდის მცდელობა, რომ როგორმე ღირსეულად გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და არც საქართველოდან, საქართველოში ჩანს ჩასვრილი, შეშინებული ხელისუფლება, შეშინებული რომ არის, ეს კარტოგრაფების გამოშვებითაც ჩანს. ხედავენ რომ სუსტია პოზიციები, მე არ ვიცი, პარლამენტში შესვლისთვის რა თამაშები სჭირდებათ, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ როგორც ყოველთვის ახლაც ჩვენ უგერგილობას და უჭკუობას ვამჟღავნებთ.
-ხშირად ვფიქრობ, რამე ბიზნესინტერესები აქვთ და ფულის გამო ჩუმდებიან, თუ ამდენად სულელები ვართ?
-მე ვფიქრობ, ეს არის კეთილგანწყობის თემა, რომელიც მერე გადაიზრდება ხოლმე რაღაც ბიზნესპროექტებში. მოდი, ალიევს არ შევუქმნათ პრობლემები, ფიქრობდნენ წინა და სააკაშვილის ხელისუფლებაში, სააკაშვილის დროს კი პრობლემას არაფრად მიიჩნევდნენ მათივე კატეგორიებით „რაღაცა ეკლესიის“ გამო, როგორც სააკაშვილმა თქვა, რამდენიმე ქვის გროვა ჩავაბარეთ რუსებსო… ასე უყურებდნენ ამ თემასაც და სამაგიეროდ, რაღაცას მოთხოვდნენ მერე ალიევს ბიზნეს პროექტების სახით… თუმცა, ამაშიც არ ვარგოდნენ, აზერბაიჯანს, რომელმაც იცის ვაჭრობა, ვერაფერს მოატყუებ… სააკაშვილმა სხვასთან ვაჭრობა არ იცოდა, თავისხალხისადმიიცოდა, მოიტანედა ამიშენე, ეს მეტნაკლებად გამოსდიოდა…ამწუთას ხელისუფლება წყვეტს თავის ძირითად საკითხს და ცდილობს პარლამენტი გახადოს როგორმე მოქმედად მრავალპარტიული, ამისთვის ყველაფერზე მიდის, მაგრამ რაში შემოუტრიალდება ეს, თავადაც ვერ საზღვრავს. მისი მომხრეებიც კი, ამ მოცემულობით, უკვე ეუბნებიან, რომ დავით გარეჯი ჩვენია. ხელისუფლება ხვალ და ზეგ იძულებული იქნება თქვას, აზერბაიჯანი არ თანხმდება ამ საკითხზე. მაშინ ისევ დაიჭირეთ ეს კაცი ან ვინცმას მისცა ამგვარი დანაშაულებრივი დავალება – ხელისუფლებას მოუწევს გამოაშკარავოს ვინ არის და სად არის ის, რაც დროთა განმავლობაში,როგორც დღეს ჩანს იქნება ძალიან ძნელი და საერთოდაც შეუძლებელი.სამწუხაროდ არავინ სთხოვს სახელმწიფო უწყებებს პასუხს – რა საჭირო იყო დაჭერა თუ ამას ვერ დაასაბუთებდი, მოდი, გახადე საჯარო ექსპერტთა შეთანხმება და შენ ნუ მოაწერ საბოლოო დოკუმენტს ხელს, თქვი, რომ ეს პრობლემაა და დატოვე ღიად ეს საკითხი. ეცადნენ თავისთვის და გამოუვიდათ ქვეყნისთვის უარესი.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები