კიდევ ერთი ჩინოვნიკი მთავრობის ადმინისტრაციაშია შსს-დან:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.
გუბერნატორების კორპუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ კოტე ანანიაშვილი. კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე იქნება კოტე პასუხისმგებელი. თქვენი ძირითადი საყრდენი ყოველდღიური მართვის პირობებში იქნება კოტე. ჩვენ ასევე გვექნება შეხვედრები, თავდაპირველ ეტაპზე, კვირაში ერთხელ, ზუსტად ისე, როგორც იმართება მთავრობის სხდომები, გაიმართება ეს სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გუბერნატორები“
კონსტანტინე ანანიაშვილი 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
2013-2016 წლებში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი.
2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შემდეგ კი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ.
სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, არჩევნების შემდეგ, ერთი დღეც არ შეწყვეტილა პროტესტი, მათ შორის, არც კომენდანტის საათის დროს, კონსტანტინე ანანიაშვილი ახერხებდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიმშვიდის შენარჩუნებას, რას იზამს ავთანდილ გალდავა, რომელიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდიდან გადაჰყავთ აჭარაში პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად – ეს მალე გამოჩნდება.
კომენტარები