ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“თუ გგონიათ, რომ ადვოკატებზე ძალადობა და ადამიანების დაცვის კონსტიტუციური უფლების ფეხქვეშ გათელვა ავბედითი ოთხმოცდაათიანების ტრადიცია იყო, მეორედაც დაფიქრდით.
ამ შემთხვევაში, პოლიციელთა არაკვალიფიციურობაზე, არაკომპეტენტურობაზე, თავხედობასა და უტიფრობის ხარისხზე აღარ ვსაუბრობ.
დღეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის და, მოულოდნელი დაკავების შემდეგ, მისი ადგილსამყოფელის გარკვევის მცდელობისთვის პოლიციამ მობილური ხელიდან გამაგდებინა, ხელბორკილები დამადო და დამაკავა.
საათობით მაყურყუტეს მანქანაში, ტელეფონზე რეკეს აქეთ-იქით, რომ გაერკვიათ როგორ მოქცეულიყვნენ და ბოლოს პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შემიდგინეს.
კანონის ენაზე, ამას ადვოკატის საქმიანობაში უკანონო ჩარევაც ქვია და სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულადაც მიიჩნევს, მაგრამ სამართალდამცველად წოდებული მუნდირიანი სამართალდამრღვევებისთვის და ქვეყანაში ყველა დემოკრატიული ინსტიტუციის ჩამომშლელი მათი პატრონებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც პოლიციელების ასეთი ქმედებები უნდა გამოიძიოს, არაფერს ნიშნავს.
მაგრამ ვიცი, რომ ჩემთვის და ჩემ გარშემო მყოფი უამრავი ადამიანისთვის ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლება, კანონის უზენაესობის პრინციპი და იმის იმედი, რომ ოდესმე შეიძლება სამართლებრივ სახელმწიფოდ ვიქცეთ, ბევრს ნიშნავს და ზუსტად ამ მიზეზით, ამ ყოვლად ამაზრზენი შემთხვევის გამო თქვენს წინააღმდეგ ვიბრძოლებ ყველგან, ყველა კანონიერი საშუალებით და ყველა ტრიბუნაზე.
სასამართლო მექნება 12 თებერვალს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია
საპატრულო პოლიცია
კომენტარები