ევროპის მასშტაბით ქართული კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობით იტალიის პოლიცია ხელმძღვანელობდა.
რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს საქართველოს მოქალაქეები. იმავე დღეს ქართული კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა საფრანგეთშიც სახელწოდებით – BRATVA-35.
სულ დაკავებული არიან საქართველოს მოქალაქეები:
იტალიაში – 23,
პოლონეთში – 2,
საბერძნეთში – 1,
ბელგიაში 1
სლოვენიაში – 1
საფრანგეთში – 17
დაკავებულთა ვინაობებზე ინფორმაციას ავრცელებს „პრაიმტაიმი“:
საფრანგეთში დაკავებული „კანონიერი ქურდი“ 58 წლის კახაბერ ალიშბაია გახლავთ (ფოტოზე ნაჩვენები პირი). მას კრიმინალურ წრეებში „კახა ზუგდიდსკის“ სახელით იცნობენ.
ის „კანონიერი ქურდის“ სტატუსით მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ჯერ კიდევ 1993 წელს „დააგვირგვინეს“. კრიმინალური კარიერის განმავლობაში ალიშბაია 4-ჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის ბოლოს 2015 წელს საფრანგეთში გაასამართლეს, თუმცა მაშინ საპატიმროდან თავის დაღწევა მოახერხა.
სპეცოპერაციის ფარგლებში ასევე დაკავებულია ზუგდიდელი კრიმინალური „ავტორიტეტი“ გიორგი ბიგვავა, ქუთაისელი ოთარ გიგიაძე და თბილისელი შალვა კიკნაძე.
დაკავებულთა შორისაა იტალიის ქალაქ ბოლონიაში მდებარე ქართული რესტორნის მეპატრონე კონსტანტინე მიროტაძეც. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ის პირადად უწევდა კოორდინაციას იტალიის ტერიტორიაზე მოქმედ დანაშაულებრივ ქსელს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჩართულობით მოხდა ყველა პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ.
არის თუ არა საქართველოს 45 მოქალაქიდან ყველა “კრიმინალური ავტორიტეტი” – “ალია” ამ დროისთვის ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ. იმედია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ევროპელ კოლეგებს იდენტიფიცირებაში დაეხმარა, უფრო ზუსტ და დეტალურ ინფორმაციასაც გაავრცელებს.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ყოფილი პროკურორი, ფარცხალაძე ევროპაში თავის დროზე, ბოტასის ქურდობისთვის დააკავეს. როგორც ჩანს. პროკურორის თანამდებობაზე წარდგენისას საქართველოს მხარესთან ევროპამ არ “ითანამშრომლა” და არ მოგვაწოდა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია, თორემ, აბა, როგორ?
კომენტარები