თავად უარყოფს, მაგრამ ფაქტობრივად დასტურდება, რომ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მათ შორისაა, ვინც ქობულეთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკანონოდ ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა 1560,5 კვ.მეტრი სასტუმრო. აღმოჩნდა, რომ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ეს არ შეუნიშნავს. ასევე უკანონოდ დააშენა და გაზარდა მან კიდევ ერთი შენობის მასშტაბი. 2021 წლისთვის, დავით მჭედლიშვილის ოჯახის სასტუმრო და საცხოვრებელმა ფართობმა 4583 კვადრატულ მეტრს მიაღწია.
დავით მჭედლიშვილი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეა 2017 წლიდან. უფლებამოსილების ვადაში მან, როგორც მაღალი რანგის საჯარო მოხელემ, ქონებრივი დეკლარაცია ოთხჯერ შეავსო. ამ დეკლარაციების მიხედვით, ბოლო წლებში მისი და მისი ოჯახის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა გადამოწმებით დადგინდა ისიც, რომ დეკლარაციებში ყველაფერი არ წერია.
„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ამ პერიოდში დავით მჭედლიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაჩნდა შენობები და გაიზარდა არსებული შენობის მასშტაბი უკანონოდ, მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვების გარეშე.
ქობულეთი, რუსთაველის # 224- ის მიმდებარედ უკანონოდ აშენებული სასტუმრო
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2021 წლის 28 იანვარს შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, უძრავი ქონების ნაწილი – 1560 კვადრატული მეტრი სასტუმრო დავით მჭედლიშვილმა და მისმა მეუღლემ ძირითადად, უმცროსი შვილის სახელზე გადააფორმეს. 2018 წელს ივერი მჭედლიშვილის საკუთრებაში დაარეგისტრირეს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ქობულეთში, რუსთაველის # 224- ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს.
რატომ ჩაწერა დეკლარაციებში სასტუმროები საცხოვრებელ სახლებად – ამაზე თავად დავით მჭედლიშვილს ვკითხეთ. სატელეფონო საუბარში მან განგვიმარტა, რომ მათ შორის ერთ-ერთში ცხოვრობენ, ამიტომაც სახლიც არის და სასტუმროც. ზოგან კი მიწის ნაკვეთების ფართობები და შენობების ფართობები ერთმანეთში აერია, შეცდომა დაუშვა, რისთვისაც დააჯარიმეს კიდეც.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს, რომ ეს შენობა უნებართვოდ ააშენა:
„ახალი არ აგვიშენებია, ძველი შენობაა, ადრე აშენებული. ძველი ნებართვებიც იქნება ალბათ, ჩვენ ავაშენეთ და შვილმა დაასრულა“.
სინამდვილეში, სასტუმროს მშენებლობა ამ ნაკვეთზე 2016 წელს დაიწყო და 2018 წლის ბოლოს დაასრულა ისე, რომ შესაბამისი ნებართვები ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურს გაცემული არ აქვს. დეკლარაციაში არც მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ჩანაწერი იძებნება. საჯარო რეესტრით კი დასტურდება, რომ დეკლარაციის შევსებისას დავით მჭედლიშვილს შენობებისა და მიწის ნაკვეთების ფართობები ერთმანეთში არ არევია.
დავით მჭედლიშვილი, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე. ფოტო: დავით მჭედლიშვილის ფეისბუქგვერდიდან
გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, არც დავით მჭედლიშვილი და არც მისი შვილი [ივერი მჭედლიშვილი] – ამ კონკრეტული ქონების მესაკუთრე უნებართვო მშენებლობისთვის ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არათუ არ დაუჯარიმებია, მითითებაც კი არ მიუციათ. ზემდგომი სტრუქტურის პირველი პირის უკანონო ქმედება ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ვერ ან არ შენიშნეს.
„ბათუმელები“ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, მინდია რომანაძეს დაუკავშირდა და საკრებულოს თავმჯდომარის კუთვნილ მისამართებზე უნებართვო მშენებლობების გადამოწმება სთხოვა.
ის ჯერ შეგვპირდა, რომ გადაამოწმებდა ინფორმაციას და დაგვიკავშირდებოდა, შემდეგ ტელეფონი გამორთო, მეორე დღეს კი გვითხრა, რომ შვებულებაშია და გვირჩია არქიტექტურის სამსახურს დავკავშირებოდით. იმავე კითხვებით მივმართეთ როგორც ქობულეთის არქიტექტურის სამსახურს, ასევე მერიის პრესსამსახურს, თუმცა რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად მათგან პასუხები ვერ მივიღეთ. ერთკვირიანი მცდელობის შემდეგ კი ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ერთი სასტუმრო უკანონოდ ააშენა, კიდევ ერთ შენობას კი რეკონსტრუქცია ჩაუტარა და დააშენა ასევე უკანონოდ.
უკანონოდ აშენებულ 1560 კვადრატულ მეტრ შენობაში მჭედლიშვილებს საოჯახო სასტუმრო seashell [„სიშელი“] აქვთ მოწყობილი. იძებნება ამ სასტუმროს ვებგვერდიც, რომლის საშუალებით მომხმარებელს ტურების დაგეგმვას და სხვა შესაბამის მომსახურებასაც სთავაზობენ [ეს სასტუმრო ექსპლუატაციაში 2019 წელს გაუშვეს].
შპს „სიშელის“ ასი პროცენტის მფლობელი და ხელმძღვანელი კი დავით მჭედლიშვილის უფროსი ვაჟი, მიხეილ მჭედლიშვილია.
საჯარო რეესტრის თანახმად, მჭედლიშვილების სასტუმროს ოფიციალური მისამართია: ქობულეთი, რუსთაველის #224-ის მიმდებარე. დავით მჭედლიშვილს ეს მიწის ნაკვეთი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე დიდი ხნით ადრე აქვს შეძენილი.
ქობულეთი, რუსთაველის #224 – სახლი და სასტუმრო
სასტუმრო „სიშელის“ წინ, რუსთაველის #224-ში, ქუჩის მხარეს მჭედლიშვილებს კიდევ ერთი საცხოვრებელი და ამავდროულად სასტუმრო აქვთ. სწორედ ამ შენობაში დაიწყო ოჯახმა თავის დროზე მცირე სეზონური ბიზნესი – საოჯახო სასტუმროს სახით. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი შენობას დააშენეს და მისი მასშტაბი ბევრად გაზარდეს, რასაც ასევე არ ადასტურებს დავით მჭედლიშვილი. „არ დაგვიშენებია. ასე იყო. ძველია. 15 წელია რაც აქ საოჯახო სასტუმრო გვაქვს და ჩემი მეუღლე უძღვება ამ ყველაფერს“, – ამბობს ის.
თუმცა ეს რომ ასე არ არის, ამის გაგება თავად დავით მჭედლიშვილის ქონებრივი დეკლარაციებიდანაც შეგვიძლია: პირველი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2018 წელს საკრებულოს თავმჯდომარის რანგში შეავსო, ამ შენობის ფართობი 600 კვ. მეტრი იყო. 2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, შენობის ფართობი ხუთჯერ გაიზარდა და 3023.3 კვ.მეტრია.
ეს სახლი – სასტუმრო ოფიციალურად დავით მჭედლიშვილის მეუღლის, ირმა გოგიტიძის საკუთრებაა.
ქობულეთი, აღმაშენებლის #380
უშუალოდ დავით მჭედლიშვილის სახელზეა გაფორმებული 400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთში – აღმაშენებლის #380-ში. ამ მიწაზე დგას 301 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა. აღმაშენებლის ქუჩა ქობულეთში ზღვის პირველ ზოლს ესაზღვრება და ტურისტულ სეზონზე ამ ქუჩაზე ფართოებები უფრო ძვირად ქირავდება.
როგორც თავად გვიყვება ამ ქონებასთან დავით მჭედლიშვილს „გამოსახლების ისტორია“ აკავშირებს. საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ამ თემაზე საუბარი ეუხერხულება, მაგრამ რადგან კითხვები გაჩნდა, იძულებულია ისაუბროს:
„გადავარჩინე იპოთეკარი, რომელიც კარგავდა სახლს, უკვე არაფერი აღარ ეშველებოდა, რადგან სასამართლოს განაჩენი გამოტანილი ჰქონდა. სახლი ეკუთვნოდა ქვრივს და მის ობლებს, გამოსახლებაზე იყვნენ მისულები, იყო ერთი ამბავი და ჩვენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, მე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, პარლამენტის დეპუტატი ნაკაიძე მივედით – მოლაპარაკებას შედეგი არ ჰქონდა. მყიდველი, რომელმაც შეისყიდა ეს ქონება ბანკისგან, ოჯახის დაუყოვნებლივ გამოსახლებას ითხოვდა.
მე არ ვიცი, როგორ მომივიდა მაშინ ასეთი აზრი, ავიღე სესხი, 72 000 აშშ დოლარი გამოვიტანე და ქონება გამოვისყიდე, გადავიფორმე ჩემს სახელზე და ოჯახს საშუალება მივეცი ამ სახლში დარჩენილიყო საცხოვრებლად. ახლა ეს ოჯახი ფეხზე დადგა და სესხს თვითონ იხდიან, ხანდახან ვეხმარები და როცა სესხს დაფარავენ, საბოლოოდ ეს ქონება მათ დაუბრუნდებათ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მე ეს ადამიანები გადავარჩინე გამოსახლებას. ამას ვერ ვამბობ, რადგან თავის ქებასავით გამომდის, ამ ამბის გამო ლამის ხელის გულზე მატარებენ გვარი მთლიანად“.
საკრებულოს თავმჯდომარის მონათხრობს სახლის მეპატრონე მანანა დიასამიძეც ადასტურებს, თუმცა აქაც არის ერთი საინტერესო დეტალი. ამ ამბის მოყოლისას დავით მჭედლიშვილს დაავიწყდა ეთქვა, რომ იპოთეკარი ოჯახის წევრი რუსლან რომანაძე მისი მძღოლია.
ქობულეთი, სხვა ქონება რუსთაველზე
2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში დავით მჭედლიშვილს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის შესახებ უწერია, რომელიც ასევე ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე #309 – ის მიმდებარედ ჰქონდა და 2900 კვ.მეტრი იყო. შემდეგ წლებში შევსებულ სამ დეკლარაციაში არც ამ ნაკვეთზე, არც მისი გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე არაფერი წერია. რეესტრის მონაცემებით, ეს ქონება ახლა ბიზნესმენ ვალერიანე ჩხარტიშვილს ეკუთვნის. რეესტრის მონაცემებში მითითებულია ასევე, რომ ამ ნაკვეთის გადასაფორმებლად ბიზნესმენმა სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად ნასყიდობის ხელშეკრულება წარადგინა.
ამ შენობასთან ახლოს, რუსთაველის #162-ში, დავით მჭედლიშვილის უმცროსი შვილი ფლობს ასევე ბინას [110 კვ.მ], რომელიც მისთვის უჩუქებიათ. ამავე მისამართზე 20 კვ.მ. ფართობს ფლობს საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე ირმა გოგიტიძე.
ქობულეთი – მიწა
დავით მჭედლიშვილის შვილს, ივერი მჭედლიშვილს გასულ წელს თავადაც შეუძენია 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ ლეღვაში, რაშიც 3000 აშშ დოლარი გადაუხდია. ამ ციფრებს ლარებში თუ გადავიყვანთ, მას კვადრატულ მეტრში დაახლოებით 4 ლარი აქვს გადახდილი. ნაკვეთს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ტყე ესაზღვრება.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სოფელ ლეღვაში 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთს თავად დავით მჭედლიშვილიც ფლობს. ეს ქონება მას მემკვიდრეობით მიუღია. რეესტრის მონაცემებით, ამ შემთხვევაში თანამესაკუთრედ ფიქსირდება დავით მჭედლიშვილის მეორე ვაჟი, მიხეილ მჭედლიშვილი.
2019 წელს დავით მჭედლიშვილის უმცროს შვილს საჩუქრად მიუღია ასევე მიწის ნაკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში [23 000 კვ.მ]. ვინ აჩუქა მას ეს ნაკვეთი, დეკლარაციაში მითითებული არ არის და შესაბამისი ინფორმაცია ვერც რეესტრში ვიპოვეთ.
დავით მჭედლიშვილის უფროსი ვაჟი, მიხეილ მჭედლიშვილი ფლობს ასევე ბინას ბათუმში [50კვ.მ] აბუსერიძის ქუჩაზე, ხოლო მეუღლე ირმა გოგიტიძე 2002 წლიდან ფლობს ბინას თბილისში [50კვ.მ] ბუდაპეშტის ქუჩაზე, კიდევ ერთი ბინა აქვს დავით მჭედლიშვილს თბილისში, ვაშლიჯვარში [130 კვ.მ.].
ამავე დეკლარაციის მიხედვით, დავით მჭედლიშვილის ოჯახს სოლიდური სესხიც აუღია, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ქონება მათ იპოთეკური სესხით აქვთ დატვირთული. რაც შეეხება შემოსავლებს, 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, ირმა გოგიტიძის, როგორც ინდმეწარმის შემოსავალი გასულ წელს 75 000 ლარი იყო, საწარმოს კაპიტალის სახით კი 30 000 ლარი დააფიქსირეს, ეს ციფრები მჭედლიშვილის ყველა დეკლარაციაში იდენტურია.
ხელფასის სახით, დავით მჭედლიშვილს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მეუღლეს, როგორც პედაგოგს, გასულ წელს ჯამში 51 500 ლარი მიუღიათ. უმცროს შვილს, როგორც შპს „საქართველოს ინოვაციური ჰაბის“ [კომპანია ივერი მჭედლიშვილმა 2018 წელს თავად დააფუძნა] დირექტორს, 19 000 ლარი მიუღია.
ის ასევე ფლობს შპს „ბილბორდერის“ 45 პროცენტს, დეკლარაციის მიხედვით, ამ ორგანიზაციას გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.
მიხეილ მჭედლიშვილის შემოსავალი ასახული არ არის. ის შპს „ინგლისური აჭარაში“ და შპს „თმმ საქართველოს“ დამფუძნებელი, ამ ორგანიზაციას გასულ წელს შემოსავლის სახით 10 000 ლარი მიუღია.
ქობულეთის საკრებულოში არჩევამდე დავით მჭედლიშვილი საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ახალიტალღა”-ს დირექტორი იყო.
კომენტარები