ქობულეთში, არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის მამაკაცი შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი პირველად გასული წლის ზაფხულში გააუპატიურეს, მას შემდეგ კი მოძალადე გოგონას პერიოდულად ემუქრებოდა და სექსუალურად ძალადობდა მასზე.
მომხდარის შესახებ არასრულწლოვანის ოჯახის წევრებმა ორი თვის წინ გაიგეს. გოგონას მამა გარდაცვლილია, დედა კი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. ხეზე ჩამომხრჩვალი გოგონა ბაბუამ ნახა. მისი თქმით, მოძალადე ჩაქველია.
სოფელ ქაქუთში მომხდარი შემზარავი დანაშაულის საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ჩაერთო. ორგანიზაციში ტრაგედიის დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობენ, თუმცა მსგავსი ფაქტების გამოძიების ზოგად მანკიერ ტენდენციაზე ამახვილებენ ყურადღებას და მომხდარში სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, სკოლისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობას ხედავენ.
რა შეეძლო გაეკეთებინა სკოლას მეცხრე კლასის მოსწავლის დასაცავად და ხედავენ თუ არა მომხდარში თავის წილ პასუხისმგებლობას სკოლა, მასწავლებლები, დირექტორი? – AMBEBI.GE ქაქუთის საჯარო სკოლის დირექტორს მანანა ჩხაიძეს ესაუბრა.
– გარდა იმისა, რომ ამ სკოლის დირექტორი ვარ, გარდაცვლილის მასწავლებელიც ვიყავი, სამოქალაქო განათლებას ვასწავლიდი. საოცრი გოგონა იყო. მოწესრიგებული, ერთი გაცდენა არ ჰქონდა. ყველაზე ადრე მე მივდივარ ხოლმე სკოლაში, მაგრამ ის მასწრებდა. სოფლის ავტობუსს მოჰყვებოდა და დილით ადრე სკოლაში მხვდებოდა. არ მახსენდება რომელიმე მასწავლებელს ოდესმე მიეცა მისთვის შენიშვნა.
ძალიან მხიარული, თბილი ბავშვი იყო. მუდამ მომღიმარი სახე ჰქონდა. კომუნიკაბელურიც იყო. ბევრი მეგობარი ჰყავდა. ბავშვები უყვარდა და უმცროსკლასელებს სულ ეფერებოდა და ზრუნავდა მათზე. ერთხელ სხვა სკოლიდან ბავშვი გადმოვიდა, ადაპტაციის პერიოდი ჰქონდა და თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო, პირველი ის დაუმეგობრდა. მისგან ყველა ისეთ სიყვარულს გრძნობა, რომ ყველას უყვარდა.
მას შემდეგ რაც მისი გარდაცვალების ამბავი გაიგეს, ბავშვები, მისი კლასელები ძალიან მძიმედ არიან ემოციურად. ორი დღეა გაკვეთილის ჩატარება ვერ შევძელით.
როცა ეს ამბავი დაიწყო, გასული წლის ზაფხულში, მაშინ ჩვენ დისტანციურ სწავლებაზე ვიყავით. მარტიდან ძირითადად ონლაინ რეჟიმზე ვართ გადასული. სწორედ ამიტომ ვერ გავიგეთ ვერაფერი. საკლასო ოთახში რომ გვქონოდა სწავლა, ზუსტად ვიცი, მე მომიყვებოდა ამ ამბავს და ყველანაირად დავუდგებოდი გვერდით, რადგან ჩვენ ვმეგობრობდით, კარგი ურთიერთობა გვქონდა. ამ ონლაინ სწავლების გამო გამოგვეპარა…
საკმაოდ შეძლებული ოჯახია. თხილის, მანდარინების ბაღები აქვთ და შემოსავალი ყოველთვის ჰქონდათ. მამა გარდაცვლილი ჰყავს. დედა საზღვარგარეთაა, როგორც ვიცი ოჯახში ბაბუასთან და 19 წლის ძმასთან ცხოვრობდა. ბაბუა ტაქსის მძღოლია, ამიტომ ძირითადად გასული იყო. თუმცა, ონლაინ კრებებს რომ ვატარებდით, ბაბუა ყოველთვის ესწრებოდა.
– ონლაინ სწავლება რომ არ ყოფილიყო, ალბათ გავიგებდით და თუ ასე მოხდებოდა, აუცილებლად დავუდგებოდით გვერდით ბავშვს. არ გვქონდა ინფორმაცია და რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა? რომ გავიგეთ ამ ტრაგედიის შესახებ, მაშინვე მივედით ოჯახში და იქ მითხრა ბაბუამისმა, რომ სექსუალური ძალადობა იყო მომხდარი. ეს ორი დღეა ჩემს თავს სულ ერთ კითხვას ვუსვამ – რისი გაკეთება შემეძლო და რა ვერ გავთვალე? მაგრამ ამ დისტანციის, ამ ჩაკეტილობის გათვალისწინებით, ალბათ არაფერი შემეძლო. როცა იცი შველი, როცა არ იცი – რას იზამ?!
ძალადობის მსხვერპლმა 14 წლის არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 9 თებერვალს დაასრულა.
ამბები.ჯი
კომენტარები